ანანიძის გოლი საუკეთესოთა შორის - კვირის პალიტრა

ანანიძის გოლი საუკეთესოთა შორის

ჯანო ანანიძემ ეგვიპტესთან მატჩი სამწუხარო მიზეზის გამო გამოტოვა, - საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველს 9 ნოემბერს მამა გარდაეცვალა. ასეთ ტკივილთან გამკლავება რთული საქმეა, თუმცა, იმედია, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედისმომცემი მოთამაშე მალე შეძლებს ფეხბურთში დაბრუნებას და ჩვეულადაც ათამაშდება. არადა, ბოლო დროს ჯანო ჩინებულ ფორმაში იყო და მოსკოვის "სპარტაკშიც" და ნაკრებშიც გამორჩეული გახლდათ. ქართველი ნახევარმცველი რუსულ პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარი წარმატებით თამაშობდა, გასულ კვირას კი "კრილია სოვეტოვის" კარში მისი გატანილი ბურთი საუკეთესოთა შორის დასახელდა. რუსულმა ინტერნეტგამოცემა ცჰამპიონატ.ცომ-მა რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის ათი საუკეთესო გოლი გამოავლინა, რომელთა შორისაც ანანიძის გატანილი ულამაზესი ბურთიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე "Golden Boy"-ს ("ოქროს ბიჭი") ნომინანტთა შორისაც არის დასახელებული, რომელიც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელის გამოვლენას ისახავს მიზნად. "Gოლდენ Bოყ"-ს ტიტულისთვის წელს 30 ახალგაზრდა მოთამაშე იბრძვის, მათ შორის - იკერ მუნიაინი, შტეფან ელ შაარავი, მარიო გიოტცე, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და სხვ. გამარჯვებულს ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემების ჟურნალისტები გამოავლენენ. პარალელურად კი ნომინანტებისთვის ხმის მიცემა გულშემატკივრებსაც შეუძლიათ იტალიური "ტუტო სპორტის" ვებგვერდზე (www.tuttosport.com). სასიამოვნოა, რომ ამ გამოკითხვაში ჯანო ანანიძე მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება. ხმის მიცემა 10 დეკემბრამდე გრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.