"სინდისში ჩავიხედე და ვრჩები" - კვირის პალიტრა

"სინდისში ჩავიხედე და ვრჩები"

"ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება მიაღწიო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაა"

"ჩავიხედე ჩემს სინდისში და თანამდებობაზე ვრჩები", - ასეთია ზვიად სიჭინავას პასუხი სპორტის ახალი მინისტრის შეთავაზებაზე. ლევან ყიფიანმა სფფ-ის თავკაცს ურჩია, "სინდისში ჩაეხედა" და გადაწყვეტილება ისე მიეღო, თუმცა... რატომ არ აპირებს გადადგომას, იყო თუ არა ყოფილი ხელისუფლების ფავორიტი, რომელი თანამდებობა მიაჩნია საქართველოში პრესტიჟულად და თუ "იცნობს" ლევან ყიფიანს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრისთვის" ჰყვება.

- გასულ კვირას სპორტის ახალ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდით. გარდა იმისა, რომ გირჩიათ, სინდისში ჩაგეხედათ და გადაწყვეტილება ისე მიგეღოთ, კიდევ რაზე ილაპარაკეთ?

-  ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ბატონ მინისტრს მოვახსენეთ, რა გაკეთდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რა პროგრამები ამუშავდა, დაიგეგმა და რას ველით სახელმწიფოსგან. სფფ უეფა-ს წარმომადგენელია საქართველოში, ჩვენ გვევალება უეფასთან ურთიერთობა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ფეხბურთის კანონი და ა.შ. ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში გამოიყოფა ფინანსური ჯგუფი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ რა დაფინანსება გვექნება 2013 წელს, რა პრიორიტეტებზე გაკეთდება აქცენტი და სხვ.

- და რაც შეეხება სინდისს?

- პირველ დღეს, როცა ახალი მინისტრი ყველა ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ლევან ყიფიანმა გვითხრა, თქვენს სინდისში ჩაიხედეთ და სინდისთან იყავით მართალიო. გარდა იმისა, რომ საკუთარ სინდისში "ჩავიხედე", კონსულტაცია ვეტერან ფეხბურთელებსა და ჩემს თანამშრომლებთანაც გავიარე და გადავწყვიტე, დავრჩე.  აღმასკომის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა.

- თქვით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდით, მაგრამ ვადის ამოწურვამდე 50 წუთით ადრე განაცხადი მაინც შეიტანეთ. რატომ?

- ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ზვიად სიჭინავა არ არის, არც თემურ ქეცბაია, ალექსანდრე ჩივაძე ან რევაზ არველაძე. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენს ფედერაციას უეფას წინაშე აქვს აღებული. ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება: პლატინის ვიზიტი თბილისში, 2015 წლის სუპერთასის ფინალის მასპინძლობის უფლება, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე თამაშის მასპინძლობის შანსი და ა.შ., შემთხვევითი არ არის და იმის დამსახურებაა, რომ უეფასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლაც, ინტერვიუს დასრულებისთანავე, ასთანაში მივემგზავრები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციების წარმომადგენლები ვიკრიბებით. ეს უეფას სურვილია, იქ გვენდობიან და ამის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

- ამბობთ, რომ კანონიერად ხართ არჩეული, მაგრამ თქვენი ოპონენტების თქმით, მთავრობის ფავორიტ სიჭინავასთან კონკურენციას აზრი არ ჰქონდა და განაცხადები ამიტომ არ შეიტანეს.

- სიჭინავა მთავრობის კაცია? წინა მთავრობას არასდროს მოსწონდა და იმედია, ამ მთავრობასაც არ მოეწონება ის, რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. მე არ ვამბობდი, რომ ეროვნული სტადიონის მინდორი "ყანას" ჰგავს? პირველმა მე ვთქვი, რომ საქართველოს პირველობა "გუბერნატორების ჩემპიონატად" არ უნდა გადაიქცეს... ფავორიტი ამას არ იტყვის. მით უმეტეს, რომ მაგ "ფავორიტს" ბევრჯერ მოხვდა თავში ამის გამო, მაგრამ მაინც ჩემსას ვაგრძელებდი. ბევრი ფიქრობს, მაშინ რომ ეთქვათ სიჭინავასთვის, გადადგებოდაო. ჰოდა, იცოდეთ, რომ დამიბარეს და მითხრეს, გადადექიო...

- ეგ როდის იყო?

- ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ, როცა ამტკიცებთ, სიჭინავა ვიღაცის ფავორიტიაო, ერთი მტკიცებულება მაინც დადეთ, სადაც ჩემს "უფროსებთან" ერთად ვარ სუფრასთან, მიტინგზე ან სადმე სხვაგან. სამი წლის განმავლობაში ნუთუ ერთხელ მაინც არ დამიძახეს თუნდაც ყავის დასალევად? როგორც ვიცი, "ფავორიტი" დაახლოებულს ნიშნავს, 14 ობიექტია გაკეთებული და გახსოვთ, რომელიმე სტადიონის გახსნაზე ზვიად სიჭინავასთვის დაეძახოთ? ჩემს მეტმა ყველამ გახსნა (იცინის).

ყველას აქვს უფლება ის იფიქროს, რაც სურს, არც მტკიცებას დავიწყებ, რომ ხელისუფლების ფავორიტი არ ვიყავი. უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, როგორი დაპირისპირება იყო სპორტის ყოფილ მინისტრსა და ჩემ შორის. გვეუბნებიან, რომ ქართულ ფეხბურთში რეგრესია, მაგრამ რას ეძახით რეგრესს? ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ყოველ წელს რომ გადიან ელიტრაუნდში? თუ 2010 წელს ნაკრების წაუგებელი სერია, სანაკრებო ბაზა, რომელსაც, როგორც იქნა, ეღირსა მოედანი, ახალი სტადიონებია რეგრესი?

- მართლაც მოგთხოვეს სფფ-ის იმ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, ვინც გიორგი დემეტრაძის მხარდამჭერ წერილზე მოაწერა ხელი?

- ის წერილი ბატონმა კახა კალაძემ შემოიტანა და პირველი ვიყავი, ვინც ხელი მოაწერა. წერილი ქართულ ფეხბურთში დემეტრაძის დამსახურებას ეხებოდა და დღესაც რომ შემოიტანონ, უპრობლემოდ მოვაწერ ხელს. ჩინელი ფილოსოფოსები ძალიან მიყვარს და ერთ იგავს გეტყვით: შაოლინის მონასტერში მიმავალი ორი ბერი მიადგა მდინარეს, რომელთანაც ქალი იდგა და მეორე ნაპირზე გადასვლას ვერ ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ შაოლინის მონასტრის მსახურებს ქალთან მიკარების უფლება არა აქვთ, ერთ-ერთმა ქალი ხელში აიყვანა და მეორე ნაპირზე გადასვა. კიდევ ორი დღე იარეს და როცა მონასტრამდე მიაღწიეს, ერთმა ბერმა მეორე წინამძღვართან დაასმინა, ქალს ხელი მოჰკიდაო.

მან გადაიყვანა და იქ დატოვა, შენ კი ორი დღე მოათრევდი და აქამდე მოიტანეო, უპასუხა წინამძღვარმა. რაც გავაკეთე, მე იქ დავტოვე, ვიღაცები კი დღემდე ქულებს იწერენ მაგ საქმით. არავის არსად დავუბარებივარ, პირიქით, გმირობასაც მაძლევდნენ, იმ წერილს ხელი რომ მოვაწერე (იცინის).

სხვათა შორის, პირველი თქვენ მეკითხებით იმ წერილზე, აქამდე მეგონა, არავინ იცოდა. დიახ, მოვაწერე, მაგრამ ეს გუშინდელი დღეა, უკვე წინ წავედით და რატომ უნდა გავიხსენოთ? პირადად ჩემთვის დრო ყოველთვის ერთნაირია - მთავრობები იცვლებიან, ქართული ფეხბურთი კი რჩება. ხუთი წლის შემდეგ, შესაძლოა, ზვიად სიჭინავა აღარავის ახსოვდეს, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ისეთი ლეგენდარული პიროვნებები ჰყავდა, პოლიტიკაზე წინაც ყოველთვის ვიქნებით და, სხვები ნუ მიწყენენ, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებზე წინაც! საქართველოში ფეხბურთი უპირველესი სპორტის სახეობაა. ამიტომაც, მოდი, კარგზე ვილაპარაკოთ, იმაზე, რა არის გასაკეთებელი. რეგრესი? რეგრესი რომ იყოს, მსოფლიო ვერ გაგვიცნობდა, არ იქნებოდა ის სტატიები, რომლებიც ესპანეთთან თამაშის შემდეგ დაიწერა. როცა ქართული დელეგაცია იყო ჩასული ნაკრებების ტექნიკური დირექტორებისა და მწვრთნელების შეხვედრაზე, ვისენტე დელ ბოსკე წამოდგა, მთელი დარბაზი გაიარა, სათითაოდ გადაეხვია ჩვენი დელეგაციის წევრებს

და ყველას უთხრა, ქართველები მაგრები არიანო!

რაც გვაქვს და ჩვენეულია, ის უნდა გამოვიყენოთ, ისეთი ხალხი, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს: ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, რობერტ სტურუა, იპოლიტე ხვიჩია და სხვები!

- არჩევნებში მონაწილეობა არ მსურდაო. მაგრამ ახლა, როცა ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი ხართ, როგორც ჩანს, დარჩენა უკვე პრინციპის ამბავია თქვენთვის.

- პრინციპზე კი არა, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზეა ლაპარაკი. მინდა, მას, ვინც ჩემს მერე მოვა, უეფაში ალმაცერად არ შეხედონ და არ თქვან, საქართველოს ერთხელ ჩავაბარეთ რაღაც და ვერ გაამართლესო. როცა წავალ, ერთი წლის შემდეგ იქნება თუ სამი წლის, მსურს, ჩემს შემცვლელს გამართული სამუშაო ატმოსფერო დავახვედრო. ისეთი კი არა, მე რომ დამხვდა, როცა არაფერი იყო და ბეჭედიც კი ვერ გადმომაბარეს! არა მხოლოდ აქ, არამედ ფიფაშიც და უეფაშიც ჩავიყვან და ყველას გავაცნობ.

დღევანდელი სიტუაცია ისე უნდა გადაწყდეს, ფიფა-უეფაში არ გაიგონ, ცივილიზებულად უნდა  მოვაგვაროთ,

ნორმალურად გავაგრძელოთ ურთიერთობა, რათა პროგრამები გაგრძელდეს და დაგვემატოს. ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2015 წლის სუპერთასის ფინალური მატჩი მონაკოს ნაცვლად თბილისში ჩატარდებოდა?  გაგიმხელთ, რომ არის შანსი, ფუტსალის 2013 წლის ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვოთ!

- თავის დროზე, თქვით, ლევან ყიფიანს არ ვიცნობო. ახლა უკვე "იცნობთ"?

- ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც ჟურნალისტმა სათავისოდ გამოიყენა. არც მიკვირს, რადგან თქვენი პროფესიის წარმომადგენელთა საქმე სწორედ ის არის, რესპონდენტი "გამოიჭირონ". ლანჩხუთში სტადიონის დასათვალიერებლად ვიყავით ჩასული. ჩემთან მოვიდა კაცი და ისე, რომ არც უთქვამს, ჟურნალისტი რომ იყო, მითხრა: "იცით, ლევან ყიფიანმა თქვა"... ვინ თქვა-მეთქი? როცა იცი, რომ კორესპონდენტთან გაქვს საქმე, გაცილებით მობილიზებული ხარ, მოულოდნელი კითხვისას კი, შეიძლება, უცებ საკუთარი ძმის სახელიც ვერ გაიხსენო კაცმა. ვინ როგორ გამოიყენებს ნათქვამს, მის სინდისზე იყოს. ამიტომაც იმ ჟურნალისტისთვის, ვინც ჩემი სიტყვები სკანდალის გამოსაცხობად გამოიყენა და მერე მთელმა პრესამ აიტაცა, საყვედურიც არ მითქვამს. ეს მისი პროფესიაა.

- რა მოგცათ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე გატარებულმა ორმა წელიწადმა?

- დამიჯერეთ, ეს ჯადოსნური ადგილია და ბედის მადლობელი ვარ ამ პოსტისთვის. ეს არის თანამდებობა, რომლის მფლობელისაც ყველას შურს, რომელზეც ყველა ოცნებობს, რომელიც ილუზიებს აჩენს. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც საქართველოში შეიძლება მიაღწიო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაა, რადგან ქართველებისთვის ფეხბურთი სხვა რაღაც არის. ეს ადგილი გუბერნატორსაც უნდოდა, მინისტრის მოადგილესაც, მინისტრსაც, პრემიერ-მინისტრსაც და ბევრ სხვას, რადგან ამაზე უკეთესი ადგილი საქართველოში არ არსებობს და არც იარსებებს. ყოველთვის ვიტყვი, რომ საქართველოში ორი პრესტიჟული ადგილია: ქვეყნის პრეზიდენტობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა!