"ქართველი მრბოლელები მართვის აგრესიული სტილით გამოირჩევიან" - კვირის პალიტრა

"ქართველი მრბოლელები მართვის აგრესიული სტილით გამოირჩევიან"

დათა ქაჯაია ევროპის თასის მფლობელია

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა 4 ნოემბერს წლის ყველაზე მასშტაბურ ტურნირს - ღუსტავი International Challenge-ს უმასპინძლა. წრიულ რბოლაში შეჯიბრება სამ კლასში ჩატარდა: "ფორმულა ალფაში", "ლეჯენდსსა" და GT Unlimited-ში, ქართველი სპორტსმენების გარდა კი, მასში 13 უცხოელი პროფესიონალი ავტომრბოლელიც მონაწილეობდა. ღუსტავი International Challenge-ს მონაწილეთა შორის იყო "ლეჯენდსის" კლასში ევროპის თასის მფლობელი დათა ქაჯაიაც, რომელმაც სამი კვირის წინ ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველმა მოახერხა ამ პრესტიჟული თასის მოპოვება. ქაჯაიამ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდ "მია ფორსის" წევრია, ჩემპიონობა ევროპის თასის ბოლო, მეშვიდე ეტაპზე გაინაღდა. მასთან ერთად ფრანგულ ლედენონში ჩატარებულ ასპარეზობაში "მია ფორსის" კიდევ ერთი პილოტი - კოტე კოლიაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ჯამში მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. რა თავისებურებით გამოირჩევა "ლეჯენდსის" კლასის ავტომანქანა, რატომ "გაექცა" ტურნირიდან უმთავრესი კონკურენტი და რას აპირებს სამომავლოდ, ამაზე თავად ევროპის თასის მფლობელი დათა ქაჯაია გვესაუბრა.

- "ლეჯენდსის" კლასში ევროპის ჩემპიონატში კონტინენტის უძლიერესი მრბოლელები იკრიბებიან. თანაც, არა მხოლოდ "ლეჯენდსის", "ლე მანის", GT-ისა და სხვა კლასების პილოტებიც ხშირად მონაწილეობენ. ჩემპიონატი სხვადასხვა ქვეყანაში 7 ეტაპად იმართება, თითოეული ეტაპი კი, თავის მხრივ, სამი შეჯიბრებისგან შედგება - ორი 20-20-წუთიანი და ერთი 40-წუთიანი რბოლისგან. ტურნირის პირველი დღე საკვალიფიკაციო გარბენებს ეთმობა, შაბათ-კვირას კი ძირითადი რბოლები იმართება.

- შვიდი ეტაპიდან თქვენ რამდენში მოახერხეთ გამარჯვება?

- ორჯერ დიჟონსა და ნოგაროში აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი, ანუ ეტაპის სამივე შეჯიბრება მოვიგე, ჰოლანდიურ ცანდფოორტში კი პირველ გარბენში გავიმარჯვე, მერე კი საკმაოდ უცნაური ჯარიმა დამაკისრეს და... მოკლედ, ჯამში შვიდი შეჯიბრება მოვიგე.

- ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი რომელი იყო თქვენთვის?

- ბელგიაში ჩატარებული შეჯიბრება, რომელიც იმავე ტრეკზე ჩატარდა, სადაც  "ფორმულა-1"-ის ეტაპი იმართება ხოლმე. 7-კილომეტრიანი, ძალიან რთული და პოპულარული ტრასაა. საკმაოდ რთული მარშრუტია ლედენონშიც, სადაც ჩემპიონატის ბოლო, მეშვიდე ეტაპი გაიმართა: ტრასა მთიან რელიეფს მიუყვება და ისეთი აღმართებია, თუ წინასწარ კარგად არ შეისწავლე, მოსახვევს ვერც დაინახავ! ბოლო ეტაპზე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჩემპიონი გავხდი. ლედენონის პირველი შეჯიბრება მე-5 პოზიციაზე დავასრულე, მეორე 20-წუთიანი მონაკვეთის დროს კი, ფინიშის ხაზი პირველმა გადავკვეთე და ჩემპიონობა ვადაზე ადრე გავინაღდე, ბოლო, მესამე ეტაპში მონაწილეობა საერთოდ რომ არ მიმეღო, მაინც ვეღარავინ დამეწეოდა.

- და გახდით პირველი ქართველი, ვინც სპორტის ამ სახეობაში ევროპის თასის მოპოვება მოახერხა...

- ძალიან გახარებულები და ამაყები ვიყავით მეც, "მია ფორსის" გუნდის უფროსი მამუკა ჟორჟოლაძეც და ჩემი თანაგუნდელი კოტე კოლიაშვილიც. გასაკვირი არ არის, რომ უცხოელების უმეტესობას ჩვენი გამარჯვება გულზე არ ეხატებოდა და სატურნირო ამბებზე ნერვიულობის გარდა, გარშემომყოფთა ცივ დამოკიდებულებასაც ვგრძნობდით. თუმცა, ასეთი ვითარება, გარკვეულწილად, მოტივაციასაც მატებს სპორტსმენს.

- ბოლო რბოლისას თქვენს მანქანას საბურავი ძალიან გაუცვდა, მაგრამ მაინც არ გამოცვალეთ. ეს სარისკო არ იყო?

- ფრანგებმა იჩივლეს და არ შემაცვლევინეს. როგორც აღმოჩნდა, ტურნირის რეგლამენტში წერია, რომ ნახმარი საბურავის დაყენება არ შეიძლება, ახლის დაყენების შემთხვევაში კი 2 წამით მეტი დრო გეწერება, რადგან ნახმარს უკეთესი მოჭიდება აქვს. ჩემი საბურავი უკვე იმდენად იყო გაცვეთილი, რომ რეზინიდან მავთულები მოჩანდა. ახლის დაყენება შემეძლო, მაგრამ ვარჩიე, აღარ შემეცვალა და ასპარეზობა ძველი საბურავით გავაგრძელე. საბედნიეროდ, რისკმა გაამართლა და ბორბალმა ბოლომდე "გაძლო". ისიც აღსანიშნავია, რომ ის კაცი, ვისგანაც საფრანგეთში ავტომანქანები ვიქირავეთ, ძალიან გამოცდილი მრბოლელია, "ლეჯენდსის" ავტომანქანებს ჩინებულად იცნობს და საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ მანქანებს გვაბარებდა. სამწუხაროდ, აქ ჯერ არა გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და მაღალ დონეზე ვერ ვახერხებთ ავტომანქანების შეკეთებას.

- რამდენიმე თვის წინ თქვით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველობისთავის კარგად მოსამზადებლად მივდივარო. თუმცა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ევროპაში გაჩემპიონდით, ეროვნულ ჩემპიონატში კი მხოლოდ მეორე ადგილზე გახვედით. ეს რას ნიშნავს?

- საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე მრბოლელები მართვის აგრესიული სტილით გამოირჩევიან და შეიძლება ითქვას, ევროპელებთან შედარებით უფრო "ბინძურად" მოქმედებენ. ჩვენთან ისეთი ახლო ბრძოლაა ხოლმე, ათი ავტომანქანიდან, ფინიშამდე 5-6 თუ აღწევს. ევროპაში კი მსგავსი შეჯიბრებები რვა წელიწადია იმართება და ეს ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. ევროპელი სტაბილურობაზე, საბოლოო შედეგზე ფიქრობს, ქართველისთვის კი მთავარია, კონკრეტული შეჯიბრება მოიგოს! ძირითადი სხვაობა სწორედ ეს არის, თორემ, რა თქმა უნდა, უცხოეთშიც ძალიან სწრაფი და ძლიერი კონკურენტები გვყავს. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის ორი შეჯიბრება გამოვტოვე, რადგან მაინცდამაინც ევროპის თასის ეტაპებს დაემთხვა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედი.

- ფრანგ რუდი სერვოლიზეც უნდა გკითხოთ, რომელიც ევროპის თასზე მესამე ეტაპის შემდეგ აღარ გამოჩენილა...

- სერვოლი ძალიან ძლიერი და გამოცდილი მრბოლელია. "ლეჯენდსის" გარდა, კიდევ ორ კლასში მონაწილეობდა და ბოლო წლებში არც ერთხელ არ დამარცხებულა! დიჟონში სამივე შეჯიბრება რომ მოვიგე, მეორეზე სწორედ რუდი გავიდა. პოდიუმზე დგომისას ძალიან დაბოღმილი კი იყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, მომდევნო ეტაპებზე თუ აღარ გამოჩნდებოდა?! შემდეგი ეტაპის დროს რომ მოვიკითხე, სასხვათაშორისოდ მითხრეს, რაღაც პრობლემები შეექმნაო. მერე თავად ფრანგებისგან გავიგე, ამაყია და რადგან დამარცხდა, გადაწყვიტა, ამ სეზონში აღარ იასპარეზოსო(?!). ჩემთვის ასეთი მიდგომა გაუგებარია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სერვოლის სახით ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მომაკლდა (იცინის).

- რა არის "ლეჯენდსის" კლასის მთავარი თავისებურება?

- "ლეჯენდსის" ავტომანქანა ძალიან "ცეტია", უკანა ღერძის მთლიანი ბლოკირება აქვს და მოსახვევებში ხშირად ცურავს. სულ დაძაბული უნდა იყო და მანქანა მუდმივად გააკონტროლო, უკანა წამყვანთვლიანი ავტომობილის მართვა სრულყოფილად უნდა შეგეძლოს. ევროპელები ამბობენ: თუ "ლეჯენდსის" ავტომობილს მართავ, ნებისმიერი კლასის მანქანასაც "მოათვინიერებო".

- თავიდანვე "ლეჯენდსის" კლასი რატომ აირჩიეთ?

- ავტორბოლა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. რომ წამოვიზარდე, 4-5 მეგობარი შევიკრიბებოდით და რუსთავის ავტოდრომზე მივდიოდით, რომელიც მაშინ უპატრონოდ მიტოვებული და დანგრეული იყო. მას შემდეგ რვა წელიწადი გავიდა, პროფესიულ ავტოსპორტში კი სამწლიანი სტაჟი მაქვს. რაც შეეხება კლასს, "ლეჯენდსი" იმიტომ ავირჩიე, რომ შოთა აფხაზავა, ვინც რუსთავის ავტოდრომის რეკონსტრუქცია გააკეთა, ამ კლასის პილოტია, რუსთავში "ლეჯენდსის" ავტომანქანები ჩამოიტანა და... ასე რომ, ამ კლასის ავტომანქანის პილოტი შემთხვევით გავხდი.

- ეროვნული პირველობის შედეგებიც აჩვენებს, რომ საქართველოში მაღალი დონის ბევრი მრბოლელია. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო  უცხოურ ტურნირებში მონაწილეობას ერთეულები თუ ახერხებენ...

- სამწუხაროდ, ასეა. ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი "მია ფორსის" ხელმძღვანელობას მიუძღვის. როცა ევროპის თასზე მონაწილეობა შემომთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ამ ტიპის ავტომობილის მართვის საკმარისი გამოცდილება, გუნდის ხელმძღვანელობა მენდო და მიხარია, რომ გავამართლე.

- როგორ ფიქრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებების შემდეგ "მია ფორსის" არსებობას პრობლემები ხომ არ შეექმნება?

- ამ ეტაპზე ამის თაობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ იმედია, სპორტული გუნდის დაფინანსებაზე ხელმძღვანელობის შეცვლა არ აისახება.

- დათა ქაჯაიას სისწრაფე ავტოდრომს გარეთაც უყვარს?

- კარგად ვაცნობიერებ, რა შეიძლება მოჰყვეს ქალაქის ქუჩებში სწრაფად ქროლას. თანაც, სიმართლე გითხრათ, ვარჯიშებისა და ტურნირების დროს იმდენად ვიღლები სწრაფად სიარულით, რომ ყველას უკვირს, ავტომანქანით ქუჩაში როგორ ნელა დადიხარო....

- საზღვარგარეთ ჩატარებული ტურნირების შემდეგ, არ გიჭირთ, როცა საქართველოში ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ასპარეზობთ? თუ შეჯიბრების დროს მრბოლელი გზის გარდა ვერაფერს ამჩნევს?

- რბოლის დროს მთლიანად შეჯიბრებაზე ხარ კონცენტრირებული და ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ასპარეზობის დასრულების შემდეგ მაყურებლების სიმრავლეს ხედავ. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაიზარდა ავტოსპორტით დაინტერესება.

- ახალ სეზონზე რას აპირებთ?

- თუ არაფერი შეიცვალა, "ლეჯენდსის" კლასში გავაგრძელებ ასპარეზობას, მაგრამ თუ ხელმძღვანელობის სურვილი და შესაძლებლობა იქნება, მინდა, ძალა უფრო პოპულარულ და მაღალ დონეზე - ძარიანი ავტომანქანების კლასში მოვსინჯო.