პა"სპორტი" - ვიქტორ სანიკიძე - კვირის პალიტრა

პა"სპორტი" - ვიქტორ სანიკიძე

- ბავშვობაში რა გინდოდა ყველაზე მეტად?

- ძალიან მინდოდა, საკუთარი შოკოლადის ქარხანა მქონოდა... :)

- ოჯახის წევრები გაგვაცანი.

- მშობლები, ძმა, დეიდა, ბებია და ძაღლი "სმოუქი". :) დედა დიასახლისია, მამა სახელმწიფო უნივერსისტეტში მუშაობს, დეიდა - მუსიკალურ სკოლაში. ჩემი ძმა - ზურა და "სმოუქი" კი, ჯერჯერობით, უმუშევრები არიან. :)

- კალათბურთში როგორ მოხვდი?

- თავდაპირველად, კალათბურთის სექციაში ზურა მიიყვანეს, რადგან ასაკთან შედარებით ძალიან მაღალი იყო. მერე მეც "შევეტენე" :) არადა, საკმაოდ დაბალი ვიყავი.

- რომ არა კალათბურთელი, ვინ იქნებოდი?

- ძნელი სათქმელია... ძალიან მომწონს დიპლომატიური სამსახური და, ალბათ, ამ სფეროში ვიმუშავებდი.

- ჰოროსკოპი...

- ყოველდღიურ პროგნოზს არასდროს ვეცნობი. თუმცა, ჰოროსკოპით "ვერძი" ვარ და როცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებენ ხოლმე, ბევრი რამ ჩემს ხასიათსა და თვისებებსაც ემთხვევა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "ყველაფერი კარგად იქნება"... ხშირად ვუთხრათ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც, ყველაფერი ხომ მართლაც კარგად იქნება.

- ყველაზე უცნაური თვისება, რაც გაქვს...

- ვერ გეტყვით, შეიძლება, მაქვს კიდეც და მე არ მიმაჩნია უცნაურად.:)

- ადამიანი, რომელიც სამაგალითოა შენთვის...

- სხვისი ზეგავლენის ქვეშ არასდროს ვექცევი. შესაბამისად, არც მისაბაძი ადამიანი მყავს.

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საქართველოს გარდა - არსად! ოჯახი და მეგობრები იქ ცხოვრობენ, მათ გარეშე სიცოცხლე კი ვერ წარმომიდგენია...

- წიგნი, რომელიც რამდენჯერმე წაკითხვის მიუხედავადაც არ გბეზრდება...

- წიგნი უმნიშვნელოვანესი რამ არის და მიმაჩნია, რომ ადამიანმა რაც შეიძლება მეტი უნდა იკითხოს. თუმცა, გამეორება არ მიყვარს, ორჯერ არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს...

- კალათბურთის გარდა რა გიყვარს?

- ფეხბურთის თამაში, ავტომანქანები, მეგობრებთან ყოფნა...

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- მატყუარა და ზედმეტად ამბიციური ხალხი.

- იტალიური ანეკდოტი მოგვიყევი...

- თუ იტალიელს ხელები ჯიბეში აქვს, ე.ი. მუნჯია... იტალიელები ხომ სულ ხელებით ლაპარაკობენ. :)