სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის ცენტრალური სპორტული მოვლენა ქართველი გულშემატკივრისათვის, რაღა თქმა უნდა, რაგბის უკავშირდებოდა, თუმცა, ფეხბურთისა და კალათბურთის გარეშე არ დავრჩენილვართ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნული გუნდების უკანასკნელ სანაკრებო მატჩს უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. თანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ღირსშესანიშნავი ვერაფერი გააკეთა მინდორზე და რომ არა მეორე ტაიმში გიორგი ლორიას დამაჯერებელი თამაში, სტუმრებს შეიძლებოდა მოეგოთ კიდეც ეს შეხვედრა.

მატჩის შემდგომ თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე სეზონი ურიგოდ არ დაუსრულებია, თუმცა, არის პრობლემები და ბევრი რამ გუნდის თამაშში ჯერ კიდევ დასახვეწია. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აფრიკის კონტინენტის გამარჯვებულ ეგვიპტის ნაკრებთან მატჩი დავით კვირკველიასათვის საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული რიგით 50-ე შეხვედრაა.

როგორც სანახაობრივად, ასევე, ხარისხით საუკეთესო მატჩები კი ევროპის სხვა სტადიონებზე ჩატარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოკერი შვედეთისა და ინგლისის მატჩში. შეხვედრაში, რომელშიც შვედებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს, შვედეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ცენტრალურმა ფიგურამ ანგარიში მატჩის მე-20 წუთზე გახსნა, დანარჩენი სამი გოლი კი მეორე ტაიმში, 14-წუთიან დროის ინტერვალში გაიტანა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გატანილი ბურთი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევა როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი. კარიდან შორს გამოსულმა ინგლისელთა მეკარე ჯო ჰარტმა ბურთი შორს ვერ მოიგერია, საჯარიმო მოედნის კუთხის პროექციაში, ოდნავ მოშორებით ბურთისკენ მოძრავმა იბრაჰიმოვიჩმა კი წამიერად ცარიელი კარისკენ გაიხედა, ძალა და მიზანი მოსინჯა და მერე იმისთანა მაკრატელა შეასრულა, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ არა მარტო შვედი და ინგლისელი ფეხბურთის სპეციალისტები და მოყვარულები.

მოულოდნელად უგოლოდ დასრულდა შეხვედრა ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა სეზონის უკანასკნელ მატჩში კარი გაიჯახუნა და გასვლაზე იტალიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდგომ მიღწეული შედეგით კმაყოფილი იყო ფრანგთა უფროსი მწვრთნელი დიდიე დეშამი: "გასულ თვეს ესპანელებთან გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ, ახლა კი "სკუადრა აძურა" დავამარცხეთ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებმა გასვლაზე პანამა ანგარიშით 5:1 დაამარცხა. სამხრეთამერიკული გრანდებიდან კი ვერც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მასპინძლებმა, ვერც არგენტინელებმა იხეირეს. ბრაზილიელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს კოლუმბიელებთან, ხოლო არგენტინის ნაკრებმა კი 0:0 დაასრულა შეხვედრა საუდის არაბეთთან.

საკალათბურთო ევროლიგაზე ქართველთა სამივე კლუბმა უმძიმესი მატჩები გადაიტანა. "მაპორო კანტუ" ლიუბლიანაში "ოლიმპიასთან" 79:81 დამარცხდა. მანუჩარ მარკოიშვილი კი, რომელმაც 29 წუთში 15 ქულა მოიპოვა, თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბერლინის "ალბასთან" ანგარიშით 75:73 მოგებული მატჩის შემდეგ, სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ", ხოლო გიორგი შერმადინის "მაკაბი" კი მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა ჯგუფის კიდევ ერთ ლიდერთან, ესპანურ "უნიკახასთან" ანგარიშით 62:64.

არჩილ ბენაშვილი