ქართული სპორტი - 2012 - კვირის პალიტრა

ქართული სპორტი - 2012

2012წელი სპორტული მოვლენებითაც დატვირთული იყო. მით უმეტეს, სწორედ წელს გაიმართა ორი ისეთი ტურნირი, გულშემატკივარი ოთხი წლის განმავლობაში რომ ელის - ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. კონტინენტის საფეხბურთო პირველობაზე მოხვედრა ქართველებისთვის ჯერაც ოცნებად რჩება, აი, ლონდონის ოლიმპიადაზე კი ჩვენთვის სარეკორდო რაოდენობის სპორტსმენი გავგზავნეთ, თუმცა... ქართულ სპორტში მომხდარ მთავარ მოვლენებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი. ოღონდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა "წლის პალიტრის" ეს ნომერი დასაბეჭდად გაიგზავნა, არც საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენის ვინაობა იყო ცნობილი და საუკეთესოები ჯერ სპორტულ ფედერაციათა უმეტესობასაც არ დაუსახელებია...

"ცვლილებათა ქარი"

წლის შეჯამება ბოლო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით უნდა დავიწყოთ. სხვა სფეროების მსგავსად, "ცვლილებათა ქარმა" ქართული სპორტის "ზედა ეშელონებშიც" დაჰბერა - შეიცვალა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ახალი თავკაცი აირჩია სპორტულ ფედერაციათა უმრავლესობამ... ლევან ყიფიანთან ინტერვიუს ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში წაიკითხავთ, სეოკ-ის პრეზიდენტად კი ლერი ხაბელოვი აირჩიეს. რაც შეეხება ეროვნულ ფედერაციებს, ბევრ მათგანში უკვე გაიმართა გეგმური ან რიგგარეშე არჩევნები. რამდენიმე სახეობამ ნდობა ისევ ძველ თავკაცს გამოუცხადა, სხვა შემთხვევებში კი დელეგატებმა ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. შედეგად, ახალი თავკაცები ჰყავთ ძიუდოს (დავით ქევხიშვილი), ჭიდაობის (ლუკა კურტანიძე), ჩოგბურთის (ალექსანდრე მეტრეველი - უმცროსი), კრივის (დავით კვაჭაძე), ფრენბურთის (ირაკლი ჩაჩუა), ველოსპორტის (ომარ ფხაკაძე - უმცროსი), საწყლოსნო სახეობათა (დავით რურუა), მშვილდოსნობის (თენგიზ ტერუნაშვილი), ხელბურთის (ზურაბ კაკაბაძე), ტყვიის სროლის (კახა ბექაური) და ტანვარჯიშის (კონსტანტინე ლაშხი) ფედერაციებს. რაც მთავარია, ქართული სპორტის ახალი ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ სპორტსა და პოლიტიკას საერთო აღარაფერი ექნება.

P. S. იმედია...

წლის აღმოჩენა

წლის აღმოჩენად უდავოდ ლონდონის ოლიმპიადის ერთადერთი ქართველი ტრიუმფატორი - ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი უნდა დავასახელოთ. ოლიმპიურ თამაშებამდე 20 წლის გორელ ფალავანს არათუ მსოფლიო არენაზე, საქართველოშიც ბევრი არავინ იცნობდა. მეტიც, ლონდონურ ტატამზე რომ გავიდა, ლაშა ეროვნულ გუნდში ხუთიოდე თვის გადასული იყო და ოლიმპიურ გამოცდილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატზეც კი არასდროს ეჭიდავა! თუმცა, ყველასთვის უცნობმა ახალგაზრდამ "სულ ერთმანეთზე დააწყო" სახელოვანი მეტოქეები და ფინალამდე ოთხივე შეხვედრა "იპონით" მოიგო. გადამწყვეტ მატჩში, შავდათუაშვილმა 11 წლით უფროს და ბევრად გამოცდილ უნგრელს - მიკლოშ უნგვარს "იუკო" აკმარა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

წლის გუნდი

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ჩამოვიდა და გამარჯვება მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი კინკილა გოლის ხარჯზე მოიპოვა, ერთი კონკრეტული მატჩის "გაძლებისთვის" ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს "წლის გუნდის" წოდებას ნამდვილად ვერ მივანიჭებთ. ამ ნომინაციაში არჩევანის გაკეთება სარაგბო და საკალათბურთო ნაკრებებს შორის მოგვიხდა. მორაგბეებმა წელსაც მოიგეს ევროპის "ერთა თასი", რუსები სარეკორდო ანგარიშით გვემეს და მართალია, იაპონიასა და ტონგასთან დამარცხდნენ, მაგრამ თავისზე ძლიერ ამ ორივე გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშნენ და მსგავსი რანგის მატჩებში გამოუცდელობა და შეცდომები რომ არა, კუდამოძუებულებსაც გაისტუმრებდნენ. საბოლოოდ, არჩევანი მაინც საკალათბურთო ნაკრებზე შევაჩერეთ, რაკიღა იგორ კოკოშკოვის გუნდმა კონკრეტულ შედეგს მიაღწია - ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე! სლოვენიაში გასამართ 2013 წლის ევრობასკეტზე ჩვენი გუნდის მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასპინძელი სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი იქნებიან.

წლის მატჩი

"წლის გუნდის" წევრები თუ არა, ქართველი მორაგბეები "წლის მატჩის" მონაწილეები ნამდვილად არიან: ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თბილისს ისევ ესტუმრა რუს მორაგბეთა ნაკრები და სარეკორდო სხვაობით და ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში პირველად, "მშრალი" ანგარიშით - 46:0 დამარცხდა! რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არისო, ქართველი ქომაგისთვის რუსებთან მატჩი კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ იქნება რიგითი შეხვედრა. ამიტომაც იყო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ყველა ბილეთი მატჩამდე ერთი დღით ადრე სრულად რომ გაიყიდა და მატჩის დროს ტრიბუნებზე დასადგომ ადგილსაც ძნელად იპოვიდით. ქომაგს მოლოდინი არც ბორჯღალოსნებმა გაუწბილეს და პრემიალური ქულისთვის საჭირო ოთხი ლელოს ნაცვლად, "დათვებს" ერთიმეორეზე უკეთესი ექვსი ლელო მიართვეს.

P. S. თბილისში ჩამოსვლამდე, რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯონსმა ნაკრები ისეთი მოთამაშეებით გადაახალისა, ბორჯღალოსნებთან თამაშის გამოცდილება რომ არ ჰქონდათ და ამის მიზეზიც ახსნა: მათ საქართველოსთან მარცხის კომპლექსი არა აქვთო... თუმცა, რამდენად "უკომპლექსოები" გამოდგნენ რუსი მორაგბეები, ანგარიშიც კარგად აჩვენებს.

ოლიმპიადა

შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია ჩვენთვის სარეკორდო რაოდენობის სპორტსმენებით გაემგზავრა, თუმცა, მხოლოდ ერთი ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. მართალია, ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედლის მოჭიდავეებმა სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალიც მიამატეს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ გულშემატკივარი უმაღლესი სინჯის გაცილებით მეტ მედალს ელოდა... მით უმეტეს, ფინალში გამარჯვების რეალური შანსი სამივე "მოვერცხლილს" ჰქონდა. სამწუხაროდ, მანუჩარ ცხადაიაც (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით მოძმანაშვილიც და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (ორივე თავისუფალი ჭიდაობა) მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლები კი რევაზ ლაშხმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით მარსაგიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ (ორივე თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს. რაც მთავარია, ოლიმპიადაზე მოპოვებული შვიდივე მედალი საჭიდაო სახეობებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სხვა სახეობებში ძველებურად გვიჭირს.

საჭიდაო სახეობები ვახსენეთ და ამავე ქვეთავში შეგვიძლია, ოლიმპიადის "მთავარ იმედგაცრუებად" საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დავასახელოთ. საუკეთესო ფორმისგან შორს რომ იყვნენ, ჩვენი ძიუდოისტების მიერ ნაჩვენები შედეგებიდანაც კარგად ჩანს: შვიდი წონითი კატეგორიიდან, ქართველებმა მხოლოდ ერთში ივარგეს და შავდათუაშვილის ოქროც ამ ბიჭის ნიჭისა და გარკვეულწილად, "მოულოდნელობის ეფექტის" დამსახურებაა. თუმცა, ყველაზე მეტად, მაინც ვარლამ ლიპარტელიანის სწრაფმა მარცხმა დაგვწყვიტა გული - ლიპოსგან ხომ ყველანი ოლიმპიურ ოქროს ველოდით.

სკანდალები

წინა წლების მსგავსად, სკანდალების გარეშე არც 2012-ს ჩაუვლია. სხვა რომ არაფერი, საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხომ არა მინდორზე, არამედ... სფფ-ის აღმასკომზე გამოვლინდა! "ზესტაფონმა" და "მეტალურგმა" 2011/2012 წლების სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს, შედეგად კი ჩემპიონატის დებულებას ორივე კლუბი სათავისოდ "კითხულობდა" და ამტკიცებდა, ჩემპიონი სწორედ მე ვარო... ტრაგიკომიკური ვითარების განმუხტვა საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა აიღო და რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ ჩემპიონად იმერული კლუბი გამოაცხადა... ქართველი მოთამაშის მონაწილეობით ხმაურიანი სკანდალი გერმანიაშიც ვნახეთ: დიუსელდორფის "ფორტუნასა" და ბერლინის "ჰერტას" მატჩის მთავარმა არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა განაცხადა, რომ გასახდელისკენ მიმავალს "ჰერტას" ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა ხელი ჩაარტყა... მართალია, თავად კობიაშვილი დღემდე ირწმუნება, რომ შტარკს განზრახ არ შეხებია, მაგრამ ქართველი ვეტერანი ექვსთვიან დისკვალიფიკაციას და 60-ათასევროიან ჯარიმას მაინც ვერ გადაურჩა და მოედანს მხოლოდ იანვრიდან დაუბრუნდება. არადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენს (100 სანაკრებო მატჩი. - ავტ.) ჩატარებული მატჩების მიხედვით გაპირველება ბუნდესლიგის მოქმედ ფეხბურთელებს შორისაც შეუძლია და ამისთვის მხოლოდ ორიოდ მატჩი აკლია.

სკანდალის გარეშე ჩვენთვის არც ოლიმპიადას ჩაუვლია: ლონდონში ჩასულმა ერთადერთმა ქართველმა მოკრივე მერაბ თურქაძემ ოლიმპიადა რინგამდე მიუღწევლად დაასრულა, რადგან დაშვებულ წონაზე... 300 გრამით მეტი აღმოჩნდა! ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა კი განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისადმი" გამოხატული სიმპათიის გამო ზეწოლას ჯერ კიდევ ლონდონისკენ მიმავალ გზაზე გრძნობდა, ბრიტანეთის დედაქალაქში კი ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრის მუქარის გამო, იძულებული გახდა, თავისთვის სასტუმროს ფანჯრიდან გაპარვით ეშველა.

იმედი

მართალია, ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯერჯერობით ვერ გვახარებს შთამბეჭდავი თამაშით, მაგრამ სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გაგვიჩინეს იმედი, რომ ქართული ფეხბურთი "არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს"! საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იგივე მოახერხა 19-წლამდელთა გუნდმაც. 2013 წლის 25-30 მარტს "უმცროსი ჯვაროსნები" ფინალური საგზურისთვის ავსტრიაში იბრძოლებენ მასპინძლებთან, სერბებსა და ირლანდიელებთან ერთად. წარმატების შემთხვევაში, გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდში ითამაშებს ფინალურ ეტაპზე, რომელიც მაისში, სლოვაკეთში გაიმართება. რაც შეეხება 19-წლამდელთა მეტოქეებს, მათ გაცილებით რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რადგან ქვეჯგუფში ინგლისთან, ბელგიასა და შოტლანდიასთან ერთად მოხვდნენ.