დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი! - კვირის პალიტრა

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი!

"სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი! თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, ბევრი რამ უნდა მოიკლო და აირჩიო - ან სპორტი, ან გართობა..."

"საჭიდაოდ გასვლის წინ კიმონოს პირჯვარს გადავსახავ ხოლმე... დარწმუნებული ვარ, რომ უფლის წყალობის გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი"

ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ და წლის საუკეთესო სპორტსმენთან ინტერვიუს გთავაზობთ. ეს ის შემთხვევაა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მოწყობილ დაჯილდოების ცერემონიალზე ამ ტიტულის სხვა ნომინანტები არც ჰყოლიათ და პირდაპირ გამოაცხადეს - ლაშა შავდათუაშვილი! 20 წლის კარალეთელმა ჭაბუკმა ლონდონის ოლიმპიადაზე მართლაც ფურორი მოახდინა, ქართულ დელეგაციას ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა და გაცილებით ტიტულოვან მეტოქეებთან ჭიდილში ისე გაჩემპიონდა, კინკილა ქულაც არ დაუკარგავს, ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია, ხუთიდან ოთხი ორთაბრძოლა კი სულაც იპონით მოიგო... ლაშა შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია. მეტიც, ის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური ოქრო მოიგო! ხშირად იმეორებს - სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერიო და... პირდაპირ "ყველაფრით" დაიწყო...

- საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს... სამშობლოში აღიარება განსხვავებული გრძნობაა თუ ლონდონური ემოციების შემდეგ აღარაფერი გიკვირს?

- როცა შენს ქვეყანაში ყველა სახეობის წარმატებულ სპორტსმენებს შორის საუკეთესოდ დაგასახელებენ, უდიდესი სიხარული, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დგომისას განცდილს ვერაფერს შევადარებ, თუმცა, სამშობლოში აღიარებას მართლაც სხვანაირი "გემო" აქვს.

- ოპერაციის შემდეგ, ვარჯიში უკვე განაახლე...

- საზარდულის ოპერაცია ოქტომბრის ბოლოს, ავსტრიაში გავიკეთე და სამი თვის განმავლობაში ექიმები ფიზიკური დატვირთვის უფლებას არ მაძლევდნენ. თუმცა, უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც ვარჯიში განვაახლე, ათდღიანი შეკრება ბაკურიანშიც გავიარე და ნელნელა ვიბრუნებ უწინდელ კონდიციებს. სავარაუდოდ, ტატამს 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის "დიდ სლემზე" დავუბრუნდები, თუმცა, ამ საკითხს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად გადავწყვეტ.

- გამოდის, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (სპორტის სასახლე მსოფლიო თასს 3-4 თებერვალს უმასპინძლებს. - ავტ.) შენი ჭიდაობა გამორიცხულია?

- ალბათ, რადგან თბილისისა და პარიზის ტურნირებს შორის ძალიან პატარა შუალედია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორივეგან გამოსვლა ჩემთვის რთული იქნება.

- 31 იანვარს დაბადების დღე გაქვს. 21-ე იუბილეს ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ხვდები...

- ყოველი წლის 31 იანვარი თავისებურად გამორჩეულია, მაგრამ ასეთი ბედნიერი ჩემს არც ერთ დაბადების დღეს არ შევხვედრივარ (იცინის).

- ლონდონშიც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყავი, მაგრამ მგონია, რომ ბოლომდე მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააცნობიერე, რას ნიშნავს ოლიმპიური ჩემპიონობა...

- მართალია. არაფერი შეედრება, როცა ყოველ ნაბიჯზე უდიდეს სითბოს გრძნობ და ხედავ, რომ შენი წარმატება ყველას ისევე უხარია, როგორც თავად. დიდი მადლობა ყველას, ჩემი სიხარულის გაზიარებისა და ასეთი სიყვარულისთვის.

- ახლა, როცა ლონდონური ტრიუმფიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა, შეგვიძლია "ცივი გონებით" ვუპასუხოთ კითხვას - რის ხარჯზე გახდა ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი?

- ბოლომდე ვიხარჯებოდი, ისე ვჭიდაობდი, რომც წამეგო, საკუთარ თავს ვეღარ დავადანაშაულებდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო და რაღაც დავაკელი.

- გარკვეულწილად, ისიც დაგეხმარა, რომ ფაქტობრივად, არავინ გიცნობდა და მით უმეტეს, 20 წლის უცნობი ახალგაზრდისგან ასეთ აქტიურ ჭიდაობას არ ელოდნენ...

- უფროსებში ხუთიოდე თვის გადასული ვიყავი და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოვასწარი ჭიდაობა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, მერე კი ოლიმპიადის დროც მოვიდა... აქტიურობას რაც შეეხება, სხვაგვარად ვერაფერს მივაღწევდი. ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სპორტსმენები წლობით ემზადებიან, თითოეულ წონით კატეგორიაში 32 უძლიერეს სპორტსმენს შორის რომ მოხვდნენ. მათი უმეტესობა ტიტულოვანი და გამოცდილი მოჭიდავეა და არავინ არაფერს დაგითმობს. მე კი 20 წლის ვარ, დასაკარგი არაფერი მქონდა, თავისუფლად უნდა მეჭიდავა და მეცადა, ისტორიაში შევსულიყავი. უფლის წყალობით, ასეც მოხდა.

- ბევრჯერ გითქვამს, გვარ-სახელები და ტიტულები კი არა, სპორტსმენები ჭიდაობენ და ტატამზე გასვლის წინ მეტოქის ტიტულებს ყურადღებას არასდროს ვაქცევო, მაგრამ თქმა ერთია და, როცა 20 წლის ბიჭის წინ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ებინუმა ან ევროპის მრავალგზის ჩემპიონი უნგვარი დგას, მოწინააღმდეგის ტიტულებზე "თვალის დახუჭვა" ძნელი არ არის?

- ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის (იცინის)... თუ მეტოქის ტიტულების თვლა დაიწყე, მასთან ვერაფერს გახდები. მსოფლიო ჩემპიონად ხომ არ დაბადებულა? ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, იშრომა და გაიმარჯვა. თუმცა, დაუმარცხებელი სპორტსმენი არ არსებობს და სწორედ ამ განწყობით გავდიოდი საჭიდაოდ. ოლიმპიადა იმიტომაც არის ყველაზე პოპულარული ტურნირი, რომ ჩემპიონები იქ თითქმის სულ იცვლებიან. დღეს რომ ჩატარდეს, შესაძლოა, სულ სხვა სპორტსმენებმა გაიმარჯვონ.

- 15 დეკემბერს საპატიო სტუმრის რანგში დაესწარი ტიუმენის საერთაშორისო ტურნირს, სადაც მიკლოშ უნგვარიც იყო ჩასული. რა გითხრა, ოლიმპიადის ფინალში მარცხისთვის შენზე ისევ "გაბრაზებულია"?

- ტიუმენში მისი ნახვის შესაძლებლობა არ მომეცა. აი, ლონდონური ფინალის შემდეგ კი გაოცებული იყო, როცა გაიგო, რომ 20 წლის მეტოქესთან დამარცხდა. ჩემზე 12 წლით უფროსი და გაცილებით გამოცდილია, თუმცა, ფინალში ვიყავი, მინიმუმ ვერცხლის მედალი განაღდებული მქონდა და თავისუფლად ვჭიდაობდი. არ ელოდა, პირველივე წამებიდან ისე აქტიურად თუ შევუტევდი. თავიდანვე ვაგრძნობინე, რომ არაფერს დავუთმობდი და შევატყვე, რომ გატყდა.

- ძიუდოისტებს შორის თუ გყავს მისაბაძი სპორტსმენი?

- ყველაზე მეტად იაპონელი ტადაჰირო ნომურას ჭიდაობა და მისი მიზანდასახულობა მომწონდა, საჭირო დროს იგებდა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზედიზედ გაიმარჯვა ატლანტის, სიდნეისა და ათენის ოლიმპიადებზე.

- შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ კარალეთის წმინდა სამების ეკლესიის სტიქაროსანი ხარ...

- თუ გადაუდებელი საქმე არა მაქვს, წირვას ყოველთვის ვესწრები. საჭიდაოდ გასვლის წინ კი კიმონოს პირჯვარს გადავსახავ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობის გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი.

- 2008 წლის ოლიმპიადისას თუ გიფიქრია მაინც, რომ ოთხი წლის შემდეგ თავადაც გახდებოდი ოლიმპიური თამაშების მონაწილე?

- პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს თბილისში ვიყავი, ჩემი მშობლები კი ომის ქარცეცხლში მოქცეულ კარალეთში... უმძიმესი დღეები გადავიტანეთ, ყველაზე მეტად კი მაშინ გავიხარე, ირაკლი ცირეკიძემ რუს ივან პერშინს რომ მოუგო. ოლიმპიურ ჩემპიონობას კი არა, მაშინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, 2012 წლის ოლიმპიადაზე თუ მოვხვდებოდი.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია, არასდროს შემშურებია, როცა ვინმეს მაგარი ავტომანქანით დავინახავდი. რაღაცნაირად, ყოველთვის მჯეროდა, რომ ოდესმე მეც ვიქნებოდი წარმატებული ადამიანი, მეც მეყოლებოდა ძვირად ღირებული მანქანაო. რას გრძნობ ახლა, როცა გუმანმა არ გიღალატა და უკვე გყავს საოცნებო ავტომანქანა.

- მატერიალურ რაღაცებთან დაკავშირებული მიზნები არასდროს მქონია, მით უმეტეს, BMW  X6-ის შეძენაზე არ მიოცნებია. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ოდესმე ეს ყველაფერი მეც მექნებოდა. სხვისი არასდროს არაფერი შემშურებია. პირიქით, უფლის ყოველთვის მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მაქვს.

- შენი წონითი კატეგორიის შესაბამისად, ავტომანქანის სანომრე ნიშნად 066 გაქვს არჩეული.

- 66 ჩემთვის ბედნიერი რიცხვი აღმოჩნდა, თორემ ასეთ რაღაცებს ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევ. ცრურწმენების არ მჯერა, თუ რამეში არ გიმართლებს, რიცხვებს კი არა, საკუთარ თავს უნდა დააბრალო.

- მაგარი ავტომანქანა, უდიდესი პოპულარობა და ყურადღება - 20 წლის ბიჭისთვის ამდენის "გაძლება" რთული არ არის? ყველას ძალიან დაგვწყდება გული, თუ "ვარსკვლავური ავადმყოფობა" შეგეყრება და ისტორიას მხოლოდ ერთი ტურნირის ჩემპიონად შემორჩები.

- დრო გვიჩვენებს, მაგრამ არა მგონია, პოპულარობამ დათვური სამსახური გამიწიოს. ჩემი საქმე მიყვარს და სანამ შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სამშობლო კიდევ არაერთხელ გავახარო. ვიმეორებ: სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი! თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, ბევრი რამ უნდა მოიკლო და აირჩიო - ან სპორტი, ან გართობა...

- გარდა იმისა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს, იმითაც გამოირჩევი, რომ ხარ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი!

- ესეც დამატებითი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩემი ეიმედებათ და ვალდებული ვარ, წარმატებას მომდევნო წლებშიც მივაღწიო. უნდა დავამტკიცო, რომ ოლიმპიადა შემთხვევით არ მომიგია. მით უმეტეს, ჯერ მსოფლიო ჩემპიონობაც მოსაგები მაქვს და ევროპის პირველობაც...

- ძიუდოს გარდა, რა უყვარს ლაშა შავდათუაშვილს?

- ნადირობა მიყვარს. მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე და "ნადირობას" ვეძახით (იცინის). თუმცა, დატვირთული გრაფიკის გამო ამასაც იშვიათად ვახერხებ.