სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

სპორტის მოყვარულები დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ჩვენი სპორტსმენების საზღვარგარეთულ საქმიანობას და, ბუნებრივია, გვახარებს მათი წარმატება. გასულ კვირასაც აღვნიშნავდით, რომ დღეს ამ მხრივ გამორჩეული ფიგურა გიორგი შერმადინია. მისმა საკალათბურთო კლუბმა, თელ-ავივის "მაკაბიმ", ევროლიგაში ამჯერადაც იმარჯვა და უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩში, მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 78:76, ბერლინის "ალბა" დაამარცხა. გიორგიმ პარკეტზე 12:56 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმაც", რომელმაც შინ A ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, თურქეთის "ფენერბახჩე" ანგარიშით 82:58 დაამარცხა. მარკოიშვილი მოედანზე 20:14 წუთს იმყოფებოდა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ამ გამარჯვებით, "კანტუმ" საუკეთესო ოთხეულში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ხუთშაბათ საღამოს ფეხბურთის ქართველმა ქომაგმა გაიხარა, როდესაც ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში ჯაბა კანკავას "დნიპრო" გასვლაზე "ნაპოლისთან" დაწინაურდა. სამწუხაროდ, "დნიპრომ" უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა, ანგარიშით 2:4 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი სამომავლოდ გადადო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა მთელი 90 წუთი სრულად დაჰყო მინდორზე და დიდად შეუწყო ხელი უკრაინელთა შეწყობილ თამაშს მინდვრის შუაგულში.

აი, ჩემპიონთა ლიგის ტურნირი კი სავსებით შესაძლებელია, ერთადერთი ქართველის გარეშე დარჩეს. ლისაბონის "ბენფიკამ" ჯანო ანანიძის "სპარტაკს" შანსი არ დაუტოვა, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შინ დამარცხებული გაუშვა. სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" "ანდერლეხტთან" 0:1 მარცხის შემდეგ კი სავსებით შესაძლებელია, ტურნირი რუსეთის წარმომადგენლის გარეშე დარჩეს.

ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ შეიძლება დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებმა კიდევ დიდხანს იფიქრონ ლონდონის "ჩელსისთან" მატჩის ბოლო წუთზე გაშვებულ გოლზე, რომელმაც რობერტო დი მატეოს გუნდს უკრაინელებთან მინიმალური ანგარიშით 3:2 გამარჯვება მოუტანა. E

"ბარსელონამ" "სელტიკთან" 1:2 მარცხით ძალზე ცუდი სამსახური გაუწია "ბენფიკასა" და "სპარტაკს", ხოლო ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა "მალაგამ" "მილანთან" მიღწეული საყაიმო შედეგის შემდეგ გაინაღდა მერვედფინალში ასპარეზობა.

B ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს "შალკესა" და "არსენალთან" ერთად, "ოლიმპიაკოსიც" ინარჩუნებს, A ჯგუფსა და F ჯგუფში, შესაბამისად "პორტოს", "პსჟ"-ს მიუნხენის "ბაიერნსა" და როგორც ჩანს, "ვალენსიას" წინ ვეღარავინ აღუდგება. H ჯგუფში კი 4 ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" 100%-იანი შედეგი აქვს ნაჩვენები და სერ ალექს ფერგიუსონიც იმედოვნებს, რომ "რეალთან", "ბარსელონასა" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად მომავალში მისი გუნდიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად იქცევა. "ბორუსიამ" შესანიშნავად იასპარეზა და მადრიდის "რეალთან" გასვლაზე ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. აი, ამსტერდამის "აიაქსს" კი სასწაული თუ გაიყვანს ჯგუფიდან. ჰოლანდიური გრანდი მერვედფინალში გასვლის შანსს "სიტისთან" მოგების შემთხვევაში თუ შეინარჩუნებდა, მაგრამ "აიაქსმა" ჯგუფის აუტსაიდერთან შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა და ისევე როგორც "რეალისა" და "ბორუსიის" შეხვედრაში აქაც საყაიმო შედეგი 2:2 დაფიქსირდა.

არჩილ ბენაშვილი