"რაგბის უცოდინარი ხალხისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"რაგბის უცოდინარი ხალხისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ"

"რუსეთთან მატჩის დროს, გავავსებთ სტადიონს, მოვუგებთ რუსებს, მოვიოხებთ გულს გინებით და ვიქნებით კმაყოფილი?!"

"დაგვჩაგრეს, პრეზიდენტი დაგვინიშნესო. რას ნიშნავს - დაგინიშნეს? და თუ დაანიშნინე, ე.ი. ღირსი ხარ!"

ნოემბრის ტესტ-მატჩებში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიასთანაც წააგო და ფიჯისთანაც. ორივე ეს ნაკრები ჩვენს გუნდზე ძლიერიც არის და გამოცდილიც, მაგრამ საკუთარ მოედანზე წაგებას გადაჩვეულმა ქართველმა ქომაგმა "ბორჯღალოსნების" მარცხი მაინც მტკივნეულად განიცადა. ამის მიუხედავად, საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ წაგებებითაც კი ბევრი მოვიგეთ. გია ნიჟარაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით, სადაც Fira-Aer-ის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებს ესწრებოდა. ინტერვიუ კი, ბუნებრივია, ტესტ-მატჩებზე საუბრით დავიწყეთ:

- დიდი მადლობა IRB-ს (რაგბის საერთაშორისო საბჭო - ავტ.), რომელმაც დანაპირები შეასრულა და ისეთ ძლიერ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა მოგვცა, როგორიც არის იაპონია და ფიჯი. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ხედავ, რომ ასეთ გუნდებთან მოგება შეგიძლია, თუმცა... რაგბი ლოგიკური თამაშია და უფრო ძლიერმა გუნდებმა გაიმარჯვეს. იაპონიასთან წავაგეთ არა მარტო იმიტომ, რომ შეცდომები დავუშვით, არამედ იმიტომაც, რომ  მსაჯებმა ძალიან ცუდად იმსაჯეს, რაც მატჩის კომისარმაც დაადასტურა. რაც შეეხება ფიჯისთან თამაშს, აქ პირიქით მოხდა - არბიტრმა სტუმრებს არ ჩაუთვალა ლელო, თამაშის ბოლოს კი რამდენჯერმე მოგვცა შანსი, გაგვემარჯვა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ასეთ გუნდებთან თამაშის გამოცდილება არ აქვთ. როგორც უნდა შეისწავლო მეტოქე, რამდენი თამაშის ვიდეოჩანაწერიც უნდა ნახო, მთავარი მაინც თამაშის დროს მიღებული გამოცდილებაა. მაგრამ თუ ორივე თამაშს შევაჯამებთ, მიმაჩნია, რომ მთავარი შედეგი მიღწეულია - ყველას დავუმტკიცეთ, რომ ტოლ-სწორად შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან თამაში. ეს დავუმტკიცეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც თბილისიდან ძალიან კმაყოფილნი გაემგზავრნენ. მარკ იგანი და გრეჰემ მური აღფრთოვანებული არიან ჩვენი მუშაობით. თავადაც კმაყოფილი ვარ - გარკვეული შეცდომების მიუხედავად, ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს.

- ჩვენზე ძლიერი გუნდები გვესტუმრნენ, თანაც, ეს ტესტ-მატჩები იყო და შედეგი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალისტია და თბილისში წაგებულმა ორმა მატჩმა ბევრი იმედგაცრუებული დატოვა...

- აქამდე თუ გვითამაშია თბილისში ისეთი დონის გუნდებთან, როგორიც იაპონია და ფიჯია? მერწმუნეთ, იგივე მაყურებელი უფრო განაწყენებული დარჩება, როდესაც დავიწყებთ შეხვედრებს ინგლისთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ავსტრალიასთან, არგენტინასთან... მათთან ხომ აუცილებლად წავაგებთ, ქომაგი კი გულნატკენი და ნაწყენი იქნება. ამიტომაც, ისეთი ადამიანების კომენტარს, რომელთაც რაგბის ბევრი არაფერი ესმით, ყურადღებას არ ვაქცევ. თავად მორაგბეებზე მეტად ვინ არის გულდაწყვეტილი? თუმცა, სხვაგვარად გამოცდილებას ვერ მიიღებ. ფიჯი მსოფლიო ელიტის წევრია, იაპონია კი არის გუნდი, რომელსაც ფიჯისთვისაც მოუგია, სამოასთვისაც და ტონგასთვისაც. ვკითხულობ გამოხმაურებებს სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ ვებგვერდზე და შემიძლია, კომენტარების ავტორები ორ ჯგუფად დავყო: გულშემატკივრებად, რომელთაც, რა თქმა უნდა, გული დასწყდათ, მაგრამ რაგბი ესმით და შესაბამის დასკვნებს აკეთებენ და ისეთებად, რომლებიც სტადიონზე საერთოდ არ მიდიან, უფრო სწორად, მხოლოდ რუსეთთან მატჩზე მიდიან იმისთვის, რომ ვიღაცას აგინონ ან ბოთლები ისროლონ... მთავარია, რომ ახლა უკვე გვაქვს ასეთი დონის შეხვედრების გამოცდილება და როცა კიდევ შევხვდებით ამ გუნდებს, ყველა ნახავს, როგორ ვითამაშებთ. ასეთი მატჩები რენტგენის აპარატით გაშუქებას ჰგავს - ცხადად ხედავ, რა ნაკლი გაქვს, რაზე უნდა იმუშაო...

- "რენტგენი" ახსენეთ და ამ მატჩებმა ისიც დაგვანახა, რომ არა მხოლოდ უკანა ხაზში, პრობლემები შერკინებაშიც გვაქვს...

- ბევრი სხვა რამეც დავინახეთ - გამოჩნდა, რომ გარკვეულ პოზიციებზე ძალიან გვიჭირს; უნდა ავამაღლოთ დისციპლინაც დავალების შესრულებისას... მაგრამ გულწრფელად ვთქვათ - მას მერე, რაც საწყის წუთებზე ფიჯი 10:0 დაწინაურდა, ხომ თითქმის ყველას ეგონა, რომ დიდი ანგარიშით წავაგებდით? საბედნიეროდ, მომდევნო ოცდახუთი წუთის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და აჩვენა, რამხელა პოტენციალი აქვს. კარგი მწვრთნელი გვყავს, მას და მოთამაშეებს ერთმანეთის კარგად ესმით და როცა დასახულ გეგმას მთელი მატჩის განმავლობაში შევასრულებთ, შედეგსაც მივაღწევთ...

- ხშირად გითქვამთ, რომ მთავარი რეიტინგი არ არის... როცა უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ეს რეიტინგზეც აისახება...

- შედეგთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანა ხარისხია. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან შესანიშნავი თაობა მოდის. ცოტა ხნის წინ, ჭაბუკთა "ა" ლიგის ფინალს დავესწარი და აღფრთოვანებული დავრჩი ახალგაზრდა მორაგბეების თამაშით. სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე რაგბის თამაშობენ. ეს იმედს გვისახავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. IRB-ის მაღალჩინოსნებმა მითხრეს - შეიძლება, ვერ ამჩნევთ, მაგრამ თქვენი წინსვლა თვალში საცემიაო. როცა ვუთხარი - ორივე თამაში წავაგეთ, ხომ არ ნანობთ, იმ კატეგორიაში რომ გადაგვიყვანეთ, სადაც უძლიერეს გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა-მეთქი? პირიქით, თქვენზე ყველგან ამაყად ვილაპარაკებთ და ქართულ რაგბის მხარს ყოველთვის დავუჭერთო...

- ახლახან საქართველოს რაგბის კავშირი ელიტარული ქვეყნების კავშირებს გაუთანაბრეს. რას ნიშნავს ეს?

- ეს ნიშნავს, რომ მაღალგანვითარებული ქვეყნების რაგბის კავშირების რიგში გადაგვიყვანეს, რაც დაფინანსების გაზრდას და ძლიერ გუნდებთან გარანტირებულ თამაშს ნიშნავს, ეს კი მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. გარდა ამისა, მივიღებთ დახმარებას გარკვეული პროგრამების, ტრენინგების სახით და ა.შ.

- ქართველი მორაგბეები ყოველთვის სარგებლობდნენ გულშემატკივრის მხარდაჭერით და ფაქტობრივად, არასდროს გამხდარან კრიტიკის ობიექტი. ამიერიდან ჩვენზე ძლიერ გუნდებთან მატჩები და შესაბამისად - წაგებებიც მოიმატებს... კრიტიკისთვის მზად ხართ?

- რაც მეტი იქნება ობიექტური კრიტიკა, მით - უკეთესი და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ვერასდროს მივიღებთ კრიტიკას კრიტიკისთვის, რომელიც საქმის უცოდინარი ხალხისგან მოდის. ხმამაღლა ვამბობ - აუცილებლად იქნება წაგებები. მესმის, რომ გულშემატკივარს ეს არ ესიამოვნება, მაგრამ რა ვქნათ? სიამოვნებაზე ვიფიქროთ, თუ ქართული რაგბის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ შევიდეთ ელიტაში? ისევ ჩვენს წვენში მოვიხარშოთ, ერთი ადგილი ვტკეპნოთ? მოვუგოთ ხოლმე რუმინეთს, ბელგიას, უკრაინას, ესპანეთს, პორტუგალიას და ყველა ბედნიერი იყოს? წელიწადში ერთხელ, რუსეთთან მატჩის დროს, გავავსებთ სტადიონს, მოვუგებთ რუსებს, მოვიოხებთ გულს გინებით და ვიქნებით კმაყოფილი. ეს უკეთესია?

- რაგბის კავშირი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფედერაციათა შორის, სადაც პრეზიდენტად გუბერნატორი ან პარლამენტის წევრი არ დანიშნულა და ალბათ, წარმატების ერთ-ერთი მთავარი "საიდუმლოც" ეს არის...

- უსინდისო უნდა ვიყო, არ აღვნიშნო, რომ წინა ოთხწლიან ციკლში სახელმწიფო ძალიან გვეხმარებოდა. გარდა ამისა, დიდ დახმარებას ვიღებდით საქველმოქმედო ფონდ "ქართუსგან". ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ ხდებოდა, რომ ყველამ დაინახა - საქმეს კარგად ვაკეთებთ და ვართ სრულიად აპოლიტიკური ადამიანები. ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ვაპირებთ, მომდევნო წლებშიც ასევე გავაგრძელოთ. რაგბიში სულ ასე იყო: არასდროს ვჩხუბობთ, არასდროს შეურაცხვყოფთ ჩვენს წინამორბედებს, პირიქით, მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რაც ჩვენამდე გააკეთეს და ვცდილობთ, ჩვენ მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ეს არის ჩვენი მენტალიტეტი. არანაირი პრობლემა არ გვქონია ახალ ხელისუფლებასთან, რადგან მათთვის ცნობილი იყო, როგორ ვმუშაობთ, პოლიტიკაში გარეული და გასვრილი რომ არ ვართ. ჩვენი კატეგორიული პოზიციაა - რაგბის და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვთ!

- რაგბის კავშირმა სახე იმიტომაც შეინარჩუნა, რომ იქ შემთხვევითი ხალხი არ მოხვედრილა... არადა, ძველ ხელისუფლებას ხშირად საყვედურობდნენ, რომ სპორტულ ფედერაციებში "თავის ხალხს" ნიშნავდა. ხომ არ არის საფრთხე, ეს ტენდენცია ახალმა მთავრობამაც გააგრძელოს?

- შემთხვევითი კაცი ჩვენთან ვერ მოხვდებოდა და ვერც ახლა მოხვდება, რადგან ჩვენ სხვა ფასეულობები გვაქვს. რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის, სპორტის გარდა კიდევ ბევრ ფასეულობას სცემს პატივს. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, მაგრამ არც გაგვიკარებია, არც გავიკარებთ სიბინძურეს. რაც შეეხება სხვა ფედერაციებს, მოდი, მათ თავად გადაწყვიტონ, რა უნდათ. სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელია. ჩემთვის გაუგებარია, როცა ამა თუ იმ სახეობის წარმომადგენლებისგან მესმის ხოლმე - დაჩაგრულები ვიყავით, პრეზიდენტი დაგვინიშნესო და ა.შ. რას ნიშნავს - დაგინიშნეს? და თუ დაანიშნინე, ე.ი. ღირსი ხარ, როგორც გექცევიან!

- კმაყოფილი ხართ მილტონ ჰეიგის მიერ ამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოთი?

- კმაყოფილი ვარ. ჰეიგი მაღალი დონის პროფესიონალია, რომელიც ჩვენთან ახალი ზელანდიის ფედერაციის და სარაგბო თემის რეკომენდაციით ჩამოვიდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. პროფესიონალია და ჩვენგან განსხვავებით, გეგმას გრძელვადიანი პერსპექტივით ადგენს - ოთხწლიანი პროგრამა აქვს. მინდა, იცოდეთ, რომ ამ ორ წაგებას ძალიან განიცდის, სულ მეუბნება - ისე შემიყვარდა ეს ქვეყანა, რომ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობო. ჰეიგმა ცოლ-შვილი ჩამოიყვანა აქ, მისი შვილები უკვე ქართულად ლაპარაკობენ, უფროსი ქალიშვილი ქართული ტანვარჯიშის პატარა ვარსკვლავია... მილტონმა თავისი ცხოვრება დაუკავშირა ამ ქვეყანას და როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად თავად არ უნდა, წარმატებას მიაღწიოს? მე ვხედავ და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

- ბოლოს, ტანა უმაგაზეც ვთქვათ - რა დატვირთვა ჰქონდა საქართველოში მის ჩამოსვლას და არის თუ არა შანსი, ლეგენდარულმა ზელანდიელმა საქართველოს ნაკრებში იმუშაოს?

- თავდაპირველად, მისი ჩამოსვლა ჩაფიქრებული იყო, როგორც რაგბის პოპულარიზაციის პროგრამის ნაწილი. ლეგენდარული მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მისი ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ბავშვს გაუჩნდება რაგბიში ვარჯიშის სურვილი. ორ კვირაში რა უნდა დასტყობოდა, თუმცა, გუნდთან ერთად მისი ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება მასთან სამომავლო ურთიერთობას, ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ კლუბთან აკავშირებს ორწლიანი კონტრაქტი, რაც სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში ორიოდე თვით თუ ჩამოვა და არა მგონია, ეს გვიღირდეს.