ლეგენდა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს - კვირის პალიტრა

ლეგენდა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს

"ფეხბურთის რომანტიკოსი... მეკარეთა რისხვა... ყველაზე მაგარი ალღოს მქონე ფორვარდი... ამ ქართველმა შეძლო ის, რასაც ბევრი ვერ ახერხებს, იპოვა თავისი ადგილი და ხალხის სიყვარული"...

გეამაყება, როდესაც ქართველ ფეხბურთელს ასეთი ეპითეტებით თანამემამულეები ამკობენ, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა ამ სიტყვებს ამოიკითხავ რუსული ინტერნეტსაიტის რომელიღაც "მიკარგულ" ფორუმზე, მით უფრო, თუ საყოველთაო გაუცხოების მიღმა წააწყდები გულწრფელ სიყვარულსა და სინანულს წარსულის იმ ლამაზ მოგონებებზე, რომელსაც ქართული ფეხბურთი ჰქვია...

ეს სიტყვები რამაზ შენგელიას ეძღვნება, ქართული ფეხბურთის მშვენებას, ასე ნაადრევად გადასულს ზეციურ საქართველოში, მისი ავტორი კი რიგითი რუსი გულშემატკივარია, რომელმაც კიდევ ერთხელ ქედი მოუხარა იმ დღესასწაულს, შენგელიას დაუვიწყარი ოსტატობის წყალობით რომ ეზიარა ოდესღაც.

ახალკაცის ეპოქის თბილისის "დინამო" მართლაც უნიკალური გუნდი გახლდათ. სსრკ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების გულშემატკივრებს, რატომღაც წესად ჰქონდათ, საკუთარი გუნდის შემდეგ უპირველეს სიმპათიას თბილისის "დინამოს" მიმართ გამოხატავდნენ(!). ამის მთავარი მიზეზი კი ქართველ ვირტუოზთა ულამაზესი თამაში იყო, რითაც ასე იხიბლებოდა პუბლიკა. რამაზ შენგელია ახალკაცის აწყობილ ანსამბლში ბოლო აკორდის როლს ასრულებდა და გვირგვინს ადგამდა მთელი გუნდის შემოქმედებას.

ახლა მოდურია უცხოურისთვის მიბაძვა და მათი ფანობა კაიბიჭობად ითვლება. ჩვენში ფეხბურთი სულს ღაფავს და, ალბათ, ამიტომაც იწვევს აღფრთოვანებას, როცა ესპანეთის ნაკრებთან აუტში შეძლებ ბურთის მოგერიებას და გმირად გაცხადებენ(?!). აი, ახალკაცის დროს კი პირიქით იყო: შენგელია და მისი თანაგუნდელები ნებისმიერ გუნდს, იქნებოდა ბაქოს "ნეფთჩი" თუ მადრიდის "რეალი", აქეთ აიძულებდნენ უმისამართოდ ბურთის მოგერიებას და ამას ისე აკეთებდნენ, რომ მეტოქის გულშემატკივრები ლამის ყოველი მატჩის შემდეგ ფეხზე წამოშლილნი უწყობდნენ ოვაციებს.

მადრიდის "რეალი" ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, 1981 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე, რა სანახაობა მოუწყო "დინამომ" მრავლისმნახველ ესპანელ გულშემატკივარს. ფინალში გადასასვლელ მატჩში სწორედ "რეალი" და თბილისის "დინამო" ეცილებოდნენ ერთმანეთს. ქართველებმა "ცეცხლი" დაუნთეს მასპინძლებს, ერთხელ წაიყვანეს ანგარიში... მერე მეორედ... "სანტიაგო ბერნაბეუს" ასიათასიანი პუბლიკა სასიამოვნო შოკში ჩავარდა: ერთი მხრივ, განიცდიდნენ წაგებას და მეორე მხრივ, თვალს ვერ აშორებდნენ დინამოელთა საოცარ ტექნიკას. რამაზ შენგელიას ვერაფერი მოუხერხეს. ის იყო ყველგან და ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა "რეალის" მცველებს. ჯერ გუცაევის ფანტასტიკური დრიბლინგის შემდეგ მოპოვებული პენალტი აქცია გოლად, მერე კი ისე გაიხსნა საჯარიმოში და ისეთი დაურტყა დაბალ კუთხეში, რომ მადრიდელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. დუბლი "რეალთან", მისსავე სტადიონზე(!) - ასეთ შედეგს მხოლოდ დიდი ფეხბურთელები ახერხებენ. ფინალში კი მაინც "რეალი" გავიდა. როგორ? რომ არ ეკადრებოდათ, ისე. ჯერ დათო ყიფიანს მოსტეხეს ფეხი, მერე 5-მეტრიანი თამაშგარე გაგვიტარეს, მერე პენალტიც დაგვიდეს და თამაშიც მორჩა. გასახდელში მიმავალ ქართველებს კი აპლოდისმენტები მაინც გაატანეს იქაურმა გულშემატკივრებმა.

მეორე დღეს მესამე ადგილისთვის გაიმართა მატჩი იმავე არენაზე. თბილისის "დინამოს" წინაშე კიდევ ერთი გრანდი წარდგა - მიუნხენის "ბაიერნი". რამაზ შენგელია ვერც გერმანელებმა გააჩერეს, კიდევ ერთი დუბლი და ამჯერად გამარჯვება, თანაც რა საოცარი - "ბაიერნი" მინდვრიდან გაიქცა. ჰო, ასეთი დროც იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გაიქცა იმიტომ, რომ ქართველებმა პირველი ტაიმის ბოლოს ბურთზე ფეხი აღარ დაადებინეს და ისეთი იერიშების ქარიშხალი დაატეხეს თავს, რომ უმწეო ბავშვების როლიღა დაუტოვეს მეტოქეთა მზარავ რუმენიგეს, ბრაიტნერსა და მის ცხვირაწეულ პარტნიორებს. თავად გერმანული "კიკერი" წერდა ამ მატჩის შემდეგ: "ბაიერნის" ფეხბურთელები მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ქართველებთან კატასტროფა ელოდათ და დიდი ანგარიშით განადგურების სირცხვილს არჩიეს მოედნის დემონსტრაციულად დატოვების სირცხვილიო.

იმავე დღეს ტურნირისთვის დაწესებული ჯილდოები დაარიგეს და ოთხიდან სამი თასი ქართველებმა წამოიღეს. საუკეთესო ბომბარდირის პრიზი რამაზ შენგელიას ერგო, საუკეთესო მოთამაშის - ვოვა გუცაევს და თასი მესამე ადგილისთვის... და მოხდა საოცრება - წამოიშალა ფეხზე "სანტიაგო ბერნაბეუ" და ერთხმად მოუხარა ქედი ქართველ ფეხბურთელებს. პრესა კი აჭრელდა სენსაციური სათაურებით, მათ შორის კი პირდაპირ გრგვინავდა "მარკას" მრავლისმთქმელი რეზიუმე: "ისეთი თამაში, რაც თბილისის "დინამომ" აჩვენა, ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ ამ სტადიონს აღარ მოსწრებია!"

დი სტეფანო კი მადრიდელთათვის იგივე იყო, რაც დღეს მთელი ესპანეთის ნაკრები, ერთად აღებული.

რამაზ შენგელიას გოლები ახსოვს იმ ეპოქის ყველა გრანდს, ვისაც კი შეხვდა "დინამო". ცალკე თემაა იმდროინდელი საბჭოთა ნაკრებიც. დღესაც ჟრუანტელის მომგვრელია თბილისში, ჩეხებთან მატჩის გახსენება, სადაც რამაზმა ორი გოლი გაიტანა და ფაქტობრივად გადაწყვიტა საბჭოთა ნაკრების საგზურის ბედი ესპანეთის მუნდიალზე. ბურიაკის ჩახვეული საჯარიმო და შენგელიას თავური დარტყმა, როგორც იტყვიან, შორეულ ცხრიანში, ზუსტად "კრესტავინასთან". ეს იყო საფეხბურთო კლასიკა. ესეც 1981 წელი გახლდათ, "დინამოსა" და შენგელიას მწვერვალი. იმ სეზონში რამაზი ვერავინ გააჩერა, ყველას გაუტანა, ყველას აჯობა, ბომბარდირიც გახდა და საბჭოეთის საუკეთესო ფეხბურთელიც (მეორედ 1978 წლის შემდეგ!). 24 წლის ასაკში ასეთი მიღწევა არავის ჰქონია და ამიტომაც იყო დიდი ვირტუოზი რამაზ შენგელია.

მას გერდ მიულერს ადარებდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. დასწრებაზე მისნაირი თამაში არავის შეეძლო, ეს ფაქტია. იმავე ჩეხებთან მეორე გოლი გაიხსენეთ. ათიდან ცხრა ფეხბურთელი ვერ გაიტანდა ამ გოლს და იცით, რატომ? უბრალოდ, არ გაჰყვებოდა იმ ბურთს, თენგიზ სულაქველიძემ რომ დაარტყა ჩეხების კარში. სხვათა შორის, მეტოქის მცველებიც გაჩერდნენ. რამაზი კი გაჰყვა, ალბათ, იმ ამოუცნობი საგოლე ალღოს კარნახით, მხოლოდ მას რომ გააჩნდა. ბურთი ძელს მოხვდა და უკან დაბრუნდა, იქ კი რამაზმა გაიელვა და...

გულზე ხელი დავიდოთ, რამდენჯერ მოგვნატრებია რამაზ შენგელია, როცა დღევანდელ ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებთ. ხშირად ერთი გოლის გატანაც კი ოცნებად გვაქვს გადაქცეული, რადგან არავინაა დამაგვირგვინებელი. შენგელიას ფასიც ახლა გავიგეთ უფრო, როცა აღარ არის. წინათ ამას ჩვეულებრივად ვიღებდით და ის უფრო გვიკვირდა, თუ როგორ ტოვებდა თამაშს უგოლოდ დინამოს გოლეადორი. თავადვე მიგვაჩვია და იმიტომ. ასე იოლი გვეგონა დასწრებაზე თამაში და ბურთის კარში შეგორება. თურმე ამას რამაზი ახერხებდა მხოლოდ და ყოველ თამაშში რამდენჯერმე. დღეს, გოლებს ვინ ჩივის, რამდენიმე თამაში უნდა ჩაატარონ და კარში თუ დაარტყეს ერთხელ, უკვე ტაში სწყდება ტრიბუნებს.

დღევანდელ ჭაბუკებს ხშირად უთქვამთ ჩემთვის, წარსულს ნუ მისტირით, დღევანდელზე რატომ არ წერთ ისევე, როგორც იმდროინდელ "დინამოზეო".

დადგით, შვილო, ისეთივე საფეხბურთო შედევრები, როგორსაც შენგელია და მისი პარტნიორები ქმნიდნენ და ყველა თქვენზე ილაპარაკებს. ამ შედევრების შექმნას მხოლოდ მაღალი ხელფასები და პრემიები არ შველის, არც ცალკეულ თამაშებში ერთი ფინტის ჩატარება. გული უნდა ამას, ვარჯიშებზე დაღვრილი ცხრა პირი ოფლი (მეათე კი ვარჯიშის შემდეგ, დამატებით!) და კიდევ საქმის უკიდეგანო სიყვარული, როგორც რამაზ შენგელიას ჰქონდა. ჰკითხეთ ვეტერან დინამოელებს და გეტყვიან, რომ მატჩის შემდეგ გასახდელში ჩასულებისთვის რომ შეგეხედათ, ყველაზე გასაწური მაისური რამაზს ჰქონდაო. ამიტომაც ადარებდნენ გერდ მიულერს და ამიტომაც იყო ლეგენდა, რომელსაც დავიწყება არ უწერია.

P.S. 1-ელ იანვარს რამაზ შენგელიას დაბადების დღეა. პირველი იუბილე მის გარეშე... შარშან "კვირის პალიტრის" საახალწლო ნომერში მივულოცეთ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ეს თარიღი. დამირეკა და როგორც სჩვეოდა, მოკრძალებული მადლობა გადაიხადა: - სიხარულის ცრემლი მადგას თვალზე, რომ არ გავიწყდებითო. ასეთი იყო რამაზი - თბილი, მორიდებული, სიკეთით სავსე. და კიდევ, კაცი - ხაზგასმული ღირსებით. ასეთები არასოდეს კვდებიან, რადგან ხალხისთვის უშურველად გაცემული სიხარული ასმაგად უბრუნდებათ და რჩებიან ლეგენდად, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.