ჭიდაობას რა უნდა?! - კვირის პალიტრა

ჭიდაობას რა უნდა?!

ჭიდაობას რა უნდა და... თავში წამორტყმა უნდა?! სხვა რომ არაფერი, ევროპის კარს მომდგარ ჩემპიონატს მშვიდი და ჯანსაღი ატმოსფერო ნამდვილად არ აწყენდა. თუმცა, რა მშვიდ მომზადებაზეა ლაპარაკი, როცა რამდენიმე დღეა, პოლიტიკური პროცესების შემდეგ, ყველაზე დიდი ხმაური სწორედ ჭიდაობის სამყაროდან ისმის. თავად კი ამბობენ, რომ ეს "ოჯახური პრობლემაა" და საჭიდაო სამყარო თავად მოაგვარებს, მაგრამ... ინციდენტი, რომელმაც მოჭიდავეთა ავტორიტეტი გვარიანად შეარყია, 30 იანვარს, "ფალავანთა კლუბში" მოხდა: ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თემურ ყაზარაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ძველი მწვრთნელების გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ მოაწერა, ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. თავად კურტანიძე ირწმუნება, რომ ყაზარაშვილი არ უცემია. "კვირის პალიტრა" ინციდენტის მონაწილე ორივე მხარის კომენტარს გთავაზობთ.

თემურ ყაზარაშვილი: - კურტანიძემ მკითხა, რატომ არ მოვაწერე ხელი ბრძანებას. ვუპასუხე, რომ ძველი მწვრთნელების გათავისუფლება და ახლების დანიშვნა პრეზიდიუმთან არ იყო შეთანხმებული. მაშინ მე და შენ ვერ ვითანამშრომლებთო. თანამშრომლობასთან ეგ რა შუაშია-მეთქი. გინებით მითხრა, წადი და აქ აღარ დაგინახოო. ვუთხარი, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ, ჩემი წასვლა მხოლოდ ყრილობის გადასაწყვეტია და ზრდილობიანი ლაპარაკისკენ მოვუწოდე. მაშინ ხელი მკრა და წამაქცია. შუაში ჩაგვიდგნენ, მაგრამ წიხლი მაინც მომაყოლა...

- მომხდარს რას უკავშირებთ - კურტანიძემ თავი ვერ შეიკავა, ძველი წყენა ამოძრავებდა, თუ რა იყო მისი გაცხარების მიზეზი? მას არაერთხელ უთქვამს,  ბოლო წლების განმავლობაში ნორმალურად ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევდნენო...

- ამტკიცებს, დარბაზში არ მიშვებდნენ და ყველანაირად მიშლიდნენ ხელსო, არადა, სავარჯიშოდ ყოველდღე მოდიოდა. შრომისმოყვარე ბიჭია. ვეუბნებოდი კიდეც, შენსავით ბევრი რომ მევარჯიშა, მსოფლიო ჩემპიონი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე გავხდებოდი-მეთქი... ასე რომ, წინათ არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. როგორც ჩანს, პრეზიდენტი რომ გახდა და მე მოწინააღმდეგე ბანაკში მომიაზრებდა, შეეცვალა შეხედულება.

- ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს,  რომ მეცემა, დღეს ასეთ მდგომარეობაში იქნებოდაო?

- მეტი რაღა უნდა გცემოს კაცმა?! ჯერ ხელი მკრა, მერე წიხლი ჩამარტყა.

- თქვით, რომ მომხდარი "ფალავანთა კლუბში" დამონტაჟებულ ვიდეოთვალზეც იქნება დაფიქსირებული...

- შანტაჟისტი ხომ არ გგონივართ?! საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვარ, ამიტომაც მინდა ვიდეოჩანაწერები გაშიფრონ. გარდა ამისა, მოწმეებიც ხომ არიან.

- ორივე მხარე ამბობს, რომ ეს ამბავი ჭიდაობის სამყაროშივე უნდა მოგვარდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილას საკმაოდ ოპერატიულად გაჩნდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორები...

- ინციდენტის მერე ფედერაციიდან წამოვედი და აღარ შევსწრებივარ აბრამიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს (ვეტერანი მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილი ირწმუნება, რომ როცა ფედერაციის პრეზიდენტს ჰკითხა, რას ერჩოდა თემურ ყაზარაშვილს, ლუკა კურტანიძემ კაბინეტში მასაც სცემა. - ავტ.). "ფალავანთა კლუბში" მოგვიანებით დავბრუნდი. ასე რომ, ვერ გეტყვით, ვინ დარეკა ტელევიზიებში.

- ლუკა კურტანიძის თქმით, კონფლიქტი არა მწვრთნელების გათავისუფლების ბრძანებაზე, არამედ სახელფასო უწყისებზე ხელმოუწერლობას მოჰყვა...

- უწყისებთან რა კავშირი მაქვს? ხელი უნდა მომეწერა ბრძანებაზე, რომელთან ერთადაც სპორტის სამინისტროში იმ ხალხის გვარები იგზავნება ხოლმე, ვისაც სამინისტრომ ხელფასები უნდა ჩაურიცხოს. ამ ბრძანებაში მხოლოდ ახალი მწვრთნელების გვარებია, ძველები კი არ არიან. ხომ შეიძლებოდა, ნაკრების ყოფილი თავკაცები რიგით მწვრთნელებად მაინც დაეტოვებინათ? თანაც, ეს საკითხი პრეზიდიუმთან არ იყო შეთანხმებული. ჩვენი წესდების მე-8 მუხლში კი გარკვევით წერია, რომ მთავარი მწვრთნელების დანიშვნა-გათავისუფლება ფედერაციის პრეზიდენტს მხოლოდ პრეზიდიუმის თანხმობით შეუძლია. ამიტომაც არალეგიტიმურ ბრძანებას ხელს ვერ მოვაწერდი.

- პრეზიდიუმის სხდომა როდის გაიმართება?

- 1-ელ თებერვალს ჩატარდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. საბჭო ითხოვს, მოწვეულ იქნეს პრეზიდიუმი და იქ განვიხილოთ მწვრთნელების საკითხი.

პრეზიდენტის გადაყენების უფლება მხოლოდ ყრილობას აქვს. თუ პრეზიდიუმი გადაწყვეტს, რომ ლუკა კურტანიძეს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება, საარჩევნო ყრილობა დაინიშნება და...

- მომხდარს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა რეზო მინდორაშვილმაც პროვოკაცია უწოდა, - ამ ყველაფრის უკან ის ხალხი დგას, ვინც სიახლეებს ვერ ეგუება და რომელთა გამოც ლამის მთელი კარიერა გამიმწარდაო.

-  რეზო მინდორაშვილი კარგად მიცნობს და იცის, რომ პროვოკატორი არასდროს ვყოფილვარ. გამოდის, კურტანიძესთან წინასწარი განზრახვით მივედი და სპეციალურად ვაცემინე თავი? თუ უკანონო ბრძანებაზე ხელი არ მოვაწერე, ე. ი. ჩემს უკან მაინცდამაინც ვიღაც დგას?

- გასულ პარასკევს თქვენ და ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის მინისტრს შეხვდით...

- ბუნებრივია, მინისტრის სურვილია  დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკითხი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა უნდა გადაწყვიტოს. ლუკამაც მითხრა, ბოდიშსაც მოვიხდი და ყველაფერი დავარეგულიროთო, მაგრამ გუშინ ამტკიცებდა, რომ თურმე ეს ყველაფერი მოვიგონე, სადღაც გადავვარდი და დაზიანებები ასე მივიღე. მოგვიანებით, საბოტაჟშიც დამდო ბრალი... ასეთ კაცს გავუცინო და ვუთხრა, კარგი, შენი ჭირიმე, ვიღებ შენს ბოდიშს-მეთქი?

ლუკა კურტანიძე: - ზოგჯერ ძმებს შორისაც ხდება ოჯახში კამათი, მაგრამ ამას მთელი ოჯახი ხომ არ უნდა გადავაყოლოთ? ლაპარაკია იმაზე, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ამას წლების განმავლობაში ვიღაცასთან მეგობრობა არ ამჯობინოს. მაგრამ თუ ზედმეტად ემოციურად გამოვხატე რამე, ამისთვის როგორც ჩემზე უფროს ადამიანს, გულში ვიკრავ და შენდობას ვთხოვ. მესმის იმ ხალხის, ვინც ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფედერაციას, მაგრამ ქვეყნისთვის ცვლილებები აუცილებელია, ახალი ენთუზიაზმია საჭირო. ყველას შეუძლია ნახოს, როგორი სიხალისე და თავისუფლებაა დარბაზში დღეს, როცა ნაკრებები ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით მუშაობენ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მზადების პროცესში ჭიდაობის სამყაროს დიდი საზრუნავი აქვს და მგონია, რომ ამ ინციდენტზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ.

- თუმცა, ყაზარაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ კამათი არ ყოფილა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ.

- შეიძლება ხმამაღალი ტონით ვუთხარი რაღაც და კიდევ ერთხელ შენდობას ვთხოვ, როგორც უფროს ადამიანს.

- ანუ, მას ხელით არ შეხებიხართ?

- 30 წელიწადია ჭიდილსა და ბრძოლაში ვარ, ბატონმა თემურმა კი ჩემზე ორჯერ მეტი დრო გაატარა სპორტში და ჭიდილი და კამათი მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს(?!). უნდა დავასრულოთ ეს თემა და ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადოთ. თქვენი გაზეთის მეშვეობით, როგორც მსოფლიო ჩემპიონსა და უფროს კაცს, შენდობას ვთხოვ და ვეუბნები, - ქვეყნისთვის საჭირო საქმე ერთად ვაკეთოთ.

- ვეტერანი მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილი ამბობს, რომ ფიზიკურად მასაც გაუსწორდით...

- ბატონმა აბრამიშვილმა საკუთარ გულში ჩაიხედოს და ისე ილაპარაკოს. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ დღეებში ასეთ ინტერვიუებს იძლეოდა, გუშინ შენდობას მთხოვდა. მეც ვპატიობ და უფალმაც აპატიოს ის სიტყვები, რაც ამ დღეების განმავლობაში თქვეს.

- ყაზარაშვილის თქმით, პრეზიდიუმთან შეთანხმების გარეშე ფედერაციის პრეზიდენტს მთავარი მწვრთნელების გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

- ადამიანურად ამბობს, რომ არ ჰქონდა ხელის მოწერის უფლება, თორემ თუ წესდებაში ჩაიხედავთ, ნახავთ, რისი უფლება აქვს. თანაც, მწვრთნელების გათავისუფლების ბრძანებაზე კი არა, სახელფასო უწყისზე იყო ხელი მოსაწერი, რათა მწვრთნელებს ხელფასი მიეღოთ.

- ბატონმა თემურმა თქვა, რომ ახალი მწვრთნელებისთვის ხელფასის დანიშვნის ბრძანებაზე ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ იქ მხოლოდ ახალი მწვრთნელები ეწერა, ძველები კი უხელფასოდ რჩებოდნენ.

- ეს საკითხი გუშინ სპორტის მინისტრთან შეხვედრის დროსაც განვიხილეთ და უწყისთან დაკავშირებული კითხვები აღარ არსებობს. რაც შეეხება გათავისუფლებული მწვრთნელების ხელფასს,  არავინ უხელფასოდ არ დარჩენილა და შემიძლია ეს დოკუმენტურად დაგიდასტუროთ. თუმცა, იმას ნამდვილად ვერ დავუშვებ, ერთი მწვრთნელი ხელფასის სახით 10 ათას ლარს იღებდეს, მისი ათი კოლეგა კი შიმშილით კვდებოდეს.

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე აცხადებდით, რომ თქვენი მთავარი მიზანი საჭიდაო სამყაროს გაერთიანებაა. თუმცა, "ფალავანთა კლუბში" მომხდარი ინციდენტი ამის წინა პირობას ნამდვილად არ იძლევა.

- საზოგადოების დაკვეთას ვასრულებ და ჭიდაობის სამყაროს ვათავისუფლებ იმ სიბინძურისგან, რაც იქ წლების განმავლობაში ტრიალებდა. ცვლილებები კი ტკივილის გარეშე არ არსებობს და რამდენიმე ადამიანი უკმაყოფილო ყოველთვის იქნება. თუმცა, ისინი ქუჩაში არავის დაუტოვებია და როცა საზოგადოება შეიტყობს, რამხელა ხელფასს იღებენ, დარწმუნდება, რომ არავინ დაჩაგრულა.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდიუმი უფლებამოსილებას შეგიჩერებთ და რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას მოიწვევს?

- პრეზიდიუმის მოწვევა წელიწადში ორჯერ შეიძლება, ჩვენ კი ორ თვეში უკვე ორჯერ ჩავატარეთ. რამდენიმე ადამიანის უკმაყოფილების გამო მეტად ნამდვილად ვერ მოვიწვევთ. პრეზიდიუმის სხდომა ნინიას ბაღი არ არის, ვისაც როდის მოუნდება, მაშინ მოიწვიოს.