"ეშმაკებზე" მეტად "მგლებმა" გვანერვიულეს - კვირის პალიტრა

"ეშმაკებზე" მეტად "მგლებმა" გვანერვიულეს

ევროპის "ერთა თასის" დებიუტანტ ბელგიასთან გაჭირვებით - 17:13 მოგებული  მატჩის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქომაგი პორტუგალიელ "ლობუშთანაც" ("მგლები") ბოლო წუთებამდე ანერვიულა. ბელგიის ნაკრებს მეტსახელად "შავი ეშმაკები" კი აქვს, მაგრამ ჩვენი და მათი ნაკრების ისტორიას თუ შევადარებთ, ბორჯღალოსნებს ბრიუსელში გაცილებით დიდი სხვაობით გამარჯვება მართებდათ. უნდა მოგვეგო და პორტუგალიასაც მოვუგეთ, თუმცა... საბოლოო ანგარიშის (25:12) მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ შერკინების გარდა, პორტუგალიელი "მგლები" სხვა რომელიმე კომპონენტში აშკარად დავჩაგრეთ. დიახ, საქართველოს ნაკრები განახლების გზაზეა, ისიც კარგად გვესმის, რომ გუნდის გაახალგაზრდავების პროცესიცა და თამაშის სტილის შეცვლის მცდელობაც მტკივნეულია, მაგრამ...

თამაშის სტილის შეცვლა ვახსენეთ. მასპინძლებმა კარგად კი დაიწყეს და მართალია, ასევე ვეღარ განაგრძეს, მაგრამ გაშლილ თამაშს მე-3 წუთზე ხმალაძის გატანილი ლელო მაინც მოჰყვა. "ლობუშმა" ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა. ეგ იყო და ეგ - ანგარიში მთელი 54(!) წუთის განმავლობაშIი აღარ შეცვლილა და მატჩის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. თედო ზიბზიბაძის ლელო სტუმრებმა ლეალის ზუსტი საჯარიმოებით გააბათილეს. ძირითადი დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე კი მხოლოდ სამი ქულით ვიყავით წინ და იმავე ზიბზიბაძის ჩინებული რეიდი რომ არა, ვინ იცის... მოკლედ, ფეხმალმა "მგლებმა" გვარიანი თავსატეხი გაგვიჩინეს, - მატჩის დროსაც და მომავალ შეხვედრებზე დაფიქრებისასაც... მით უმეტეს, უახლოესი მატჩი 23 თებერვალს, სოჭში გველის რუს "დათვებთან"...