"ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს... - კვირის პალიტრა

"ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს...

"სპორტული სამყაროს ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებამდე"

"მათ, ვინც გვაკრიტიკებენ, გაიხსენონ, როგორ ინიშნებოდნენ ფედერაციების პრეზიდენტები"

სპორტული ინფრასტრუქტურის რუკა და რამდენიმე ხატი - სულ ეს არის, რაც წინამორბედის კაბინეტს შემატა. სამუშაო პირობებს არ უჩივის და ამისთვის ყოფილი მინისტრის მადლობელია, აი, რაც შეეხება მემკვიდრეობას... "საქართველო დღეს ნამდვილად არ არის სპორტული ქვეყანა. არადა, დიდი წარსულისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ. მინდა, ყველა ქართულ ოჯახში იყოს ერთი სპორტსმენი მაინც, სპორტი მართლა იქცეს ქვეყნის სავიზიტო ბარათად", - ამბობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელიც "ჯერ მხოლოდ დავით ყიფიანის შვილობით" იწყებს.

- ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო ოჯახის მეგობრებით, მაგრამ არ დამავიწყდება, მამა როგორ მიატოვებდა ხოლმე სამეგობროს და დასაძინებლად მიდიოდა, რათა დილის ვარჯიშზე დროულად წასულიყო. ეს ურთიერთობები ჩვენზეც აისახა და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ვატარებ. თუმცა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ისეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა (იცინის)...

- როგორი მამა იყო დათო ყიფიანი?

- შვილებთან საკმაოდ მკაცრი. თავად ყველანაირად მოწესრიგებული იყო და ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა, ოღონდ სიმკაცრე ურთიერთ პატივისცემაზე იყო დაფუძნებული, მოთხოვნაზე მეტად, თხოვნის სახე ჰქონდა და ჩვენთვისაც მამას სიტყვა კანონი იყო! როცა თავად გავხდი მშობელი და საფეხბურთო კარიერაც დავასრულე, ჩემი და დათოს მამაშვილური ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა და ძალიან მწყდება გული, რომ ეს მეგობრობა მამას ნაადრევი გარდაცვალების გამო ხანმოკლე აღმოჩნდა.

- რატომ დაასრულეთ საფეხბურთო კარიერა ნაადრევად?

- ყიფიანის შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა, შენგანაც განსაკუთრებულობას მოითხოვენ. კომპლექსს არ დავარქმევ, მაგრამ გარკვეული წნეხი, ალბათ, ყოველთვის მქონდა და მექნება. ფეხბურთიდან ჩემი წასვლა ხშირმა ტრავმებმა, ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა დააჩქარა და საფეხბურთო კარიერა 26 წლისამ დავამთავრე. ცოტა ხანს ამის შემდეგაც ვთამაშობდი პირველი ლიგის დონეზე, მაგრამ ამას გართობა უფრო ერქვა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და არ მეთმობოდა.

- განსაკუთრებული საფეხბურთო კარიერა არ გქონიათ. თუმცა, მეტის მიღწევა რომ შეგეძლოთ, ამას "შევარდენში" თამაშის დროს თბილისის "დინამოს" კარში გატანილი საოცარი გოლიც ადასტურებს, რომელიც იმ წელს საუკეთესოდ აღიარეს.

- მას შემდეგ 22 წელი გავიდა. ლამაზი გოლები სხვა დროსაც გამიტანია, მაგრამ ის მართლაც გამორჩეული გახლდათ. კიდევ უფრო სასიხარულო კი ის იყო, რომ გოლი გავუტანე თბილისის "დინამოს", რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები იყო და რომლის მწვრთნელიც მამაჩემი გახლდათ! თან, "დინამოს" დუბლებიდან გამოშვებული ვიყავი და მინდოდა, მამასთვის დამემტკიცებინა, რომ შეცდომა დაუშვა. იმ საღამოს შინ რომ დავბრუნდი, მამა როგორც ყოველთვის, მეგობრების გარემოცვაში დამხვდა. გაბრწყინებული სახით მივადექი, როგორი საქმეა, 19 წლის ბიჭმა საქართველოს ნაკრების 4-5 მოთამაშე მოვატყუე და ზაურ ხაპოვს ულამაზესი ბურთი გავუტანე! შექებას ველოდი, მამამ კი მითხრა, არ იცი, გოლი ვის უნდა გაუტანოო? ღიმილი სახეზე შემახმა... ჩემი შეშინებული თვალები რომ დაინახა, მიხვდა, ხუმრობა ვერ გავუგე: გეხუმრე, ბიჭოო, და გულში ჩამიკრა... მაშინ დათო ყიფიანმა ფეხბურთის გამო პირველად შემაქო. შვილებს რომ ვაჩვენებ ხოლმე იმ გოლის ვიდეოჩანაწერს, ძალიან ამაყი ვარ.

- შვილები ახსენეთ და, სანამ სხვა თემებს შევეხებით, მკითხველს ოჯახი გააცანით.

- მყავს მეუღლე მარიამ ცქიტიშვილი და ორი ვაჟი - 16 წლის დათი და 14 წლის ზუკა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის უდიდესი ჯილდო და ცხოვრებაში გატანილი ყველაზე მაგარი გოლი. დათი ფეხბურთს თამაშობს, უმცროსი კი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ფეხბურთელობა ურჩევნია თუ კალათბურთის თამაში. გვარის გამო პასუხისმგებლობას უკვე გრძნობენ - ყიფიანი საქართველოში სხვაგვარად ჟღერს, სხვანაირად უყვართ... თუმცა, მთავარია, საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები იყვნენ, ქვეყანას გამოადგნენ და ოჯახი არასდროს შეარცხვინონ.

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რას საქმიანობდით?

- გავიარე მწვრთნელთა მომზადების პირველი კურსი, რომელიც უფროსმა ნოდარ ახალკაცმა ჩაატარა 1996 წელს. სხვათა შორის, ახალკაცი მეუბნებოდა, მწვრთნელობის პოტენციალი გაქვს და გამოიყენეო. ცოტა ხანს ვიმუშავე კიდეც მწვრთნელად 35-ე სკოლაში. იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით მუშაობას ვაპირებდი, უშიშროების სკოლის კურსიც გავიარე... თუმცა, ეს საჩემო სფერო არ იყო და ისევ სპორტს დავუბრუნდი. სფფ-ში მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობისას ფედერაციაში ბავშვთა ფეხბურთის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, ვმუშაობდი ფუტსალის ასოციაციაშიც. სხვათა შორის, ერთი შესარჩევი ციკლის განმავლობაში ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც ვიყავი. ფედერაციიდან წამოსვლის შემდეგ "ლოკომოტივის" მენეჯერი, 2004 წელს კი კლუბის გენერალური დირექტორი გავხდი. მამას გარდაცვალების შემდეგ, დავაფუძნეთ დავით ყიფიანის ფონდი, იბეჭდებოდა ჟურნალი "ათიანი", მეგობრებთან ერთად შევქმენით ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი". ასე რომ, ფეხბურთის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია.

- სპორტის მინისტრად წარდგენა თქვენთვისაც მოულოდნელი იყო?

- უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ბედნიერი ვარ, რომ როცა "ქართულ ოცნებაში" სპორტის თემატურ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, ნაწილობრივ მაინც მოვახერხეთ სპორტული სამყაროს გაერთიანება - სპორტი გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა გამთიშველი. მინდა, ასეთი ნდობისთვის დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სპორტული სამყაროს ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებამდე! ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ერთად დგომით აუცილებლად შევცვლით მდგომარეობას უკეთესობისკენ. სპორტის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში და ამ ცვლილებით სპორტი რეალურად გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი.

- სპორტში შეუძლებელია მყისიერად რაღაცის შეცვლა. არადა, არჩევნების შემდეგ ხალხი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს და ისევე, როგორც სხვა სფეროში, სპორტშიც ელის სწრაფ პროგრესს.

- რაც უნდა გვეჩქარებოდეს, სპორტი გრძელვადიანი "პროექტია". დღეს ქართული სპორტი, უმეტესწილად, სპორტსმენის და მწვრთნელის ნიჭზეა დაფუძნებული. როცა სწორი ხედვა და სტრატეგია გვექნება, ინფრასტრუქტურულ საკითხებს მოვაგვარებთ, თანდათან მდგომარეობა გამოსწორდება. გარდამავალ პერიოდს საზოგადოებაც გაგებით უნდა მოეკიდოს. მინდა, რომ ვინც ჩემს მერე მოვა ამ კაბინეტში, გამართული სტრუქტურა და მენეჯმენტი დახვდეს და მხოლოდ საქმის უკეთესად გაგრძელებაზე დასჭირდეს ფიქრი.

- ხომ არ არის საშიშროება, სპორტული ფედერაციების თავკაცები ისევ პარტიული სიმპათიების მიხედვით დაინიშნონ?

- საბედნიეროდ, თითქმის ყველა ფედერაციაში, სადაც არჩევნები უკვე გაიმართა, პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოდა. მთავარია, პარტიული ნიშნით აღარავინ ინიშნება. სამწუხაროდ, ჩვენი ფედერაციების უმეტესობას სამართლებრივი ბაზა მოსაწესრიგებელი აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ რაგბის კავშირი ასეთი წარმატებულია, მორაგბეებს ხომ წესდებაც გამართული აქვს და მენეჯმენტიც. კარგი იქნება, თუ სხვა ფედერაციებიც მიჰბაძავენ. ფედერაციის თავკაცი კონკრეტული სახეობის თემმა, სამყარომ უნდა აირჩიოს. და თუ მათთან ერთად ჩვენც დავსხდებით და ვიმსჯელებთ, ეს ჩარევად და ზეწოლად არავინ უნდა აღიქვას.

- ზვიად სიჭინავას "სინდისში ჩახედვა" ურჩიეთ...

- ეს იყო საქმიანი შეხვედრა, ფედერაციების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა. ცალკე სიჭინავასთან ნამდვილად არ მილაპარაკია და ვფიქრობ, მის განცხადებას პოლიტიკური ელფერი უფრო დაჰკრავდა. მათ, ვინც გვაკრიტიკებენ, გაიხსენონ, როგორ ინიშნებოდნენ ფედერაციების პრეზიდენტები. დღეს კი ვეღარავის დანიშნავენ, რადგან ყველგან რამდენიმე კანდიდატია და დელეგატები წყვეტენ, ვის დაუჭირონ მხარი.

- რამდენიმე ფედერაციაში არჩევნების წინ ისევ ერთი პრეტენდენტი დარჩა, რადგან სხვებმა კანდიდატურა მოხსნეს.

- ესეც არჩევნების ნაწილია და სულაც არ ნიშნავს ზეწოლას. ენას ძვალი არა აქვს, ამ ყველაფერს მავანი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს.

- ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ "სინდისში ჩაიხედა" და თანამდებობაზე დარჩება.

- საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, კმაყოფილია თუ არა ქართული ფეხბურთის დღევანდელობით. კარგად ჩანს, ვინ როგორ მუშაობს. ერთი კი ვიცი - სპორტული თვალსაზრისით ბევრად ჩამოვრჩებით ჩვენი მასშტაბის ევროპულ ქვეყნებს. ფეხბურთი არასდროს ყოფილა ერთი კაცის და არც საქართველოში შეიძლება ფეხბურთი ვინმეზე ან რომელიმე თანამდებობაზე იყოს დამოკიდებული. ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს, ე. ი. რაღაცაშია საქმე.

- დავით ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციის არჩევნებამდე, ღამით სამინისტროში დაიბარეთ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებდით.

- ჩვენი გაბარიტებიდან გამომდინარე, ბატონ დავითს ნამდვილად ვერ "მივაწვებოდი". ჩვენი მიზანი ჩარევა ან ზეწოლა კი არა, მხოლოდ ის იყო, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა განგვემუხტა. როცა საქმე იმის გამო ფუჭდება, რომ ორი მხარე საერთო ენას ვერ პოულობს, შუამავლის როლი სწორედ ზემდგომმა ორგანომ უნდა იკისროს.

- თქვით, რომ სპორტი ბიზნესისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- როცა ინვესტორს ეუბნები, მიდი და სტადიონი ან დარბაზი ცარიელ ადგილას ააშენეო, ძალიან ძნელია მისი დაინტერესება. ევროპული მოდელის თანახმად კი აშენებს სახელმწიფო და შემდეგ მართვაში გადასცემს ბიზნესმენს. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლობა ბევრად ადვილია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ხალხი, ვინც სპორტში იმუშავებს - მწვრთნელები, მენეჯერები, სპორტის სამართლის მცოდნეები. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სპორტის აკადემიის აღდგენაზე.

- რა სტადიაშია ეს საკითხი?

- საბედნიეროდ, აკადემიის შენობა გაყიდული არ არის. ჩვენი სპეციალისტები ახლა იმას ადგენენ, შენობა აღდგენას ექვემდებარება თუ ახლის აშენება უფრო იაფი დაჯდება. ახლახან რაგბის კავშირის დახმარებით შოტლანდიიდან ჩამოვიდა რიჩი დიქსონის მეგობარი, სპორტის ექსპერტი და შოტლანდიის პარლამენტის ინტერპარტიული სპორტული ჯგუფის წევრი ჩარლი რებერნი. ის აკადემიის წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ გაუზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ინსტიტუტის მართვა თანამედროვე მეთოდებით. სპორტის აკადემიას სახელი შეეცვლება და სპორტის უნივერსიტეტის სახელით იმუშავებს.

- თქვენ არა მხოლოდ სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრიც ხართ...

- მოვისმინე, ახალგაზრდობას რად უნდა მინისტრიო... ნამდვილად არ მივიჩნევ თავს რომელიმე სტუდენტის ან მოსწავლის მინისტრად. სამინისტროს პრიორიტეტებია ახალგაზრდების განათლების, დასაქმების პრობლემები, სოციალური საკითხები და ა.შ. რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ ისეთ კომკავშირულ მიდგომებზე, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დანერგეს. სახელი შეცვალეს, თორემ კომკავშირი იყო, აბა, რა?

- თქვენი წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა თქვა, ჯერჯერობით, მხოლოდ იმით იწყებს, რომ დავით ყიფიანის შვილიაო. როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენზე მას შემდეგ, რაც ამ პოსტზე მუშაობას დაასრულებთ?

- ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ თუ სპორტულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე ნაგებობა მაინც მიემატება და სპორტში ჩართულ მოზარდთა რაოდენობა გაიზრდება, ვიტყვი, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგი წინ. სპორტი მასობრივი უნდა იყოს. თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, შედეგებს ვერც პროფესიულ სპორტში გავაუმჯობესებთ.