სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

წლის ბოლოს მსოფლიოს სპორტული სამყარო საუკეთესო სპორტსმენების დასახელებასა და დაჯილდოების ცერემონიალების მოწყობას ანდომებს.

სპორტის ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად კმაყოფილია, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ქვეყანას მის საზღვრებს გარეთაც ასახელებენ.

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ დაუგავსპილსის "დაუგავას" ქართველი ლეგიონერი მამუკა ღონღაძე ლატვიის უმაღლესი ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარა. 27 წლის ღონღაძე 33 მატჩში 18 გატანილი გოლით ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ გოლების დახმარებით კი "დაუგავამ" არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა უა-ფოოტბალლ.ცომ-ის მიერ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად სეზონის აღმოჩენათა რიცხვში 20 ფეხბურთელს შორის 2 ქართველია. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შესაბამისად, ლვოვის "კარპატისა" და მარიუპოლის "ილიჩივეცის" ფეხბურთელებმა ლევან ყენიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა გამოკითხვის შედეგად მე-8 და მე-14 ადგილები დაიკავეს.

ბრიტანულმა გამოცემა ჭორლდ შოცცერ-მა კი 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა. არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდარული მოთამაშე ამ ტიტულს აქამდე ორჯერ –- 2009 და 2011 წლებში ფლობდა. ამავე გამოცემამ წლის საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე, ხოლო გუნდად მისივე გაწვრთნილი "ფურია როხა" დაასახელა.

ფიფამ კოსოვოს საფეხბურთო კლუბებს ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის უფლება მიანიჭა. ამიერიდან ამავე უფლებით კოსოვოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებებიც ისარგებლებენ. ცნობისათვის: კოსოვო არ არის ფიფას წარმომადგენელი ქვეყანა.

საკალათბურთო ევროლიგის 16 უძლიერეს გუნდს შორის ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" და გიორგი შერმადინის "მაკაბი" იასპარეზებენ. სამწუხაროდ, მანუჩარ მარკოიშვილის "მაპორო კანტუ" ტურის დასკვნით შეხვედრაში სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" 69:77 დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩა. ქართველმა ლეგიონერმა თანაგუნდელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო - 36 წუთი დაჰყო. მან 20 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თურქულ კლუბთან გასვლაზე მოსაგებად.

ასპარეზობის მეორე რაუნდში საუკეთესო 16 კლუბი 2 ჯგუფში გადანაწილდება და თითოეული მათგანი წრიული სისტემით 14 მატჩს გამართავს. საუკეთესო 4-4 გუნდი 9-დან 25 აპრილამდე სამ მოგებამდე მეოთხედფინალში იასპარეზებს, გამარჯვებულები კი 10-12 მაისს "ოთხთა ფინალს" ლონდონში გაათამაშებენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში, "ბათუმთან" გამოტოვებულ მატჩში 38:8 მოგების შემდეგ, "ლელო" ლიდერობს. ლევან მაისაშვილის გუნდმა 12-დან 11 მატჩი მოიგო და "არმიას" 2 ქულით გაუსწრო. სეზონი კი მომავალი წლის 16 თებერვალს განახლდება.

გასულ კვირას, როგორც იქნა, მესამე ცდამ გამოავლინა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობა. ხმის უფლების მქონე დელეგატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამიერიდან ეროვნულ ძიუდოს დავით ქევხიშვილი გაუძღვება.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კი უკვე მეორე ვადით გრიგოლ ცაავა აირჩიეს.

არჩილ ბენაშვილი