ჩხუბის მონაწილე ყველა მოჭიდავე შერიგდა
14-08-2009


ზვიადაური და გუჯეჯიანი ბოლო შეკრებას გამოტოვებენ

26-30 აგვისტოს როტერდამი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. წლის უმთავრესი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება, 9 აგვისტოდან კი ბორჯომში გადაინაცვლებს და დასკვნით შეკრებას გაივლის.

რამდენიმე დღის წინ ეროვნული გუნდი გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც, სინდელფინგენში ჩატარებულ ტურნირზე, სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი ტრადიცია გაგრძელდა და საქართველოს ნაკრების ირგვლივ, უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ, ისევ სკანდალური ამბები ისმის.

მსოფლიო პირველობის წინ, არასასიამოვნო ამბების წამოწევა ნამდვილად არ გვსურს, თუმცა, შუბი ხალთაში არ
იმალება და საქართველოშიც, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, ყველამ ყველაფერი იცის. არახალია, რომ ნაკრების წევრთაგან რამდენიმე ძიუდოისტს ერთმანეთი გულზე არ ეხატება და ამის გამო ეროვნული გუნდი ლამის ორ ბანაკად არის გაყოფილი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ, კასპში, ჭიდაობის ტურნირზე ჩასულ ზურაბ
ზვიადაურსა და ლაშა გუჯეჯიანს შორის მომხდარი შელაპარაკება გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა და მოჩხუბართა დაშოშმინება მხოლოდ გარშემომყოფთა მეშვეობით მოხერხდა. თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა - «საქმის გარჩევა» ბორჯომში გაგრძელდა და ჯგუფური ჩხუბით დამთავრდა...

გაზაფხულზე თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის წინ მომხდარი სკანდალი, ნაკრების მწვრთნელსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტი, გასული კვირის ინციდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ძიუდოს სამყაროში ყველაფერი რიგზე ვერაა. ამ თემაზე ღიად ლაპარაკი არავის სურს, თუმცა, რესპონდენტად მაინც ნაკრების თავკაცი - შოთა ხაბარელი ავირჩიეთ. მით უმეტეს, რომ თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, სწორედ კასპსა და ბორჯომში მომხდარმა ჩხუბებმა იქონია გავლენა გერმანულ ტურნირზე წამსვლელ მოჭიდავეთა გუნდის დაკომპლექტებაზე. საპირისპიროს ამტკიცებს ხაბარელი, თუმცა, სჯობს, თავად მას მოვუსმინოთ:

- შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ინციდენტი ორ სპორტსმენს შორის მოხდა და სხვა მოჭიდავეებს ის არ ეხება. ასე რომ, ამჟამად ნაკრებში ნორმალური სიტუაციაა...

- თუმცა, ლაპარაკობენ, - ნაკრები ორ ბანაკად არის გაყოფილიო...


- სინამდვილეში, პრობლემა მხოლოდ რამდენიმე მოჭიდავეს ჰქონდა და მთელ გუნდზე ამას ვერ ვიტყვით. შეუძლებელიც არის, ორი კაცის გამო მთელი გუნდი გაიყოს...

- როგორც აღნიშნეთ, ზვიადაურსა და გუჯეჯიანს პირადი კონფლიქტი ჰქონდათ. თქვენ, როგორც დიდი ხნის განმავლობაში მათმა მწვრთნელმა და ნაკრების თავკაცმა, არ სცადეთ გაგერკვიათ, რა ხდება მათ შორის?

- ისე მოხდა, რომ შეკრების დასრულებისთანავე გავემგზავრეთ გერმანიაში და ამ ორ მოჭიდავესთან დალაპარაკების შესაძლებლობა არ მომეცა. თუმცა, დასაკარგი სპორტსმენი არც ერთი არ არის, ახალგაზრდები არიან და ქვეყნისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შერიგდებიან, რადგან ისეთი არაფერი მომხდარა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდონ ერთმანეთს.

- როგორც გავიგეთ, დაპირისპირება ბორჯომში გუნდურ ჩხუბში გადაზრდილა...

- ჩანს, სანამ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოციისგან არ გათავისუფლდნენ, ვერ მოისვენეს. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩვენ ჩავერიეთ და ჩხუბის მონაწილე ყველა მოჭიდავე შერიგდა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ვარჯიშიც ერთად გააგრძელეს.

- მხოლოდ გუჯეჯიანი და ზვიადაური დასაჯეთ?


- ორივე ავტორიტეტული მოჭიდავეა და ასეთი ინციდენტისთვის დაუსჯელი რომ დაგვეტოვებინა, არ იქნებოდა სწორი საქციელი. სასჯელი კი ის არის, რომ ზვიადაური და გუჯეჯიანი ბოლო, მსოფლიო ჩემპიონატისწინა შეკრებას გამოტოვებენ...

- ჩხუბში მონაწილეობის გამო გერმანიაში რომელიმე სპორტსმენის წაყვანა ხომ არ გადაიფიქრეთ?


- გერმანიაში წამსვლელთა შემადგენლობაზე ჩხუბს გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. გუჯეჯიანი ისედაც არ მიმყავდა, რადგან თავის ტკივილი აწუხებდა, ორი შეკრება გამოტოვა და თვითონვე ხვდებოდა, რომ ფორმაში არ იყო. როტერდამის მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ ზვიადაური არ იჭიდავებს. ამიტომაც, გერმანიაში მის წაყვანას აზრი არ ჰქონდა, მას საქართველოს ჩემპიონატზე გამოვცდით... რაც შეეხება დანარჩენებს, ვისი მონაწილეობაც დაგეგმილი გვქონდა, ყველამ იჭიდავა...

- სინდელფინგენში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეთ. თანაც, სამივე ისეთმა მოჭიდავემ, ახალ წონაში რომ გადავიდა: წიკლაურმა, ცირეკიძემ და ლორიაშვილმა...

- თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ გერმანულ ტურნირზე შედეგების მისაღწევად არ წავსულვართ. გვინდოდა, ბიჭებს ახალ წონაში მოესინჯათ თავი, 3-4 სასტარტო ბრძოლა ჩაეტარებინათ და ეს მისია წარმატებით შესრულდა. ფაქტობრივად, სწორედ სინდელფინგენის ტურნირმა გადაწყვიტა, ვინ იჭიდავებს მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, საბოლოო შემადგენლობას ბორჯომში გამოვაცხადებ. შეკრება 22 ავგისტომდე გაგრძელდება, 23-ში კი როტერდამში გავფრინდებით.

- და რას ველით მსოფლიო ჩემპიონატისგან?

- შესაძლოა, ის არასასიამოვნო ინციდენტები, რომლებიც ბოლო დღეებში მოხდა, გუნდის გამოსვლას რაღაც ფორმით დაეტყოს კიდეც, მაგრამ მთლიანობაში ბიჭების მომზადებით კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ ჰოლანდიიდან იმედგაცრუებულები არ დავბრუნდებით...

- იმ ძიუდოისტებზე რას იტყვით, რომლებიც ნაკრებისთვის შეუცვლელები არიან, მაგრამ კარგა ხანია, აღარ უჭიდავიათ... თუნდაც, ლიპარტელიანი.

- ვალერი წელს არც შეკრებების და არც ტურნირებზე გამოსვლის ნაკლებობას არ უჩივის. მას ფეხი გაუმიზეზდა, თუმცა, გერმანიაში ისედაც არ ვაპირებდი მის წაყვანას. ლიპარტელიანი ჩინებულ ფორმაშია და მისგან მედალს ველით. ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ჩვეული ფორმის დაბრუნებას შეძლებენ კედელაშვილი და ქევხიშვილიც...

- მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა ნაკრების გადახალისებას?

- აუცილებლად. ნოემბერში, საქართველოს ჩემპიონატს ჩავატარებთ და ამის შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეიცვლება. მოჭიდავეებთან მკაცრი მოთხოვნა გვექნება - ყველამ, ვისაც ნაკრებში მოხვედრა სურს, საკუთარ წონაში უნდა იჭიდაოს.

- ახალ ოლიმპიურ ციკლში ვართ, იმედისმომცემი თაობა თუ გვეზრდება?

- საუკეთესო თაობა მოდის. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვეზრდებიან და სულ მალე საქართველოს ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?