ქართულმა ბორჯღალმა "იაგუარებიც" ჩაიხვია - კვირის პალიტრა

ქართულმა ბორჯღალმა "იაგუარებიც" ჩაიხვია

ქართული რაგბი 50 წლისაა...1959 წლის შემდეგ დავდევთ ოვალურ ბურთს, ამ ვაჟკაცურ თამაშში დიდი ტრადიციებიც გვაქვს, მაგრამ მსოფლიომ სულ რამდენიმე წლის წინ გაგვიცნო ხეირიანად და საბედნიეროდ, მხოლოდ დადებითი კუთხით... ერთა თასის მფლობელები ვართ, წინა მსოფლიო თასზე მსოფლიო გავაოცეთ, სულ წინ და წინ მივიწევთ და რაც მთავარია, ქართველი მორაგბეები ქომაგში ვაჟკაცობასთან, თავდაუზოგავობასთან, მოედანზე დატოვებულ სულსა და გულთან ასოცირდებიან...

იუბილეს ჯეროვანი აღნიშვნა სჭირდება და თბილისს არაერთ ბობოლა სტუმართან ერთად უძლიერესი ნაკრებიც ესტუმრა. არგენტინის A ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა იმ კრებულებს შორის, ბოლო წლებში თბილისში რომ ჩამოსულა.

არგენტინულმა რაგბიმ ისეთ მასშტაბებს მიაღწია 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, პლანეტის უძლიერესი სარაგბო ქვეყნების - სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მორაგბეების მხარდამხარ იბურთავებს და "სამი ერის" ქვეყნებს მეოთხე წევრად დაემატება. 2007 წლის მსოფლიო თასზე არგენტინელებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან, მასპინძელი საფრანგეთი კი ორივე შეხვედრაში დაჯაბნეს. აი, ასეთი მძლავრი გუნდისთვის ევალება მორაგბეების გაზრდა არგენტინის A, ანუ მეორე ნაკრებს, რომელიც ქართველმა ბორჯღალოსნებმა 24:22 დაჯაბნეს...

"იაგუარებმა" (არგენტინელთა მეტსახელია) ანგარიში ბოლო წამებზე გატანილი ერთადერთი ლელოთი შეალამაზეს, თორემ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები იყვნენ წინ. ავსტრალიელი ტიმ ლეინის მიერ დამოძღვრილმა ბორჯღალოსნებმა პირველი ნახევარი სულაც 21:12 მოიგეს. არგენტინელები მართლაც იაგუარივით ფეხმარდები გამოდგნენ, ხელდახელაც კარგად ბურთაობდნენ, მაგრამ რაც უნდა ფეხმალი იყო, ქართულმა ბორჯღალმა თუ ჩაგიხვია, ვეღარაფერი გიშველის...

არადა, არგენტინელები საქართველოში "გასასეირნებლად" და "საიუბილეო საჩუქრად" ნამდვილად არ ჩამოსულან. სხვა შემთხვევაში, რა რჯიდათ, თბილისს მატჩამდე ლამის ერთი კვირით ადრე რომ ეწვივნენ და დღეში ორჯერადი(!) ვარჯიშებით მოიკლეს თავი? ვაჟკაცური ხასიათით მთელ მსოფლიოში გამორჩეულმა არგენტინელებმა კარგად უწყოდნენ, ვის წინააღმდეგაც უწევდათ თამაში და გამარჯვებისთვის არც ცდა დაუკლიათ, თუმცა...

საქართველოს ნაკრები, რომელიც თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდა მომხდურთ, დაგვპირდა, რომ საიუბილეო შეხვედრას აუცილებლად მოიგებდა და სიტყვა შეასრულა კიდეც. რამდენიმე თვის წინ ჩერჩილის თასზე ნაჩვენები უსახური თამაშის შემდეგ, მკერდზე ბორჯღალამოტვიფრულებს ქომაგის წინაშე რეაბილიტირება სწყუროდათ. ზემოაღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა წამყვანი მორაგბე აკლდა და თავის გამართლება სხვა არაერთი ობიექტური მიზეზითაც შეეძლო. თუმცა, მორაგბეები ნამუსიანი ხალხია - თავის მართლება კი არ დაუწყიათ, სათქმელი "ეროვნულის" სველ მინდორზე თქვეს და სავსე ტრიბუნებს ალალი ტაშიც მოსწყვიტეს...

თავსხმა წვიმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იქცა აკომპანემენტად. იქამდე მასპინძლები დომინირებდნენ და აქვსენტი გიორგაძისა და დავით ხინჩაგაშვილის ლელოებისა და მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი დარტყმების წყალობით პირველი ნახევარი 21:12 მოიგეს. შესვენების შემდეგ უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ, თუმცა არგენტინელები ქულების დაგროვებას მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით ახერხებდნენ და ერთხელ არეკნსაც გამოჰკრეს ხელი. "იაგუარებს" ლელოს შანსი რამდენჯერმე მიეცათ, თუმცა ყველა ამ ეპიზოდში საკუთარ თავზე იწვნიეს, თუ რას ნიშნავს ქართულ შერკინებასთან შეჭიდება და როგორც ზემოთ ვთქვით, მხოლოდ ერთადერთხელ, არბიტრის მიერ წამატებულ დროში შეძლეს ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთიანად შეღწევა.

თუმცა, ეგ არაფერი. მთავარი ის კი არ არის, რამდენი ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ, არამედ ის, რომ ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო და ათიათასობით გულშემატკივარი სტადიონიდან მხოლოდ სველი კი არა, ამაყი და ბედნიერიც გაისტუმრა...

ჰო, იუბილესთან დაკავშირებით, - იქამდე ორი მატჩი გამართა ახალშექმნილმა საქართველოს A ნაკრებმა - ჯერ პოლონეთის ეროვნულ გუნდს მოუგო 54:5, საქართველო-არგენტინამდე ერთი დღით ადრე კი უკრაინის მთავარი ნაკრები დაამარცხა 26:10.