მკრთალი, მაგრამ მე-17 გაელვება - კვირის პალიტრა

მკრთალი, მაგრამ მე-17 გაელვება

9:23

რუსებს 23 თებერვალიც ჩავამწარეთ

რუსეთთან თამაშზე წერა უკვე აღარ არის ადვილი საქმე. ოცწლიანი სარაგბო დაპირისპირების ისტორიაში მრავალფეროვნება მხოლოდ მოგებული მატჩების ანგარიშებს თუ შეაქვს, თორემ უკვე წლებია, სცენარი არ იცვლება: ვუგებდით, ვუგებთ და მომავალშიც ბევრჯერ დავიბრიყვებთ! რაც უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ, რუსების "სამყოფ" კლასს "ბორჯღალოსნები" მაინც პოულობენ. ასე იყო 23 თებერვალსაც - უამრავი ხარვეზისა და შეცდომის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს "რუსული არმიის დღე" მაინც ჩაამწარა და გამარჯვება ამ დღისთვის ზედგამოჭრილი - 23 ქულითაც მოავარაყა. ისიც ნიშანდობლივია, რომ "დათვები" ამჯერადაც სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე დავიბრიყვეთ, სადაც მათთვის ადრეც არაერთხელ ჩაგვიტარებია რაგბის გაკვეთილი.

ქართულ-რუსული რაგბის 20-წლიან დაპირისპირებაში ეს მე-17 მატჩი გახლდათ და ეს რიცხვი სათაურშიც ამიტომ გამოვიტანეთ. 15 მოგება, თითო მარცხი და ფრე - ასეთია საქართველოს ნაკრების უპირატესობა და ძნელი წარმოსადგენია, უახლოეს მომავალში ეს სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. "წითელი არმიის დღეს" წითელ მაისურებში გამოწყობილი ქართველების დამარცხება რუსებს ორმაგად ესიამოვნებოდათ, ოღონდ... მასპინძელთა ნაცვლად იუბილე ჩვენ ვიზეიმეთ: საქართველოს ნაკრები 150-ედ გავიდა მოედანზე და 90-ე გამარჯვება მოიპოვა!

ეს, რაც შეეხებოდა "დითირამბებს". რეალობა კი ის არის, რომ რაგბის მხოლოდ რუსებს არ ვეთამაშებით და არც სპორტული თვალსაზრისით უმნიშვნელო ამ მეტოქესთან მუდმივი გამარჯვებები გამოგვადგება პროგრეს-რეგრესის საზომად. ქართული რაგბი ახალი გამოწვევების წინ დგას, ახალი სისტემის ათვისებასაც თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესის პარალელურად ლამობს, მაგრამ... 23 თებერვლის მატჩში ჩვენებს ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდათ და გამარჯვებაც მხოლოდ კლასისა და მასპინძელთა უზუსტობის ხარჯზე დაიბევეს. სხვა რომ არაფერი, იმ დროს, როცა ანგარიში 3:6 იყო, რუსებმა ზედიზედ ექვსი (!) საჯარიმო დარტყმა გააცუდეს, ასეთ საჩუქარს კი სხვა ნებისმიერი მეტოქე შეირგებდა... მართალია, ჩვენმა შერკინებამ დამხვდურებს "კატოკივით" გადაუარა, მაგრამ აქედან ბევრი ვერაფერი ვიხეირეთ - ქართველები ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ და ბურთის შენარჩუნებაც უჭირდათ. უამისოდ კი რომელ ახალ სისტემასა და ხელდახელ ბურთაობაზეა ლაპარაკი?!