სპორტული კვირის პალიტრა
სპორტული კვირის პალიტრა
კულტურის ცენტრ "მუზაში" გაზეთმა "ლელომ" მკითხველის რჩეული, 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. გამოკითხვაში, რომელიც ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ათი ათასზე მეტმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა, 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი კი, მოლოდინისამებრ, ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. მეორე-მესამე ადგილები მორაგბეებმა - მერაბ კვირიკაშვილმა და მამუკა გორგოძემ დაიკავეს.

გასულ კვირას მთელი საფეხბურთო სამყარო მორიგი ელ კლასიკოს მოლოდინში იყო. უნდა ითქვას, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარებულმა ესპანეთის თასის პირველმა შეხვედრამ
გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა, რაც არა იმდენად გატანილი გოლების რაოდენობაზე, არამედ თამაშის ხარისხზე აისახა. მოედანზე იყო ორი უმაღლესი დონის გუნდი, სამწვრთნელო საიდუმლოებებით, დანაკლისებითა და, რა თქმა უნდა, საუკუნოვანი ქიშპით, რაც ამ ბოლო წლებში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დამეგობრებისა და მომრავლებული ურთიერთშეხვედრების გამო, წარსულ ათწლეულებთან შედარებით, ნაკლებად შესამჩნევია,
მაგრამ მაინც... არაერთი საგოლე მომენტისა და უაღრესად მძაფრი ეპიზოდის მიუხედავად, მატჩის საბოლოო სტატისტიკა მეტოქეების მიერ ერთმანეთის კარში გატანილი თითო გოლითა და სამ-სამი ყვითელი ბარათით შემოიფარგლა. ანგარიში მატჩის 50-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა მესის გადაცემის შემდეგ გახსნა. საპასუხო გოლი კი შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, იოზილის მიერ "ბარსელონას" საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, როდესაც რაფაელ ვარანმა იმარჯვა და სამეფო კლუბს ფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. საპასუხო მატჩი 27 თებერვალს "ნოუ კამპზე" გაიმართება. 

ქართველ სპორტის გულშემატკივარს ცალი თვალი საკალათბურთო ევროლიგისკენ უჭირავს, სადაც მოქმედი ჩემპიონის, პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ღირსებას გიორგი შერმადინი იცავს. გასულ კვირას ბერძნულმა კლუბმა სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და ანგარიშით 82:71 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთს დაჰყო. ამ დროში მან 8 ქულას, 3 მოხსნა და თითო ზუსტი გადაცემა და ჩაჭრაც წაამატა. ამ მოგების შედეგად, "ოლიმპიაკოსის" მეოთხედფინალში გასვლის შანსმა მნიშვნელოვნად იმატა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კი თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ევროპის ღია ტურნირის პირველი დღე მისთვის უჩვეულო შედეგით - ოქრო-ვერცხლის გარეშე ჩაამთავრა. ტატამზე გასული 12 ქართველიდან, ბრინჯაოს მედლის მოპოვება მხოლოდ სამმა შეძლო: ამირან პაპინაშვილმა, პაატა მერებაშვილმა (ორივე 60კგ) და ტრისტან ფეიქრიშვილმა (66). ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას ჩატარებული ორთაბრძოლების შესახებ ვერაფერს გეტყვით.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" წლევანდელი გათამაშება ტურნირის დებიუტანტთან - ბელგიის ნაკრებთან სტუმრობით გახსნა.  ბორჯღალოსნებმა გადახალისებული შემადგენლობით და ახალი კაპიტნით ითამაშეს - სამკლავური გიორგი ჩხაიძეს ეკეთა. ყველასათვის მოულოდნელად,  ქართველებმა დიდი გაჭირვებით, მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი ლელოს წყალობით გაიმარჯვეს - 17:13.

არჩილ ბენაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?