ზაზა ხუთეულს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

ზაზა ხუთეულს დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ოთხმატჩიანი დასავლური ტურნე დაასრულა და მომდევნო შეხვედრას უკვე საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ბოლო მატჩებში "ქორები" ("ატლანტას" მეტსახელია. - ავტ.) ჩინებულად გამოიყურებიან და ოთხიდან სამი მეტოქე "დაკორტნილიც" დატოვეს, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გასულ სეზონთან შედარებით ფაჩულიას გაცილებით მეტი სათამაშო დრო ეძლევა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლო ტურში, საკრამენტოში მოგებულ მატჩშიც, ძირითად ხუთეულში ვიხილეთ და ჩვეულად სასარგებლოდაც გაისარჯა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა ზაზას მთავარი კონკურენტი ალ ჰორფორდი, ამას ქართველი ცენტრისთვის გამოყოფილ სათამაშო დროზე არ უმოქმედია - ატლანტელთა თავკაცმა ლარი დრიუმ ჰორფორდი ფორვარდის პოზიციაზე გაამწესა, ფაჩულია კი ამჯერადაც ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა. იმედია, "ჰოუქსის" თავკაცი მომავალ შეხვედრებშიც ასეთივე ტაქტიკით ითამაშებს, მით უმეტეს, რომ მისმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში საკმაოდ იოლად - 112:96 გაიმარჯვა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს, სტატისტიკას რაც შეეხება, ზაზამ აქტივში 7 ქულა, ამდენივე მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 პასი ჩაიწერა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ატლანტა" მომდევნო შეხვედრას საკუთარ "ფილიპს არენაზე" ჩაატარებს - ჯორჯიელები ფაჩულიას ყოფილ კლუბს, "ორლანდოს" უმასპინძლებენ.