იაპონიისა და მსოფლიოს ქუთაისელი ჩემპიონი! - კვირის პალიტრა

იაპონიისა და მსოფლიოს ქუთაისელი ჩემპიონი!

ექსკლუზივი

თავადაც აღიარებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა იცნობს... არადა, 21 წლის ასაკში ტარიელ ნიკოლეიშვილმა იმდენი მოასწრო, ბევრი მთელი კარიერის განმავლობაში უშედეგოდ რომ ოცნებობს: არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიოს 2011 წლის აბსოლუტური ჩემპიონი კიოკუშინ-კარატეში, იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული... ბრიტანულმა პორტალმა Kyokushinresults-მა ზედიზედ ორჯერ დაასახელა "წლის მებრძოლად", რაც მანამდე არავის მოუხერხებია... აღსანიშნავია, რომ იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატის არსებობის 43-წლიან ისტორიაში, "ტატო" ნიკოლეიშვილი პირველი უცხოელია, ვინც გაჩემპიონება შეძლო. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ტარიელ ნიკოლეიშვილთან, რომელსაც ერთადერთი "ნაკლი" აქვს - რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობს. პრინციპში, ეს გასაკვირი არც არის, ქართველი კარატისტი ხომ უკვე 15 წელიწადია, ოჯახთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.

- ქუთაისში დავიბადე და საბავშვო ბაღიც იქ "დავამთავრე". მერე კი, ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, მამაჩემმაც რუსეთს მიაშურა და... 5 წლის ასაკიდან მოსკოვში ვცხოვრობ - მშობლებსა და და-ძმასთან ერთად... სხვათა შორის, ქართველ ჟურნალისტს ინტერვიუს პირველად ვაძლევ.

არა მგონია, საქართველოში ბევრი მიცნობდეს.

- ბავშვობის ნათელ მოგონებად რა გახსოვს?

- სწავლის პერიოდში მოსკოვში ვიყავი ხოლმე, ზაფხულობით კი - საქართველოში. არდადეგებს თითქმის სულ მამას სოფელში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ვატარებდი. ყველაზე მეტი მეგობარიც დღემდე იქ მყავს. ბავშვობა მთლიანად ნათელი იყო... ოფშკვითში მეგობრებთან ერთად "ბირჟაობა", სოფლის ფეხბურთი...

- კარატეში როგორ მოხვდი?

- სიმართლე გითხრათ, თავად ნამდვილად არ მქონია დიდი სურვილი, მაგრამ სამაგიეროდ, მამას უნდოდა, კარატეში მევარჯიშა. როგორც კი მოსკოვში ჩავედი, თითქმის მაშინვე მიმიყვანა შოტოკან-კარატეს სექციაში. პარალელურად, ძიუდოშიც ვვარჯიშობდი. 11 წლის ასაკში სახეობა შევიცვალე: გვერდით დარბაზში კიოკუშინ კარატეს სექცია ჩემმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა კარენ გიადუკიანმა გახსნა. დარბაზის დაქირავებაში მამაჩემი მიეხმარა და სავარჯიშოდაც მასთან გადამიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახეობაში თეთრი ქამრიდან მომიხდა დაწყება, კიოკუშინი უფრო მომეწონა და... მოკლედ, მამას დამსახურებაა, კარატისტი რომ ვარ.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტიტული მოიგე. რისი დამსახურებაა ეს?

- უპირველესად უფლის წყალობის, მისი დახმარების... უამისოდ შეუძლებელია, ბრძოლა მაშინაც განაგრძო, როცა ფიზიკური ძალა უკვე გეცლება... კიდევ, ჩემი ოჯახის, მწვრთნელის, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, უნიკალური სენსეი და ადამიანია, ყოველთვის ჩემ გვერდით არის, სპორტშიც და მის გარეთაც. ასევე, ჩემი მეგობრებისა და ნათესავების - საქართველოშიც და რუსეთშიც. კიდევ, აზარტის, სულისკვეთების, გამარჯვების სურვილის, გამართლების...

- პირველი არაიაპონელი ხარ, ვინც იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონატი მოიგო... რა გრძნობა დაგეუფლა და მასპინძლებს რა რეაქცია ჰქონდათ, თასი უცხოელმა რომ წაჰგვარა?

- იაპონელების გარდა, ჩემამდე ეს ტურნირი არავის მოუგია. ვიცოდი, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს კლუბში ნებისმიერ ტურნირზე მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ და უფლის წყალობით გავიმარჯვე კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერ წარმოედგინა. ენით აუწერელი ემოცია იყო... იაპონელები? თავისებური ხალხია - თუ მათი გულის მოგებას შეძლებ, იაპონელთანაც კი შენ გიქომაგებენ.

- იაპონიაში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იყო თუ მსოფლიო ჩემპიონატზე?

- რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს სულ სხვა შეჯიბრებაა, უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქამდე მხოლოდ იაპონელები ან ბრაზილიელები იმარჯვებდნენ.

- მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველს - გოდერძი კაპანაძეს მოუგე. მოგვიანებით, თქვი, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ შეხვედრაში გაგიჭირდა.

- გოგა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კარატისტია - ტექნიკური, ღონიერი, სწრაფი და რაც მთავარია, ქართველი! მართლაც უმძიმესი ბრძოლა იყო, გამარჯვება ორივეს ძალიან გვინდოდა და ტატამზე ბოლომდე დავიხარჯეთ. ფინალში ბრაზილიელ ევერტონ ტეიშეირასთან  ორთაბრძოლისას ვიგრძენი, რომ კაპანაძესთან შეხვედრამ გამასავათა (იცინის).

- 2011 წელს "ოქროს ქამრის" მფლობელი გახდი. ვის აჯილდოებენ ამ პრიზით?

- დაჯილდოების ცერემონიალი კრემლის საკონცერტო დარბაზში ყოველწლიურად იმართება. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობის - კარატეს, უშუს, კიკბოქსინგის, საბრძოლო სამბოს, სუმოს წარმომადგენლებს შორის საუკეთესოებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებენ: "წლის მებრძოლი", "წლის მწვრთნელი" და ა.შ. "ოქროს ქამარი" მე "წლის ყველაზე გამორჩეული შედეგის" ნომინაციაში მომანიჭეს.

- საქართველოს სახელით მოასპარეზე კარატისტს თუ შეხვედრიხარ?

- ჯერჯერობით, არა.

- თუ გიფიქრია საქართველოს სახელით გამოსვლაზე?

- რთული შეკითხვაა... ერთი მხრივ, ძალიან მინდა, მაგრამ არა მგონია, ეს კიოკუშინში მოხერხდეს. სხვა სახეობაში კი... თუ სხვა სახეობაში ვარჯიში გავაგრძელე, აუცილებლად გამოვალ საქართველოს სახელით!

- ბოლოს როდის იყავი საქართველოში?

- გასული წლის აგვისტოში, 10 დღით და, რა თქმა უნდა, არ მეყო, ნათესავების მონახულება ძლივს მოვასწარი (იცინის). საბედნიეროდ, ქართველი მეგობრები მოსკოვშიც მყავს.

- მეტსახელი თუ გაქვს?

- სოფელში "ტაუ ტაუს" მეძახიან, რუსეთში "ტაპოს", მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკელებმა "პუბესი", ანუ "ლომი" შემარქვეს, ჟურნალისტებმა - "დათვი"... მაგრამ ყველაზე ხშირად უბრალოდ "ტატოს" მეძახიან.

- უკვე მოგებული გაქვს ყველაფერი, რაზეც ბევრი სახელოვანი სპორტსმენიც კი მთელი კარიერის განმავლობაში ოცნებობს. 21 წლის ასაკში ამდენის "გაძლება" რთული არ არის?

- ვარსკვლავურ ავადმყოფობას გულისხმობთ? წარმოუდგენელია... ჯერ ერთი, მამაჩემი არ დაუშვებს ამას, მერე - ჩემი მწვრთნელი. მეტიჩრობა არც თავად მიყვარს. ხარ მსოფლიო ჩემპიონი? - ყოჩაღ! არა ხარ? - არა უშავს... რასაც უნდა წარმოადგენდე, მთავარია, ადამიანობა არ დაკარგო.

- სწავლისა და ვარჯიშის შეთავსებას როგორ ახერხებ?

- რუსეთის სახელმწიფო სამშენებლო უნივერსიტეტში ვსწავლობ. თუ მოინდომებ, ყველაფერს მოასწრებ. თანაც, ჩემი ჯგუფელები ყველანაირად მიწყობენ ხელს.

- ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად სპარინგპარტნიორობას ანასტასია ხრიპუნოვა გიწევს. არჩევანი გოგონაზე რატომ შეაჩერე?

- არ მომწონს სიტყვა სპარინგპარტნიორი. მით უმეტეს, როცა ნასტიაზეა ლაპარაკი. ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ძალიან ბევრ ბიჭს მისცემს ფორას ძალაშიც და თავდადებით ვარჯიშშიც. 6-გზის მსოფლიო და 11-გზის რუსეთის ჩემპიონია, თანაც, ზედიზედ! ამ რეკორდს კარგა ხანს ვერავინ გააუმჯობესებს.

- სპარინგპარტნიორი გოგონა უკვე გყავს... და შეყვარებული?

- შეყვარებული არა მყავს. ჯერ ნამეტნავად ახალგაზრდა ვარ (იცინის).

- კარატეს გარდა, რა უყვარს "ტატო" ნიკოლეიშვილს?

- ფეხბურთი, მეგობრებთან ყოფნა, "ჯოკერის" ან "პოკერის" თამაში, ქართულ სუფრასთან ჯდომა, სოფელში, ჰამაკში ნებივრობა (იცინის)...

- K-1-ში ან წესების გარეშე ბრძოლაში მონაწილეობაზე არ ფიქრობ?

- სურვილი ნამდვილად მაქვს, უფრო - წესების გარეშე ბრძოლაში მონაწილეობის. მაგრამ მიზეზთა გამო, ალბათ, სურვილი სურვილად დარჩება.

- რუსებს რა რეაქცია აქვთ, მათი ნაკრების ლიდერები ქართული გვარ-სახელის მქონე კარატისტები რომ არიან? რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გელაპარაკებიან?

- რა უნდა თქვან? - მწვრთნელი სომეხი, მოსწავლე - რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი (იცინის). პოლიტიკაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის. საინფორმაციო ომებმა ერები ერთმანეთს გადაჰკიდა. მაგრამ ვინც უნდა იყოს, საქართველოზე ცუდს არავის ვათქმევინებ და თუ საჭიროა, საკადრის პასუხსაც გავცემ.