"ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესებას ვაპირებთ" - კვირის პალიტრა

"ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესებას ვაპირებთ"

მომავალი წლის 25 და 27 აპრილს სპორტის სასახლეში მინიფეხბურთის ზეიმი იქნება: 6 დეკემბერს უეფას აღმასკომის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფუტსალის თასის "ოთხთა ფინალის" მასპინძლობა თბილისს მიანდვეს! ფუტსალში საკლუბო დონის ამაზე დიდი ტურნირი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დიდი პატივი დაგვდო, როდესაც საქართველოს დედაქალაქი ბარსელონას, მოსკოვს და ალმათის ამჯობინა. ეს ქალაქები კი იმიტომ ჩამოვთვალეთ, რომ თბილისის "იბერია სტარის" გარდა, "ოთხთა ფინალის" საგზური კატალონიის "ბარსელონამ", მოსკოვის "დინამომ" და ალმათის "ქაირათმა" მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალური წყვილების გამოსავლენი კენჭისყრაც თბილისში, ფინალურ ტურნირამდე ერთი თვით ადრე გაიმართება. უეფას რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ "ოთხთა ფინალის" სათანადოდ მასპინძლობისთვის, რა შანსი აქვს ქართულ კლუბს და რა პერსპექტივა - ქართულ ფუტსალს? გვესაუბრება საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი.

- ძალიან სასიხარულოა, ასეთი მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობის პატივი რომ გვხვდა წილად. მით უმეტეს, ევროპის უძლიერეს კლუბებს ვნახავთ - "ბარსელონაც", "დინამოც", "ქაირათიც" უმაღლესი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. დაძაბული მატჩები გველის და იმედია, "იბერია სტარიც" გაგვახარებს.

- როგორ გგონიათ, რატომ შეაჩერა უეფამ არჩევანი თბილისზე?

- ალბათ, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კარგი მუშაობის დამსახურებაც არის და უეფას სტრატეგიაც: ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ცდილობენ, ჩვენნაირი ქვეყნები წაახალისონ,  ასეთი ტურნირების მასპინძლობით ფუტსალის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

- აპრილის ბოლომდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. სათანადოდ მომზადებას მოვასწრებთ?

- ტურნირის მონაწილეები და სტუმრები მაღალი კლასის სასტუმროებში უნდა დავაბინაოთ, მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები, სპორტის სასახლეში ახალი, უფრო მაღალი დონის მოედნის საფრის დაგებაა აუცილებელი... სამუშაო ბევრია, ოთხთა ფინალამდე კი მართლაც ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ.

- ერთია საორგანიზაციო მხარე, მაგრამ როგორ ფიქრობთ, "იბერია სტარი" შეძლებს წარმატების მიღწევას?

- გამარჯვების შანსი ყველას აქვს. დარწმუნებული ვარ, სანახაობრივი და საინტერესო მატჩები გველის. ქართული კლუბი საკუთარ მოედანზე ითამაშებს, გულშემატკივრის მხარდაჭერა კი უმნიშვნელო ფაქტორი არ გახლავთ.  "იბერია სტარი" თითქმის მთლიანად ბრაზილიელი ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, ისევე, როგორც მოსკოვის "დინამო", თანაც, როგორც ვიცი, "ოთხთა ფინალამდე" "იბერია" რამდენიმე ბრაზილიელი მოთამაშის დამატებას გეგმავს და ალბათ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

- ბრაზილიელი ლეგიონერები ახსენეთ... ყველამ იცის, რომ თანამედროვე ფეხბურთში ლეგიონერების გარეშე შედეგის მიღწევა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ჩვენისთანა ქვეყნების გუნდებისთვის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უცხოელი მოთამაშეების სიმრავლე ადგილობრივი ფეხბურთელების პროგრესს ხელს არ უწყობს... რას ფიქრობს ამაზე საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი?

- ამ ეტაპზე, ლეგიონერების გარეშე  "იბერია" ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა და კლუბის ხელმძღვანელობამ ასე ამჯობინა. საერთოდ კი, უცხოელების სიმრავლე ადგილობრივი მოთამაშეების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასე რომ, ამ საკითხზეც ვმუშაობთ. მომავალი სეზონიდან ვაპირებთ, ლეგიონერებზე ლიმიტი დავაწესოთ და თითოეულ კლუბს განაცხადში ოთხზე მეტი უცხოელის ყოლის უფლება არ ჰქონდეს.

- მეექვსე თვეა, რაც ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ხართ. როგორი ვითარება დაგხვდათ და რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?

- სახარბიელო ბევრი არაფერი დაგვხვედრია და ეს ყველამ იცის... ისევე, როგორც სპორტის ყველა სახეობას, ფუტსალის განვითარებასაც ფული სჭირდება. ვცდილობთ, ვიშოვოთ საჭირო თანხა, ვეძებთ სპონსორებს... შეძლებისდაგვარად გვეხმარება ფეხბურთის ფედერაცია, შევხვდით სპორტის ახალ მინისტრსაც და რიგ საკითხებზე უკვე ვილაპარაკეთ.

- რამდენიმე კვირის წინ, როცა სფფ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე იყო ლაპარაკი, განაცხადეთ, რომ არჩევნების დანიშვნა პრობლემად არ მიგაჩნიათ. აზრი ხომ არ შეგიცვლიათ?

- არა, მაგრამ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. ზვიად სიჭინავას საპრეზიდენტო ვადა 2015 წელს ეწურება და ალბათ, ბოლომდე დარჩება თანამდებობაზე.