ირლანდიას ვერც თბილისში მოვუგეთ - კვირის პალიტრა

ირლანდიას ვერც თბილისში მოვუგეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიის ნაკრების ძლევა ვერც თბილისში მოახერხა და ერთი თვის წინ დუბლინში ნაჩვენები

შედეგი გაიმეორა - 1:1. ანგარიშის გარდა, განვლილი შეხვედრა ირლანდიაში ჩატარებულს იმითაც ჰგავდა, რომ ოთარ გაბელიას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მატჩის მიწურულს მოახერხეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, რაც შეეძლოთ, ცდილობდნენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ მონდომებით ფონს ვერ გახვალ. იმპროვიზაციის ნაკლებობა, უმარტივესი შეცდომები და ლამის ყველა პასი უკან - ასეთი თამაშით გოლის გატანა ძნელი საქმეა. ამის მიუხედავად, მასპინძლები სახიფათო მომენტების შექმნას მაინც ახერხებდნენ და უმეტესწილად ჯანო ანანიძის კარგი თამაშის წყალობით. მიუხედავად იმისა, მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და არც პასი ეშლება და არც კარში დროულად დარტყმა. ჯანომ რამდენჯერაც მიიღო პასი, თამაში იმდენჯერვე გაამწვავა. თუმცა, პირველი გოლი, რა თქმა უნდა, ქართველებმა მიიღეს და ისიც საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში. ანგარიშის გათანაბრება კი შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ 86-ე წუთზე მოახერხა. ქართველ ჭაბუკებს ოთხ მატჩში ხუთი ქულა აქვთ, მომდევნო შეხვედრას კი რამდენიმე დღეში ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ შვეიცარიასთან გამართავენ. ირლანდიასთან მატჩში კი, მიზეზთა გამო, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის, ყენია, მჭედლიძე, ვაწაძე, სანაია და ხიდეშელი გვაკლდნენ...