"ჯიო - ხეორხიანო" - კვირის პალიტრა

"ჯიო - ხეორხიანო"

"კრკიჩს ვუთხარი, ბურთს ხელი გაუშვი, თორემ დაგტოვე მოედანზე-მეთქი..."

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი, გიორგი ჭანტურია უკვე ათი თვეა ბარსელონაში ცხოვრობს და "ბარსა ხუვენილში", ანუ "ბარსელონას" მესამე გუნდში ვარჯიშობს. 16 წლის ფორვარდმა, კატალონიური გრანდის თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით, ერთხელ უკვე ივარჯიშა "ბარსელონას" ძირითად გუნდთან ერთად და მესის, იბრაჰიმოვიჩის, ინიესტას და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ გააგორა ბურთი. რამდენიმე დღის წინ კი, გოლის გატანა ამხანაგურ მატჩშიც შეძლო. "ბარსელონამ" ბოლივიის ჩემპიონ "ბოლივარს" უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა, მესამე გოლი კი ჭანტურიამ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. გიორგი ჭანტურია მხოლოდ უნიჭიერესი კი არა, მტკიცე ხასიათის მოთამაშეც რომ არის, იქიდანაც კარგად ჩანს, "ბარსელონას" მთავარი გუნდის თავდამსხმელ ბოიან კრკიჩს პენალტის დარტყმა რომ არ დაანება და ბურთთან თვითონ მივიდა. დანარჩენებს თავად ჯიო (როგორც თანაგუნდელები ეძახიან) მოგიყვებათ, რომელსაც ბარსელონაში შევეხმიანეთ.

- წინა დღეს დამირეკეს და მითხრეს, ხვალ თამაში გაქვს და სკოლაში არ წახვიდეო. ბაზაზე "ბარსა ხუვენილის", "ბარსა B"-ს და მთავარი გუნდის მოთამაშეები შევიკრიბეთ. "ხუვენილიდან" ორნი ვიყავით, დუბლშემადგენლობიდან ექვსი ფეხბურთელი, "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობიდან კი კრკიჩი, მარკესი, მაქსველი, მილიტო, კეიტა, პედრო და ხეფრენი. ახალგაზრდული გუნდების მოთამაშეები გვარდიოლამ მეორე ტაიმში შეგვიყვანა მოედანზე, მაშინ, როცა ანგარიში 1:0 იყო "ბარსელონას" სასარგებლოდ.

- მესამე გოლი შენს აქტიურობას მოჰყვა...

- ბურთი ცენტრის ხაზთან მივიღე, გზად ორი ბოლივიელი მოვატყუე და საჯარიმოში შესული დარტყმას ვაპირებდი, მცველმა რომ მომცელა. არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, დავარტყი და გავიტანე...

- ჰო, მაგრამ შენამდე ბურთთან კრკიჩი მისულა...

- მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ რომ გაიშვირა ხელი, ბურთთან ბოიანი მივიდა და დარტყმა დააპირა. კინაღამ გავგიჟდი, - ბურთს ხელი გაუშვი, თორემ დაგტოვე მოედანზე-მეთქი (იცინის)... ჩემ მიერ მოპოვებულ პენალტს სხვას დავუთმობდი?! კრკიჩს იმ დღეს თამაში არ "წაუვიდა" და თავის გამოჩენა თერთმეტმეტრიანის გატანით სურდა, თუმცა, არ დავანებე...

- გვარდიოლამ რა გითხრა?

- ყოჩაღო, შემაქო. თამაშის შემდეგ კი მითხრა, მალე შევხვდებითო...

- როგორ მოგმართავს ხოლმე?

- პირველად რომ ვივარჯიშე "ბარსელონას" ძირითად გუნდთან, - ხეორხიანო, როგორ ხარო, - მკითხა. საერთოდ კი "ჯიოს" მეძახიან - გვარდიოლაც და თანაგუნდელებიც.

- ასეთი შეხვედრების ან ერთობლივი ვარჯიშების დროს უფროს-უმცროსობა იგრძნობა ხოლმე? "ბარსელონას" ვარსკვლავები ვარსკვლავის სტატუსს უმცროს თანაგუნდელებთანაც ინარჩუნებენ, თუ კრკიჩის ეპიზოდი გამონაკლისი იყო?

- პირიქით, უმეტესობა ძალზე უშუალოა. ჯიგრები არიან, პატარებს გვამხნევებენ, - აბა, თქვენ იცითო...

- თითქმის ერთი წელია ესპანეთში ხარ, მაგრამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი, ოფიციალურად, ახლახან გააფორმე...

- ხელშეკრულება ძალაში ოქტომბრიდან შევიდა და ის 1+3 სისტემისაა. პირველი ეტაპი 2010 წელს ამოიწურება და მერე, სამწლიან კონტრაქტს მოვაწერთ ხელს.

- ახალ გარემოს როგორ მიეჩვიე?

- ძალიან კარგად. აქამდე გუნდის ბაზაზე ვცხოვრობდი, რამდენიმე დღეში კი ბარსელონაში დედაჩემიც ჩამოვა და საცხოვრებლად კლუბის მიერ ნაქირავებ სახლში გადავალთ.

- "ბარსა ხუვენილში" ვისთან მეგობრობ?

- ესპანელების გარდა, კამერუნელი თანაგუნდელებიც მყავს. თითქმის ყველა მათგანთან ვმეგობრობ, კარგი ბიჭები არიან. ესპანური ენაც ავითვისე უკვე. ასე რომ, კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში ცოტა ხნით ვარჯიშის შესაძლებლობა ლევან ყენიასაც ჰქონდა. ესპანურ კლუბში ლევანი ჯერაც ახსოვთ?

- მითხრეს, ადრე აქ სხვა ქართველი ბიჭიც იყო, ლევანი ერქვაო. თუმცა, ისე ვერ მოაწონა თავი, რომ დაეტოვებინათ.

- ესპანელებმა საქართველოს შესახებ რა იციან?

- თითქმის არაფერი. "ჯორჯია" რომ ვახსენე, აშშ-ის შტატიდან ვეგონე...

- გასაგებია, რომ საფეხბურთო რუკაზე არავინ გვიცნობს, მაგრამ ევროპელებმა შარშანდელი ომის შემდეგადაც თუ ვეღარ გაგვიცნეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე... თავისუფალ დროს როგორ ატარებ ხოლმე?

- სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვსადილობთ, ვისვენებთ და საღამოს ვვარჯიშობთ ხოლმე. ბარსელონაში საკმაოდ ბევრი ქართველია და მეგობრებთან ერთად გართობასაც ვახერხებ...

- 17 წლამდელთა ნაკრებზე რას იტყვი? ცოტა ხნის წინ პალანგის ტურნირი მოიგეთ, ახლა ელიტრაუნდისთვის იბრძვით...

- ბოლოდროინდელი წარმატებებით ყველანი გახარებული ვართ. ახლა მთავარია ასევე გავაგრძელოთ და ელიტრაუნდშიც მივაღწიოთ წარმატებას...

- ნაკრების ლიდერი ხარ, კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გაკავშირებს... 16 წლის ბიჭისთვის ძალიან დიდი დატვირთვა ხომ არ არის?

- სასიამოვნო მოსასმენია, როცა ნაკრების ლიდერად მოგიხსენიებენ. ასეთ დროს, უფლება აღარ გაქვს, ცუდად ითამაშო და დამატებით სტიმულს იღებ. რაც შეეხება გადატვირთვას, მივხვდი, რასაც გულისხმობთ, თუმცა, ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, "ვარსკვლავური ავადმყოფობა" ნამდვილად არ მემუქრება...