ვერც "მფრინავი ფიჯელები" დავიჭირეთ - კვირის პალიტრა

ვერც "მფრინავი ფიჯელები" დავიჭირეთ

საქართველო 19:24 ფიჯი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა   მეორე ტესტ-მატჩიც დათმო: იაპონელებთან მარცხის შემდეგ ბორჯღალოსნებმა ფიჯის ნაკრებთანაც წააგეს - 19:24. წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულზე რაგბი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და ფიჯელები ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. "მფრინავ ფიჯელებს" (ფიჯის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) განსაკუთრებულად ძლიერი ნაკრები შვიდკაცა რაგბიში ჰყავთ და ორჯერ -1997 და 2005 წლებში მსოფლიო ჩემპიონებიც იყვნენ. ჰოდა, გასაკვირი არ არის, რომ ხელდახელ ბურთაობა ფიჯელებს არც თხუთმეტკაციან რაგბიში უჭირთ. აკი ამბობდა კიდეც მატჩის დაწყებამდე ქართველთა ზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი, სტუმრებს ბურთი დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა შევარჩინოთო, მაგრამ...

თქმა ერთია, შესრულება კი მეორე - ბურთიანი სტუმრების შეჩერება ჩვენებს ძალიან უჭირდათ და სანამ მომხდურთა ტაქტიკა-სტრატეგიაში გაერკვეოდნენ, უკვე მე-5 წუთზე 0:10 ჩამორჩნენ. ოღონდ, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, ტაქტიკითა და განსაკუთრებით კი სათამაშო დისციპლინით ფიჯელები ნამდვილად არ გამოირჩევიან. პირიქით, მათი სტიქია არეული თამაშია და ასეთ დროს განსაკუთრებით სახიფათონი არიან. ევროპული ტურნეს ფარგლებში ფიჯელებმა ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და საწყის წუთებში ყველა მეტოქეს სჯობდნენ. ოღონდ, თუ წინა სამი მატჩიდან ორი დიდი ანგარიშით წააგეს და მხოლოდ ინგლისურ "გლოსტერს" გაუძალიანდნენ (29:31), ბრიტანელთა ჯავრი მაინცდამაინც ჩვენზე იყარეს. რა თქმა უნდა, გარჯა არც ზორბა ფიჯელებს უნდა დავუკარგოთ, მაგრამ წინა მატჩის მსგავსად, ქართველებმა მარცხი ამჯერადაც შეცდომებს უნდა დააბრალონ: შერკინებაში მოპოვებული უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, ლამის ყველა შეტევაში დავჯარიმდით და ხელდახელ ბურთაობაც მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში მოვახერხეთ.

საწყის წუთებზე მიღებული "ცივი შხაპის" შემდეგ, მასპინძლები გონს მოვიდნენ და ჯარიმებით ანგარიშიც შეამცირეს. თუმცა, ტაიმის მიწურულამდე მაინც სტუმრები იყვნენ წინ: ნგონევას გაქცევას ჩვენებმა ხინჩაგიშვილის ლელოთი და კვირიკაშვილის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს და ტაიმი დიდი გაჭირვებით - 19:18 მოვიგეთ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა ქულათა მარაგს ვეღარაფერი შემატეს, ოკეანელებმა კი მატჩის მიწურულს ორი ჯარიმა გაგვიტანეს და საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩიც წაგებით დაასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში, მასპინძლებმა ბოლო იერიში მიიტანეს, თუმცა, მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა ვერაფრით მოახერხეს.

ისიც სათქმელია, რომ მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგმა თითქმის მთელი გუნდი შეცვალა და დაგვანახა, რომ შედეგზე მეტად, მორაგბეთა საქმეში ნახვას ეშურებოდა. ტესტ-მატჩებში მთავარი სწორედაც რომ გამოცდილების მიღება, ახალი ტაქტიკა-სტრატეგიის დამუშავებაა, მაგრამ შენზე ძლიერ მეტოქეებთან ბავშვური შეცდომების გამო რომ წააგებ, განსაკუთრებით დასანანია.

ოღონდ, 2012 წელს წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: გარდა იმისა, რომ ევროპის "ერთა თასი"¬მოვიგეთ, ძლიერ მეტოქეებთან სპარინგებს გავუშინაურდით და რაც მთავარია, ამიერიდან ძლიერი სპარინგები უფრო ხშირად გვექნება: ნოემბრის ბოლოს IRB-ს აღმასკომის სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირი დაწინაურდება და ელიტურ სარაგბო ქვეყნებს გაუტოლდება.