სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირა სპორტული მოვლენებით შედარებით ღარიბი იყო და სპორტის ქართველ გულშემატკივარს ჩვენს მორაგბეთა იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან მარცხზე დაფიქრების საშუალება მისცა. მიუხედავად სეზონის ასე დასრულებისა, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო სარაგბო რეიტინგში მე-17 ადგილი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩების შედეგად, ერთა თასზე მონაწილე გუნდები ერთიმეორის მიყოლებით განაწილდნენ, რაც უკვე 2013 წლის გაზაფხულიდან ჩვენს გუნდს რეიტინგში წინსვლის შანსს აძლევს.

გასულ კვირას ქართველ კალათბურთელებს ევროპულ არენაზე თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. თელ-ავივის "მაკაბიმ" საკალათბურთო ევროლიგის მე-8 ტურის მატჩში საფრანგეთის "შალონს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 78:73 დაამარცხა. გიორგი შერმადინის კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო თამაშის გადარჩენა. ტრავმის შემდეგ "მაკაბის" მწვრთნელმა დევიდ ბლატმა ქართველი კალათბურთელი დიდ დატვირთვას მოარიდა და მოედანზე მხოლოდ 5:50 წუთი გააჩერა. ამ დროში გიორგი შერმადინმა 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ამ გამარჯვების შემდეგ ისრაელის კლუბი ჯგუფში მე-2 ადგილზეა.

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" კი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და "უნიკახასა" და "მაკაბის" შემდეგ ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე დამკვიდრდა. იტალიურმა კლუბმა ჯგუფის ლიდერი ანგარიშით 91:72 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერს კი მასპინძელთა შორის სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი აღმოაჩნდა. მოედანზე გატარებული 18 წუთის განმავლობაში სანიკიძემ 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.

რუსულ "ხიმკისთან" მანუჩარ მარკოიშვილის მიერ მოპოვებულმა 16-მა ქულამ ვერ იხსნა "მაპორო კანტუ" ანგარიშით 53:77 მარცხისაგან. 30 წუთის განმავლობაში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე დაგროვილ ქულებთან ერთად არის 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი. 8 ტურის შემდეგ იტალიურ კლუბს ორი გამარჯვება აქვს და Aჯგუფის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

გასულ კვირას მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში, ტრადიციულად, ბევრი სიახლე იყო. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" წარსულში "ბარსელონას" თავკაცი პეპ გვარდიოლა უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა აგენტმა ფრანსუა გალიარდომ თჰე Mირრორ-თან საუბარში დაადასტურა.

ბრაზილიის ნაკრების ახალ მწვრთნელ ლუის ფელიპე სკოლარის მიაჩნია, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ვალდებულია, შინაურ კედლებში პირველობა არავის დაუთმოს. რონალდინიომ კი "ატლეტიკო მინეიროსთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. მისგან განსხვავებით, კაკა სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. მეორე მხრივ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელი მადრიდის "რეალს" დატოვებს.

აი, ქართული ძიუდოს ფედერაცია კი კვლავ პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი...

არჩილ ბენაშვილი