"ლეგიას" ქართველი "ლეგიონერი" - კვირის პალიტრა

"ლეგიას" ქართველი "ლეგიონერი"

დვალიშვილი ვარშავაში დარჩა

ვლადიმერ დვალიშვილმა კლუბი შეიცვალა, ქალაქი - არა. ვარშავის "პოლონიაში" გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კარიერას ისევ პოლონეთის დედაქალაქში, ოღონდ, გაცილებით ტიტულოვან და მდიდარ "ლეგიაში" გააგრძელებს. დიდი ბიუჯეტი შემთხვევით არ გვიხსენებია, ლადო ხომ "პოლონიადან" სწორედ იმიტომ წამოვიდა, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბი ხელფასს ვეღარ უხდიდა. საბედნიეროდ, ცუდი პერიოდი უკვე წარსულშია, დვალიშვილი - პოლონური ექსტრაკლასას ლიდერ გუნდშია. 26 წლის ქართველმა პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ორ საკონტროლო მატჩში სამი გოლის გატანაც მოასწრო. ვლადიმერ დვალიშვილი "ლეგიაში" 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს:

- ცრუმორწმუნე ნამდვილად არა ვარ. ასე რომ, როცა თავისუფალი ნომრები ჩამომითვალეს, 13 ბევრი ფიქრის გარეშე ავირჩიე.

- და "ბედნიერი" ნომერიც გამოდგა: ორ საკონტროლო მატჩში სამი გოლი გაიტანე...

- დასაწყისი კარგი იყო და იმედია, ასევე გავაგრძელებ. ჯერ მხოლოდ ხუთი დღეა, რაც ახალ გუნდში ვარ და მიხარია, თავის გამოჩენა ორივე საკონტროლო მატჩში რომ მოვახერხე. მით უმეტეს, "ლეგიაში" კონკურენციაც მაღალია. თუმცა, მთავარია, შედეგიანი ოფიციალურ მატჩებში ვიყო (იცინის). "ლეგიას" მიზანი ყოველ წელს ერთია - ქვეყნის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება.

- "პოლონიასგან" თავის დახსნა როგორ მოახერხე, კლუბთან ხომ კიდევ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაკავშირებდა?

- დავალიანება კი გამისტუმრეს, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მაინც ვეღარ შემინარჩუნებდნენ. კლუბის პრეზიდენტმაც იცოდა, რომ კლუბის გამოცვლა მსურდა და... საბოლოოდ, მაინც ადამიანურად მოიქცა, წასვლაში ხელი აღარ შემიშალა. არადა, მანამდე სულ პრობლემას მიქმნიდნენ...

- "პოლონიაც" და "ლეგიაც" ვარშავის კლუბებია. რა არის მთავარი განსხვავება მათ შორის?

- განსხვავება თვალსაჩინოა - ტიტულების, ფინანსური მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის მხრივ "ლეგია" პოლონეთში პირველი გუნდია. როგორც კი კლუბის ბაზაში შეხვალ, მაშინვე შეატყობ, რომ ძლიერ და ამბიციურ გუნდში მოხვდი.

- "პოლონიას" მოკრძალებული სტადიონის შემდეგ "ლეგიას" შთამბეჭდავ არენაზე თამაში ერთი სიამოვნება იქნება...

- "პოლონიას" საშინაო არენის ტრიბუნები მხოლოდ 7 ათას მაყურებელს იტევდა, "ლეგიას" კი გაცილებით დიდი სტადიონი აქვს. 1930 წელს აშენებული სტადიონის რეკონსტრუქცია 2011 წელს დასრულდა და ამჟამად, "პეპსი არენა" 31 ათასი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი. 15-20 ათასი ქომაგი თითქმის ყველა მატჩს ესწრება, პრინციპული შეხვედრებისას კი ტრიბუნები სავსეა ხოლმე. ვარშავა ლამაზი ქალაქია, აქაურობას უკვე კარგად ვიცნობ. როცა გარემოს შეცვლა არ გიწევს, ნაცნობ ქალაქში ხარ, ახალ კლუბში ადაპტაციაც გაცილებით მარტივდება. ბინის შეცვლაც კი არ დამჭირვებია (იცინის).

- "ლეგია" უმეტესად ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს. ვინ არის შენი მთავარი კონკურენტი ამ პოზიციაზე?

- სერბი თავდამსხმელი დანიელ ლუბოია. ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და არაერთ ძლიერ გუნდში უთამაშია. თუმცა, კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია - მთავარია, თამაშის შესაძლებლობა მქონდეს და თავს არც მე შევირცხვენ.

- პოლონეთამდე, რამდენიმე სეზონი ისრაელში ითამაშე. ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატები რით განსხვავდება?

- ისრაელში უპირატესობას ტექნიკურ და კომბინაციურ თამაშს ანიჭებენ, პოლონეთის ჩემპიონატი კი შედარებით ძალისმიერია. საბედნიეროდ, პოლონურ ფეხბურთთან შეგუება არ გამჭირვებია, აქაც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ვიბრძოდი და მინდა, "ლეგიაშიც" ასე იყოს.

- როგორ ფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში ისეთივე შედეგიანი რატომ ვერ ხარ, როგორიც კლუბში?

- კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია... უპირველესი, ალბათ, ფსიქოლოგიური პრობლემაა: თამაში რომ არ "წაგივა", მომდევნო შეხვედრებში უფრო შებოჭილი ხარ... იმედია, გოლების გატანას ნაკრებშიც მალე დავიწყებ. ყველაზე მეტად ეს მე მინდა!