"საკურები" ვერ გადავყლაპეთ - კვირის პალიტრა

"საკურები" ვერ გადავყლაპეთ

საქართველო 22:25 იაპონია

"ბოლო დღეებში სულ იაპონელების მონდომებასა და ორგანიზებულობაზე ლაპარაკობენ. მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ მონდომებული და ორგანიზებული ვართ. ამდენი ხანია, მათ ამბებს ვღეჭავთ და ხვალ ისე გადავყლაპავთ, ყელზეც არ დაგვადგება", - ეს სიტყვები ბორჯღალოსანთა ლიდერმა დავით ზირაქაშვილმა იაპონიასთან ტესტ-მატჩის წინადღეს თქვა. სამწუხაროდ, იაპონია იმხელა ლუკმა გამოდგა ჩვენთვის, "გადასაყლაპად" 90 წუთიც არ გვეყო! დიახ, მატჩის ძირითადი დრო კარგა ხნის ამოწურული იყო, როცა აზიელებმა გამარჯვების მომტანი არეკნი გაიტანეს და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველი საშინაო მარცხი გვაწვნიეს. 2006 წლის ივნისში "ბარბაროსებთან" დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისში მატჩი არ წაუგია და თავს 21-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა. ამ მაჩვენებლით მხოლოდ ინგლისსა (22 შეხვედრა) და ახალ ზელანდიას (30 მატჩი) ჩამოვრჩებოდით და ნოემბრის ტესტ-მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში, "ოლ ბლექსთან" მიახლოების შანსიც გვეძლეოდა, თუმცა... მერაბ კვირიკაშვილის გატანილი 22 ქულა (ლელოსა და ზუსტ გარდასახვასთან ერთად მეკომ 5 ჯარიმაც გაიტანა. - ავტ.) ბორჯღალოსნებს მოსაგებად მაინც არ ეყოთ და დასანანი მარცხი იწვნიეს.

"საკურებს" (იაპონელთა მეტსახელია. - ავტ.) ძლიერი ნაკრები რომ ჰყავთ, საკუთარი თვალით ვნახეთ. აკი თამაშის წინადღეს გამოაცხადა კიდეც აზიელთა ავსტრალიელმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, ჩინებულად ვართ მომზადებული და მაყურებელს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთო. ჯონსმა თავისი შეგირდების ფიზიკურ მომზადებაზეც გაამახვილა ყურადღება და დაგვპირდა, რომ საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილებს მისი გუნდი სათავისოდ გამოიყენებდა. სუსტი წერტილებისა რა გითხრათ, მაგრამ მეტოქის მაღალ კლასთან ერთად, ბორჯღალოსნებმა წაგება საკუთარ შეცდომებსაც უნდა დააბრალონ. ამის ნათელ მაგალითად ბოლო წუთებიც გამოდგება: მასპინძელთა ნაკრები 22:19 იგებდა, როცა საკუთარი ლელოს ხაზის ახლოს მყოფმა ყიასაშვილმა ბურთის ამოტანა დააგვიანა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცა, მალევე კი იაპონელებმა არეკნის გატანაც მოახერხეს...

გარდა იმისა, რომ ექვსი წლის წინ  ოსაკაშიI წაგებისთვის გვქონდა რევანში ასაღები, იაპონელების დამარცხება რეიტინგის გამოც გვმართებდა. შეგახსენებთ, გასულ კვირას რუმინეთში გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მე-15 ადგილიდან სწორედ "საკურებმა" ჩაგვაჩოჩეს. შაბათის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში მილტონ ჰეიგის გუნდი "კუთვნილ" ადგილს დაიბრუნებდა, მაგრამ წააგო და აზიელებს კიდევ უფრო დაწინაურების შანსი მისცა.

"ამომავალი მზის ქვეყნის" წარმომადგენლებს გული არ დავწყვიტეთ და ნამეტნავად მზიანი ამინდი დავახვედრეთ,  ოღონდ ვაკის სტადიონზე ბევრი მაყურებელი ვერც გვიანი შემოდგომის ჩინებულმა ამინდმა "მიიტყუა" და ვერც ძლიერმა მეტოქემ: ჩვენთან ხომ სტადიონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ივსება, თუ რუსებს ვეთამაშებით! ასე იყო ამჯერადაც და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები მხოლოდ სანახევროდ შეივსო.

თამაში ისე დაიწყო, საწყისი 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ ზირაქაშვილის ნათქვამზე ვფიქრობდი და ვმარჩიელობდი, რამდენ ლუკმად ეყოფოდათ "მადაზე მოსულ" მასპინძლებს აღმოსავლელი სტუმრები. თვალსაჩინო უპირატესობა, ზედიზედ გატანილი სამი საჯარიმო და 9:0, ასე გაილია პირველი ტაიმის ნახევარი. უკვე მესამე წუთზე ლელოს გატანაც კი შეგვეძლო, თუმცა, კოლელიშვილი ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერეს. და იაპონელები? არათუ ხეირიანი შეტევის ორგანიზებას, სტუმრები ჩვენს ნახევარზე გადასვლასაც კი ვერ ახერხებდნენ. თუმცა, ტაიმის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა, - აზიელები გააქტიურდნენ და ზედიზედ ორი ჯარიმა გაიტანეს, პირველი ნახევრის ბოლო წამებზე კი ქართველების შეცდომით ისარგებლეს და ლელოთი და ზუსტი გარდასახვით დაწინაურდნენ -  9:13.

მატჩის მეორე ნახევარიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა: დასაწყისში ქართველებმა იმძლავრეს და ერთ ეპიზოდში 22:13 კი იგებდნენ, მაგრამ იაპონელებმა მაინც მოახერხეს კოზირის გამოყენება, - სისწრაფის ხარჯზე კარგად შლიდნენ თამაშს და ბურთსაც ჩინებულად აკონტროლებდნენ. ამგვარად, ისე გამოვიდა, რომ ჩვენებს შერკინებაშიI მოპოვებული უპირატესობაღა შერჩათ ხელთ, მხოლოდ შერკინებისა და თავდადების  ხარჯზე კი თანამედროვე რაგბიშიI ბევრს ვერაფერს მიაღწევ. ხელით თამაშში ისევ უამრავი ხარვეზი გვაქვს და გადაცემების სიზუსტეც უკეთესის სურვილს ტოვებს. ჰოდა, მეორე ნახევარში ისიც გამოჩნდა, რომ სტუმართა თავკაცს თავისი შეგირდების კარგი ფიზმომზადება ტყუილად არ უხსენებია.

წაგება ყოველთვის დასანანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მართალია, ძალიან პრინციპული, მაგრამ ეს მაინც ტესტ-მატჩი იყო. 24 ნოემბერს კიდევ უფრო ძლიერ მეტოქეს - ფიჯის ნაკრებს უნდა დავუხვდეთ და... სწორედ შაბათს ვნახავთ, როგორ დასკვნას გამოიტანს იაპონიასთან მარცხისგან ჩვენი სამწვრთნელო შტაბი.