სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასული კვირის სპორტული მოვლენები ფრიად აღსანიშნავია სტატისტიკური მომენტებით, რასაც სპორტის მოყვარულები დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე. საუკეთესო ნაკრებების, კლუბებისა თუ მწვრთნელების კატალოგს, ამჯერად უკვე XXI საუკუნის საუკეთესო არბიტრის ვინაობაც დაემატა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ასეთად 50 წლის გერმანელი მსაჯი მარკუს მერკი ცნო. მეორე ადგილი ურუგვაელმა ხორხე ლუის ლარიონდამ დაიკავა, ხოლო მესამე - კოლუმბიელმა ოსკარ ხულიან რუისმა. ქართველი გულშემატკივრისათვის კარგად ნაცნობი პიერ ლუიჯი კოლინა მერვე პოზიციაზეა.

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული სამწვრთნელო ასპარეზზე. ლონდონის "ჩელსის" ადმინისტრაციამ ვერაფრით შეძლო დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცის, იურგენ კლოპის დაყოლიება. გერმანელი სპეციალისტი "არისტოკრატთა" ნებისმიერ შემოთავაზებას უარით პასუხობს. "ჩელსი" აქამდე პეპ გვარდიოლას გადაბირებას იმედოვნებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" უხელმძღვანელებს, "ჩელსი" ბენიტესის შემცვლელის ძებნას უფრო დიდი  შემართებით შეუდგა. იურგენ კლოპის საბოლოო უარის შემთხვევაში "ჩელსის" მომავალ მწვრთნელად დიეგო სიმეონე, იოახიმ ლიოვი ან დევიდ მოიესი მოიაზრებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს მიაჩნია, რომ 39 წლის ნახევარმცველი რაიან გიგზი გუნდს სარგებელს მომავალ სეზონშიაც მოუტანს და კლუბისაგან უელსელთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითხოვს.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კი მორიგი რეკორდი დაფიქსირდა, - "მაიამი ჰითის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ იქცა, ვინც ოცი ათასი ქულის, ხუთი ათასი მოხსნისა და ხუთი ათასი გადაცემის ზღვარს გადააბიჯა. აქამდე ეს კარიმ აბდულ ჯაბარმა, კარლ მელოუნმა, კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა და მათთან ერთად ჯამში 13-მა კალათბურთელმა მოახერხა.

ზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინის" წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. "ატლანტა ჰოუქსის" ქართველ ცენტრს სამმაგ დუბლამდე სულ რაღაც ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ანგარიშით 109:95 მოგებულ მატჩში ფაჩულიამ საკუთარ გუნდს 13 ქულა, 11 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა.

გასულ კვირას სპორტული მოვლენების გარეშე არც ქართული სპორტის სამყარო დარჩენილა. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალურ ტურნირზე მიმდინარე მატჩების შემყურე სპორტის ქართველი ქომაგი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მოლოდინშიცაა.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, რომელიც ორშაბათს არის დანიშნული, სფფ-ის აღმასკომის წევრები დღის წესრიგში დააყენებენ 2012-2013 წლების ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის კალენდრის დამტკიცებისა და ქართველი სპორტის მოყვარულთათვის საინტერესო კიდევ არაერთ საკითხს.

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა კი ეროვნული, ასაკობრივი და ქალთა ნაკრებების ახალი მთავარი მწვრთნელები დაადგინა. ეროვნულ ნაკრებს ვეტერანი სამბისტი ჯონდო მუზაშვილი გაუძღვება. ახალგაზრდებისა და ჭაბუკების მწვრთნელად ავთანდილ ცინცაძე დაინიშნა, ხოლო ქალებს კი ემილ რაში უხელმძღვანელებს.

დასასრულ, სასიხარულო ინფორმაცია, - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ფიფა/"კოკა-კოლას" 2013 წლის რეიტინგში, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად 72-ე ადგილზეა.

არჩილ ბენაშვილი