სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

მაშინ, როდესაც საქართველოს ნებისმიერი რანგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარმატებას აღწევს, სპორტის მოყვარულებს საზეიმო განწყობა გვეუფლება და თითოეული ქართველი გულშემატკივარი ხვალინდელ დღეს გაცილებით დიდი ოპტიმიზმით შესცქერის გასულ კვირას სამშობლო 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ასახელა, რომელმაც ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 0:2 მარცხისა და აზერბაიჯანელებთან ფრედ 1:1 ნათამაშევი მატჩების შემდეგ, ძალა მოიკრიბა და გადამწყვეტ შეხვედრაში ისლანდიის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის გმირად ბაჩანა არაბული იქცა, რომელმაც შეხვედრის მე-40 და 78-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ამ გამარჯვებამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2013 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ელიტრაუნდში გაიყვანა, რომლის ფინალურ ეტაპსაც მომავალი წლის 20 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ლიტვა უმასპინძლებს.

საკალათბურთო ევროლიგის B ჯგუფში გიორგი შერმადინის "მაკაბი" ჯერჯერობით ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. მე-4 ტურში ისრაელის კლუბმა პოლონეთის "პროკომს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 93:62 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 13 წუთს დაყო და ამ პერიოდში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

კიევის "ბუდიველნიკის" შემადგენლობაში უშუალო კონკურენტ მარიუპოლის "აზოვმაშთან" მატჩში შეუდარებელი იყო გიორგი ცინცაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის შესანიშნავი თამაშის წყალობით კიეველებმა მეტოქე ანგარიშით 90:70 დაამარცხეს. ცინცაძემ თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტხანს -– 36:22 წუთს დაყო მოედანზე, და კინაღამ სამმაგი დუბლი მიითვალა. საბოლოოდ ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა და 8 გადაცემა დაფიქსირდა. ამ მოგების შემდეგ კიევის "ბუდიველნიკი" ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

გასულ კვირას ევროპულმა საკლუბო ფეხბურთმა ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი დაპირისპირებით მიიპყრო. პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ სკანდალურ მატჩს, რომელშიც ანგარიშით 3:2 გამარჯვება სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა იზეიმა, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებული კიდევ ერთი - უკვე სათასო შეხვედრა მოჰყვა. "მანჩესტერ იუნაიტედი" აქაც ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ მატჩის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ლონდონურმა კლუბმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, დამატებით დროში კი საბოლოოდ, 5:4 იმარჯვა.

საოცარი გამოდგა ლიგის თასის შეხვედრა "რედინგსა" და ლონდონის "არსენალს" შორის. მასპინძლები 38-ე წუთისათვის შეხვედრას ანგარიშით 4:0 იგებდნენ. ტონი უოლკოტმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში ერთი ბურთით შეამცირა. შეხვედრის მეორე ნახევარში არსენ ვენგერის შეგირდებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს, სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და თამაშიც დამატებით დროში გადავიდა. აქ კი უკვე გამოცდილებამ იძალა და საბოლოოდ, ანგარიშით 7:5, გამარჯვება ლონდონის "არსენალმა" იზეიმა.

საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების“"არსენალში" კი ოთხი მოჭადრაკეა. ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი სწორედ ის ოთხეულია, რომელიც რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში ამა წლის 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის ღირსებას დაიცავს ქალთა მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატზე.

არჩილ ბენაშვილი