"იძულებული ვართ, ტკივილი ავიტანოთ..." - კვირის პალიტრა

"იძულებული ვართ, ტკივილი ავიტანოთ..."

ნაგოიაში გამართული ივლისის სუპერტურნირი ელიტურ დივიზიონში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტებმა განსხვავებული შედეგით დაასრულეს. აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა კოკაიმ კარგად დაწყებული ბაშო ძალიან ცუდი შედეგით (5-10) დაასრულა და რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება. სამაგიეროდ, ჩინებულად იჭიდავატოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძემ. 9 გამარჯვება 6 მარცხის წილ - ასეთია 21 წლის ფალავნის მონაგარი და სექტემბრის ბაშოს ის რამდენიმე საფეხურით დაწინაურებული შეხვდება. რატომ ვერ შეძლო ტოჩინოშინმა «კომუსუბის» წოდების მოპოვება, ვინ «აბურთავა» ქართველი სუმოისტი და რატომ ვერ იკეთებენ ოპერაციას ჩვენებური ფალავნები, ამას ლევან გორგაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ნაგოიას ბაშოს შემდეგ, «კომუსუბის» ტიტულს სამის ნაცვლად მხოლოდ ორი სუმოისტი კარგავს. მე კი რეიტინგით «კომუსუბის» წოდების მაძიებელ ორივე მოწინააღმდეგეს ჩამოვრჩებოდი. შესაბამისად, ნაგოიაში ათი გამარჯვებაც რომ მომეპოვებინა, ამჯერად, ამ წოდებას მაინც ვერ მოვიპოვებდი. არა უშავს, მომდევნო ტურნირიც მალე მოვა...

- "ქართული დერბი იაპონიის მიწაზე" - ასე მონათლეს იაპონურ პრესაში შენი და კოკაის მორიგი შეხვედრა. ამჯერად გამარჯვება შენ დაგრჩა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიშიც გაათანაბრე - 2:2.

- დოჰიომ მეგობარი და თანამემამულე არ იცის. საკუთარ ძმას რომ ხვდებოდე, გამარჯვებისთვის მაინც ყველაფერს გაიღებ. ამჯერად, გამარჯვება მე დამრჩა. ლევანი კი ახლა ჩემ გვერდით არის და მეუბნება, ხომ ხედავ, ლომებიც ბერდებიანო (იცინიან).

- ქართველებმა ერთმანეთი ორივეჯერ იორიკირის ილეთით, ანუ მავაშის (სუმოისტის ქამარი) საშუალებით მიწოლით დაამარცხეთ...

- გამარჯვებულმა ოთხივე შერკინება იორიკირით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ იორიკირი ჩემი საყვარელი ილეთია და ძალიან ხშირად ვიყენებ, ვფიქრობ, საქმე მაინც დამთხვევასთან გვაქვს...

- რამდენიმე დღის წინ, ტოკიტენკუსთან შეხვედრისას შენს მეტოქეს მავაში გაეხსნა...

- მხოლოდ მას კი არა, ბრძოლის დროს ქამრები ორივეს გაგვეხსნა. ასეთ დროს მსაჯი მოჭიდავეებს აჩერებს, სუმოისტებს ქამრებს უკრავენ და ორთაბრძოლა ზუსტად იმავე პოზიციაში გრძელდება, რომელშიც ბრძოლის გაჩერების მომენტში იყვნენ. მე უკეთეს პოზიციაში ვიყავი, თუმცა, შუამავალი მსაჯი შეცდა, მე და ტოკიტენკუ ერთმანეთს დაგვაცილა და ხელსაყრელი პოზიციაც დამაკარგვინა. საბოლოოდ, ის შეხვედრა წავაგე კიდეც და მას მერეც, ვერა და ვეღარ გავიმარჯვე...

- ნაგოიაში, ერთ-ერთი მატჩის დროს, ესტონელმა ბარუტომ ხელები შემოგხვია, ჰაერში აგიტაცა და ისე გადაგისროლა დოჰიოს მიღმა... ტოჩინოშინის ჰაერში აწევა ასე ადვილია?

- ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში (იცინის). ბარუტო არაადამიანური ძალის პატრონია და სუმოს სამყაროში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოჭიდავე. 198 სმ-ის სიმაღლის მქონე ესტონელი, თითქმის 200 კილოგრამს იწონის, თუმცა, სუმოში გადამწყვეტი მხოლოდ ფიზიკური ძალა რომ იყოს...

- კოკაის ასეთი ცუდი ასპარეზობა რას უნდა მივაწეროთ?

- კისრის ტრავმა აქვს და ძალიან აწუხებს. ხელებიც სტკივა. ნაგოიას ბაშო მეც მტკივანი ხელებით ვიჭიდავე. ორივე ხელი საოპერაციო მაქვს, მაგრამ... ბაშო ორ თვეში ერთხელ იმართება, ოპერაციის შემდეგ კი, 3-4-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდია საჭირო. რომ ვიმკურნალოთ, ტურნირის გამოტოვება მოგვიწევს, ეს კი ავტომატურად აისახება რეიტინგზე და ელიტიდან გავვარდებით. ამიტომაც არის, რომ მეც და ლევანიც იძულებული ვართ, ტკივილი ავიტანოთ...