სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

შობა-ახალი წლის ზეიმი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და სპორტული ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში შედის. გულშემატკივარი კი 2013 წლის პირველი დიდი საჩოგბურთო ტურნირის მოლოდინშია, რომელიც სტარტს დღეს აიღებს მელბურნში და 27 იანვრამდე გასტანს. ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას ასპარეზობის უკლებლივ ყველა ფავორიტი მიიღებს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის. ქართველი გულშემატკივრის ყურადღება კი, რაღა თქმა უნდა, ანა ტატიშვილისკენაა მიპყრობილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 52-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია კი მსოფლიოს ნაკრებების მწვრთნელთა რეიტინგში 94-ე ადგილზე დასახელდა. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ევროპის 2012 წლის გამარჯვებული "ფურია როხას" თავკაცი ვისენტე დელ ბოსკეა, რომელსაც გერმანელთა გუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, ჰოლანდიელი ბერტ ვან მარვიკი და ურუგვაელი ოსკარ ტაბარესი მოსდევენ. საკლუბო მწვრთნელთა შორის კი საუკეთესოდ მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი დიეგო სომეონე აღიარეს, რომელსაც მომდევნო ადგილებზე მხარი აუბეს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, "ბაიერნის" იუპ ჰაინკესმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სერ ალექს ფერგიუსონმა, ქართველ მწვრთნელთაგან კი ყველაზე მაღალი - 305-ე ადგილი, შოთა არველაძეს ერგო.

ლიონელ მესი ზედიზედ მეოთხედ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი. უკვე მერამდენედ ელის ფეხბურთის გულშემატკივარი მესი-რონალდუ “დილემის” ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვეტას, მაგრამ არა მარტო ფეხბურთის სპეციალისტებისთვის, უბრალო გულშემატკივრისთვისაც კი ცხადია, რომ არგენტინელი დღეს საუკეთესოა მსოფლიოში. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კი 2012 წლის საუკეთესო კლუბად "ბარსელონა" დაასახელა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მალტაში ჩატარებულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენებმა ერთადერთი მარცხი ბერძნებთან ანგარიშით 2:4 იწვნიეს, გაანადგურეს ტურნირის მასპინძლები ანგარიშით 10:1 და ბოლო შეხვედრა ინგლისელებთან ფრედ 2:2 დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ევროპირველობის შესარჩევი მატჩები ასევე მალტაში ჩატარდება. საქართველოს მეტოქეები აქ მასპინძელთა გუნდი და მოლდოვა იქნებიან. სამთა ტურნირში გამარჯვებული კი ძირითად რაუნდში ჩეხეთთან, ბელარუსსა და მასპინძელ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას. გადაწყდა, რომ ალეკო ამისულაშვილი "კრასნოდარში"”აღარ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა რუსული კლუბის მაისურით 57 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა.

აქამდე კიევის "არსენალის" მაისურით მოასპარეზე ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე კი ამიერიდან კვლავ დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ითამაშებს. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელიც უაღრესად კმაყოფილია ყოფილ გუნდში დაბრუნებით, შეგახსენებთ, რომ "დნიპროში" მას კიდევ ერთი ქართველი - ჯაბა კანკავა ელოდება. უკრაინულ კლუბში ქართველების პარტნიორობა კი შეიძლება მომავალში ეროვნულ ნაკრებსაც წაადგეს.

არჩილ ბენაშვილი