სუპერთასის სუპერფასი - კვირის პალიტრა

სუპერთასის სუპერფასი

"ზესტაფონი"  0:0  "დილა"  (პენ. 4:2)

"ზესტაფონმა" საქართველოს სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო: ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თასის მფლობელ გორის "დილას" მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში აჯობა და სუპერ თასების რაოდენობით თბილისის "ამერს" გაუტოლდა. ბოლო ერთი წელიწადია, იმერულმა კლუბმა სათავისო "დილა ვერ გაითენა" (გორელებმა საქართველოს თასის ფინალში 4:1 დაამარცხეს და ეროვნული პირველობის ორივე მატჩიც მოუგეს. - ავტ.) და რევანშის წყურვილის გამო, ამ გამარჯვებას ზესტაფონელებისთვის "სუპერფასი" დაჰკრავდა. ოღონდ, "სუპერ"-თამაში არც ერთ გუნდს არ გამოუვიდა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა სამი ათასამდე ქომაგმა თვალსასეირო ვერაფერი ნახა. უგოლოდ ჩამთავრებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია გახდა საჭირო. ისე, ამ მატჩის გამართვა თურქეთშიც თავისუფლად შეიძლებოდა, რაკიღა წინასასეზონო შეკრება ორივე კლუბმა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში გაიარა და სუპერთასის მფლობელის ვინაობის გარკვევაც იქვე შეეძლოთ.

ხუმრობა იქით იყოს და, სანახაობრივ მატჩს არც არავინ ელოდა, რადგან შეკრება შეკრებაა, წლის პირველი ოფიციალური მატჩი კი, მით უმეტეს - პრინციპულ მეტოქესთან, სხვა. თანაც, ზამთრის შესვენებისას, ახალი ფეხბურთელები ორივე კლუბმა დაიმატა. სახიფათო ეპიზოდი მთელი მატჩის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შეიქმნა და ამ მხრივ გამორჩეული არც დამატებითი დრო ყოფილა. ერთადერთი, რასაც მოედანზე მყოფებს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, თავდაუზოგავი ბრძოლა იყო, ოღონდ ფეხბურთი რომ მხოლოდ ბრძოლა არ არის, ეგეც არახალია. პენალტები კი იმერლებმა უკეთ შეასრულეს: კვირკველიამ ბურთი კარს ააცილა, ბრაზილიელ ლეონარდოს როინ კვასხვაძემ აჯობა და...