სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

გასულ კვირას ჩვენი ქვეყანა საფრანგეთში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა ასახელეს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასის" ჯგუფური ეტაპი ქართველთა სამმა გუნდმა დასძლია.

ორი მათგანი ერთმანეთს აპრილში მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სულ მცირე, ნახევარფინალში ერთ-ერთი მაინც ითამაშებს. ყველაზე ნაყოფიერი  გამოდგა მეექვსე ჯგუფი, საიდანაც ქართველი ლეგიონერების ორივე გუნდმა გააღწია. ეს გუნდები დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის "ტულონი" და მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" გახლავთ.

დავით ზირაქიშვილისა და ვიტო კოლელიშვილის "კლერმონმა" კი ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოიგო. უკანასკნელ ტურში ფრანგულმა კლუბმა გასვლაზე ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი, უელსის "სკარლეტი" მისსავე მოედანზე მშრალი ანგარიშით 29:0 დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გავიდა.

სხვადასხვა ფრონტზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კალათბურთელებმა. თორნიკე შენგელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა D ლიგის "სპრინგფილდის" მაისურით. თელ-ავივის "მაკაბიდან" ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გადასულმა გიორგი შერმადინმა ლომის წილი შეიტანა ბერძნული კლუბის მიერ თავისი ყოფილი კლუბის დამარცხებაში.  "ოლიმპიაკოსმა" გასვლითი შეხვედრა უმძიმეს ბრძოლაში, ანგარიშით 78:77 მოიგო. ქართველი ცენტრის ნაამაგარი სულ რაღაც 20 წუთის მანძილზე ამ მატჩში 9 ქულა, ამდენივე მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარებაა.

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კაპიტან იკერ კასილასს მარცხენა მუხლზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდება. დაზიანება მან "ვალენსიასთან" შეხვედრაში ალვარო არბელოასთან შეჯახების შემდეგ მიიღო. Kკასილასი, სავარაუდოდ, 6-დან 8 კვირამდე დაემშვიდობება დიდ ფეხბურთს. Pპეპ გვარდიოლამ კი მომავალ სეზონში მიუნხენის "ბაიერნში" ბილბაოს "ატლეტიკის" 20 წლის შემტევი ნახევარმცველის, იკერ მუნიანის გადაყვანა გადაწყვიტა. ბილბაოს შემადგენლობაში ახალგაზრდა ბასკს უკვე 21 გოლი აქვს გატანილი.

ესპანეთის თასის ნახევარფინალები კი საოცარ ფეხბურთს გვიმზადებს. ერთ-ერთი ფინალისტის ვინაობას "ელ კლასიკო" გამოავლენს, ხოლო მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. საპასუხო მეოთხედფინალური მატჩების წინ, ინტრიგას მხოლოდ "მალაგა"-"ბარსელონას" მატჩი ინარჩუნებდა, რადგან "კამპ ნოუზე" გუნდებს ფრედ 2:2 ჰქონდათ ნათამაშევი პირველი შეხვედრა. განმეორებითი მატჩის 69-ე წუთისთვის იგივე ანგარიში იყო დაფიქსირებული, მაგრამ საბოლოოდ კატალონიელებმა იძალეს და 76-ე წუთზე ინიესტასა და მე-80 წუთზე მესის გატანილი გოლებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მადრიდის "რეალს" შეხვდებიან.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მწვრთნელად კი ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა. ნაკრების გაძღოლაში მას ვაჟა ბალხამიშვილი და გიორგი რევაზიშვილი დაეხმარებიან.