"წუნია" მოთამაშეთა კატეგორიას არ მივეკუთვნები" - კვირის პალიტრა

"წუნია" მოთამაშეთა კატეგორიას არ მივეკუთვნები"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, საკალათბურთო კლუბ "არმიის" ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ რამდენიმე დღის წინ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და მოედანს, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება. 31 წლის კალათბურთელმა ტრავმა 27 ნოემბერს, ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე "ჰაპოელთან" გამართული მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია. შეგახსენებთ, უფროსი ბოისა (მისი უმცროსი ძმა - ანატოლიც "არმიის" ღირსებას იცავს. - ავტ.) საქართველოს ჩემპიონატს 14-წლიანი(!) განშორების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში დაუბრუნდა. ამ წლების განმავლობაში, ვოვამ საზღვარგარეთ 10 კლუბი გამოიცვალა და სლოვენიის რამდენიმეგზის, ასევე იტალიის ჩემპიონიც გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევმა ეტაპმა ვეტერანი ფორვარდის გარეშე ჩაიარა, თუ კვლავ გამოიძახებენ ნაკრებში, ვლადიმერ ბოისა ჩვეული თავდადებით ითამაშებს. ბოისასთან ინტერვიუ "არმია"-"დინამოს" (100:81) მატჩის შესვენებისას ჩავწერეთ.

- მენისკის ოპერაცია 4 დეკემბერს გავიკეთე. აღდგენითი პროცესი ნორმალურად მიდის, მსუბუქად უკვე ვვარჯიშობ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, მოედანს საქართველოს თასის გათამაშებისთვის, ანუ 15 იანვრისთვის დავუბრუნდები.

- საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ხომ არ ნიშნავს, რომ ვოვა ბოისა კარიერის დასასრულებლად ემზადება?

- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, კალათბურთის თამაშIიც აქ ვისწავლე და მინდა კარიერის ბოლო წლებში სამშობლოში ვითამაშო. ალბათ, 2-3 წელი კიდევ ვითამაშებ და მსურს, თავი მშობლიურ ატმოსფეროშიI ვიგრძნო. "არმია" ძლიერი გუნდია, თანაც, ევროჩელენჯის გათამაშებაში მონაწილეობდა და რადგან ამ ტურნირზე არასდროს მითამაშია, ქართული კლუბის შემოთავაზებას ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი.

- თანაც, თქვენი ძმაც "არმიის" კალათბურთელია... თუ არ ვცდები, მანამდე ერთად მხოლოდ ნაკრებში გითამაშიათ.

- მართალი ხართ, მე და ტოლიკას ეროვნულ გუნდში ერთად არაერთხელ გვითამაშია, თანაკლუბელები კი პირველად გავხდით. სხვათა შორის, როცა "არმიის" წინადადებას დავთანხმდი, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისიც იყო, ძმის მხარდამხარ რომ მომიწევდა თამაში.

- წლებია, საქართველოს ჩემპიონატში აღარ გითამაშიათ. ამ დროის განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატი ძალიან შეიცვალა?

- ეროვნულ ჩემპიონატში ახლა გაცილებით მეტი ლეგიონერი თამაშობს, მეტ-ნაკლებად თანაბარია კლუბების დონეც. შემადგენლობის მხრივ "არმია" ყველასგან გამოირჩევა, მაგრამ ეს გადამწყვეტი სულაც არ არის - საკმარისია, ქვეყნის ჩემპიონი რომელიმე მატჩს მოუმზადებელი შეხვდეს, მეტოქე სათანადოდ არ შეაფასოს ან კონცენტრაცია დაკარგოს, რომ წაგებას ვერ გადაურჩება. საქართველოს ჩემპიონატში ნამდვილად არ არიან ისეთი სუსტი გუნდები, ცუდად ითამაშო და მაინც მოუგო. ჩემი სიტყვების დასტურად ბოლო თამაშებიც გამოდგება, როცა ჯერ "შსს აკადემიასთან", ბოლოსწინა ტურშიI კი "რუსთავთან" დავმარცხდით.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ტიტულის შენარჩუნებას ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი "არმია"? მიმდინარე სეზონში წაგებას მოუხშირეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ წელს მართლაც დაძაბული ჩემპიონატია, დარწმუნებული ვარ, სუპერლიგაში უძლიერესი გუნდი სწორედ ჩვენ გვყავს და ამას დავამტკიცებთ კიდეც. "არმიისგან" ყველა მატჩში გამარჯვებას ელიან, მაგრამ კალათბურთი იმიტომ არის საინტერესო თამაში, რომ გამარჯვების შანსი ყველას აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში განცდილი წაგებებისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. მთავარი ფინალური ეტაპია და სწორედ იქ დავამტკიცებთ, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებთ.

- "არმიის" კალათბურთელებს ბოლო თვეების ხელფასი ჯერაც არ აგიღიათ?

- ორი თვის ხელფასი ასაღები გვაქვს, მაგრამ გვპირდებიან, რომ დავალიანებას უახლოეს მომავალში გაგვისტუმრებენ. პროფესიონალები ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, როგორ რეალობაშიI ვართ. ასე რომ, ვარჯიშს ჩვეულებრივად განვაგრძობთ.

- ეროვნულ ჩემპიონატში მომრავლებული ლეგიონერები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდი?

- ჩემი აზრით, კარგია, რადგან სუპერლიგაში მოთამაშე უცხოელთაგან თითქმის ყველა გამოცდილი კალათბურთელია და ახალგაზრდა მოთამაშეებს მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

- მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება რამდენიმე შეხვედრაში შეგვეძლო, ევროჩელენჯზე ერთი მატჩიც კი ვერ მოიგეთ. ეს რისი ბრალია?

- 2-3 მატჩში მეტოქეებმა მართლაც დაგვჩაგრეს, დანარჩენ შეხვედრებში კი  გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო. თუმცა, გამოცდილებაც დაგვაკლდა და ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომებისთვისაც არაერთხელ დავისაჯეთ.

- ევროჩელენჯზე პირველად ითამაშეთ. ეს ტურნირი ევროლიგისგან ძალიან განსხვავდება?

- განსხვავება მხოლოდ მონაწილე კლუბების სიძლიერეშია, თორემ სხვა მხრივ ბევრით არაფრით. ოღონდ, იმას ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ევროლიგაზე მოთამაშე ყველა გუნდი უპრობლემოდ შეძლებს ევროჩელენჯის კლუბის დამარცხებას. საკმარისია, კონცენტრაცია დაკარგო და ისე წააგებ, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.

-  როგორ ფიქრობთ, მომავალ სეზონშიც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებთ?

- ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. სადაც უკეთეს პირობებს შემომთავაზებენ, სადაც  კარგად  ვიგრძნობ თავს, იქ ვითამაშებ - იტალია იქნება თუ ლიბანი. კალათბურთის თამაში ყველგან ისწავლეს და თუ სათანადო პირობებიც იქნება, რატომაც არა? ნამდვილად არ მივეკუთვნები "წუნია" მოთამაშეთა კატეგორიას. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი ის არის, ტრავმა რაც შეიძლება სწრაფად მოვირჩინო და ფორმა აღვიდგინო. მომავალზე კი სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ.

- ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ ნაკრებში არ გამოგიძახეს... ძალიან დაგწყდათ გული?

- ზაფხულში 32 წლის ვხდები და კარგად ვაცნობიერებ, რომ სანაკრებო კარიერა დაუსრულებელი არ არის. თუმცა, იმას მაინც ვიმსახურებდი, შეკრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი არა, დროულად ეცნობებინათ თუ არ მიძახებდნენ. ხშირად კლუბი ხელს მიშლიდა, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არასდროს მითქვამს. როცა ეროვნულ გუნდს ვჭირდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. ასე რომ, სინდისი სუFფთა მაქვს, ჩემი ქვეყნის წინაშე მართალი ვარ და ჩემთვის  ეს არის მთავარი.

- ე. ი. თუ გამოგიძახებენ, ეროვნულ გუნდში ისევ ითამაშებთ?

- რა თქმა უნდა. რეალობას ადეკვატურად ვაფასებ და ნამდვილად არა მაქვს პრეტენზია, რომ ყველა მატჩში მინიმუმ 20 წუთი უნდა ვითამაშო. თუ ნაკრებს დავჭირდები, მზად ვარ, მოედანზე თუნდაც 4-5 წუთი გავატარო, ან სულაც სათადარიგოთა სკამიდან გავამხნევო მეგობრები. ასე რომ, თუ ნაკრებს კიდევ დასჭირდება ჩემი გამოცდილება, გამომიყენონ.

- უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩვენი მეტოქეები იქნებიან 2013 წლის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე. როგორ ფიქრობთ,  საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლას გაისადაც მოახერხებს?

- ვფიქრობ, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი ჩვენი გუნდისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი ევრობასკეტი. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ჩვენი ქვეჯგუფის ფავორიტები ესპანეთი და სლოვენია არიან, მესამე ადგილისთვის კი საქართველო, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი იბრძოლებენ. ესპანეთი ევროპის საუკეთესო გუნდია, სლოვენია კი ტურნირის მასპინძელი და გულშემატკივართა მხარდაჭერა გარანტირებული ექნება. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, პოლონეთსა და ჩეხეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ხორვატიასთან მატჩისას "ჩვენი დღე" იქნება.