ჯანოს ოპერაცია სჭირდება - კვირის პალიტრა

ჯანოს ოპერაცია სჭირდება

ერთი თვის წინ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს მამა გარდაეცვალა, თუმცა 20 წლის ფეხბურთელმა საკუთარ თავს აჯობა და ამ ტრაგედიიდან ორიოდ კვირაში ფეხბურთს დაუბრუნდა... სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეს ისევ მოუწევს იძულებითი "შვებულების" აღება - გასულ კვირას ჩვენებურმა ვარჯიშის დროს მუხლის არეში ტკივილი  იგრძნო, გამოკვლევამ კი დაადგინა, რომ ანანიძეს მენისკის ოპერაცია სჭირდებოდა. ახალგაზრდა ქართველმა სწორედ ამის გამო გამოტოვა "სელტიკის" წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. ჯანო ახლა გერმანიაშია და ერთ-ერთ კლინიკაში უკვე ოპერაციაც გაიკეთა. როდის დაუბრუნდება იგი მოედანს, ჯერ უცნობია, იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ წლის ბოლომდე ვარჯიშს ვერ დაიწყებს. თუმცა, ერთი მხრივ, კარგიც არის, ქირურგიული ჩარევა ჯანოს იმ დროს რომ დასჭირდა, როცა რუსეთის ჩემპიონატში შესვენება იწყება და არც სანაკრებო მატჩებია კარს მომდგარი...