სამი წელიწადი ვანკუვერის ტრაგედიიდან - კვირის პალიტრა

სამი წელიწადი ვანკუვერის ტრაგედიიდან

"ცოტა ხანში დაიწყება საერთაშორისო სტანდარტის საციგაო ტრასის მშენებლობა, რომელიც ნოდარის სახელობის იქნება"

ბაკურიანიდან ისე ვერ წამოხვალ, ნოდარ ქუმარიტაშვილი რომ არ გაიხსენო. მით უმეტეს, რამდენიმე დღეში ვანკუვერის ტრაგედიიდან სამი წელი შესრულდება.

2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს, სავარჯიშო დაშვებისას 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. ტრაგედია უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე მოხდა, როცა ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვებისას ახალგაზრდა ქართველმა მართვა დაკარგა და 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ბორტს შეეჯახა. დარტყმის ძალამ ბაკურიანელი სპორტსმენი ციგიდან ამოაგდო და ტრასის გვერდით მდგარ ლითონის კონსტრუქციას მიანარცხა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ნოდარი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIL) პასუხისმგებლობა იმავე დღეს(!) მოიხსნეს და გამოაცხადეს, რომ ტრაგედია მოციგავის შეცდომას მოჰყვა! თუ ასეა, რატომ დაფაცურდნენ მხოლოდ ამის შემდეგ? დამცავი კედელი ერთ ღამეში(!) ააშენეს, ტრასის ჯებირები აამაღლეს, რკინაბეტონის ბოძები კი დამცავი ფენით შეფუთეს. დაღუპული ახალგაზრდისთვის "ხელის შეწმენდა" ყველაზე იოლი გამოსავალია, თუმცა, ორგანიზატორებს იმის ხსენება "დაავიწყდათ", რომ უისტლერის ტრასა ერთ-ერთი უსწრაფესია მსოფლიოში. სპორტსმენები ხშირად უჩიოდნენ ტრასის კონფიგურაციას, რის გამოც ქუმარიტაშვილზე ბევრად გამოცდილი სპორტსმენებიც ხშირად კარგავდნენ ციგაზე კონტროლს. მეტიც, ტრაგედიამდეც და მას მერეც რამდენიმე სპორტსმენმა უარი განაცხადა უისტლერის ტრასაზე დაშვებაზე! აღსანიშნავია, რომ საწვრთნელი დაშვებისას, ზუსტად იმ მოსახვევში, რომელიც ქართველისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, ძლივს გადაურჩა ტრაგედიას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი, - მან მართვა დაკარგა, ციგიდან ამოვარდა და 200 მეტრი ზურგზე დაცემულმა ისრიალა. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რუმინელი მოციგავე ვიოლეტა სტრამატურარუც, რომელიც ტვინის შერყევის გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს.

გარდა ამისა, ორგანიზატორები არ დაელოდნენ სავარჯიშო დაშვების დასრულებას და ყინულის მზისგან დაცვის მიზნით ტრასის სპეციალური ტენტებით გადახურვა დაიწყეს. თანაც, პირველ რიგში, უკანასკნელი, ყველაზე სახიფათო მოსახვევი დაფარეს. დახურული ტრასის დროს კი სპორტსმენები, ფაქტობრივად, გვირაბში მისრიალებენ და ვერაფერს ხედავენ. არადა, FIL-ის წესებში მკაფიოდაა ნათქვამი: ყველა დაშვება, ოფიციალურიც და სავარჯიშოც, ღია ხილვადობის პირობებში უნდა მოხდეს.

ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურეს, რომ უისტლერის ტრასა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ ოლიმპიადაზე დიდი იმედით წასული 21 წლის ახალგაზრდის მშობლებისთვის ეს შვება ხომ არ არის?! ბაკურიანიდან წამოსვლამდე ნოდარის მამას გავესაუბრე.

დავით ქუმარიტაშვილი: "ორგანიზატორებმა ჩემი შვილის დაღუპვისთანავე გამოაცხადეს, რომ ტრაგედია მისი გამოუცდელობის გამო მოხდა. არადა, ხომ შეუძლებელია, გამოუცდელმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება შეძლოს? მით უმეტეს, ბაკურიანში საციგაო ტრასა არ არის და ნოდარი ავსტრიასა და გერმანიაში ემზადებოდა. ვანკუვერში გამგზავრებამდე სამი საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიარა და საკმაოდ მაღალი შედეგებიც ჰქონდა. მოგვიანებით, ყველამ აღიარა, რომ მომხდარი სპორტსმენის შეცდომის კი არა, ტრასის გაუმართაობის ბრალი იყო, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? როგორც დაგვპირდნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით აქ ცოტა ხანში დაიწყება საერთაშორისო სტანდარტის საციგაო ტრასის მშენებლობა, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობისა იქნება".

ბაკურიანის იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა, მისივე ხსოვნას მიეძღვნა საფოსტო მარკა და რამდენიმე სიმღერა, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენი... ახალგაზრდა სპორტსმენი მშობლიურ ბაკურიანში, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული, ოღონდ...

დავით ქუმარიტაშვილი: "თავადაც ხედავთ, რომ ნოდარის მემორიალს მხოლოდ ოჯახის მიერ გაკეთებული ღობე აქვს. პროექტის თანახმად, საფლავიც და ტაძრის ეზოც ერთიან ღობეში უნდა ყოფილიყო მოქცეული, თუმცა, დანაპირების ასრულებას დღემდე ვერ ვეღირსეთ. იმის გამო, რომ არც ნორმალური ღობე აქვს და არც ჭიშკარი, ეკლესიის ეზო, ფაქტობრივად, ავტოსადგომად და პირუტყვის საბალახო ადგილად არის გადაქცეული. გვრცხვენია, როცა ვხედავთ, გაოცებული როგორ ათვალიერებენ ხოლმე უცხოელი სტუმრები საქონლის ნაკელით მოფენილ ეზოს... უცხოელები მზად არიან, ნოდარის მუზეუმის გახსნაში დაგვეხმარონ, მაგრამ აქაურობა თუ არ შემოიღობა, მუზეუმს პირველივე ღამეს გაძარცვავენ.

არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ... იმედია, სპორტის ახალი მინისტრი მაინც გამოეხმაურება ჩვენს გულისტკივილს".

ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სამსახური ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებს. მით უმეტეს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალს თითქმის ყოველდღიურად სტუმრობს ძალიან ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი. ძალიან სამწუხაროა, რომ მავანთა დაუდევრობისა თუ უპასუხისმგებლობის გამო 21 წლის პერსპექტიულმა სპორტსმენმა სიცოცხლე ასე ნაადრევად დაასრულა... თუმცა, უკანასკნელი "გამარჯვება" ნოდარმა სიკვდილის შემდეგაც მოიპოვა, - მშობლიურ დაბას საერთაშორისო სტანდარტის საციგაო ტრასას უტოვებს, სადაც, დარწმუნებული ვართ, არაერთი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება. ნოდარ ქუმარიტაშვილი ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი მემორიალი სათანადოდ იყოს მოვლილი. და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში საციგაო სპორტის ფუძემდებელი სწორედ ქუმარიტაშვილების გვარია.

დავით ქუმარიტაშვილი: "თქვენ მკითხეთ, ნოდარის სიკვდილის შემდეგ ხომ არ მოიკლო სპორტის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რიცხვმაო. პირიქით, მსურველთა რაოდენობა გაიზარდა... და როცა ბაკურიანში ტრასა აშენდება, სპორტსმენიც და შედეგიც გაცილებით მეტი იქნება. რაც შეეხება ჩვენს გვარს, საქართველოში საციგაო სპორტის პირველი მერცხლები მართლაც ჩვენ ვიყავით და საბჭოეთის საუკეთესო სპორტსმენებს შორისაც ვირიცხებოდით. მახსოვს, ერთ-ერთი ჩემპიონატის შემდეგ "სოვეტსკი სპორტში" დაიწერა სტატია სათაურით: "Братья Кумариташвили обыграли весь Советский Союз".

P. S. დასასრულ, ერთ საოცარი ამბავიც, რომელსაც ნოდარის დამ, მარიამ ქუმარიტაშვილმა მომიყვა: "ნოდარის გარდაცვალებიდან სამი კვირის შემდეგ, ანუ ზუსტად ჩემი დაბადების დღეს, სახლში მტრედი გვესტუმრა და მას შემდეგ, ყოველდღე, შუადღის 12.00 საათზე მოფრინდებოდა ხოლმე. ბაკურიანში ეს ფრინველი ისედაც იშვიათია, თანაც, ის მტრედი ძალიან უცნაურად იქცეოდა, - ოთახებში ოჯახის წევრივით დააბიჯებდა, ჩვენს საუბარს ადამიანივით უსმენდა, თუმცა, კალთაში მხოლოდ დედაჩემს უჯდებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ბოლოს, მტრედი ნოდარის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ნახეს - ჯერ მის საფლავთან, მოგვიანებით კი სარიტუალო დარბაზის ახლოს. მას შემდეგ აღარ მოფრენილა".