ავსტრიიდან სლოვენიაში - კვირის პალიტრა

ავსტრიიდან სლოვენიაში

2013 წლის ევრობასკეტისთვის მზადების გეგმა ცნობილია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 2013 წლის ევრობასკეტისთვის მზადების გეგმა გამოამზეურა. როგორც ცნობილია, ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა და ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს სექტემბერში, სლოვენიის ქალაქ ცელიეში ჩაატარებს. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, კონტინენტის პირველობისთვის არა ავსტრიულ შტაინბრუნში (სადაც ბოლო წლებში გადიოდა შეკრებას. - ავტ.), არამედ სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში მოემზადოს. თუმცა, შეკრების ადგილზე უფრო მნიშვნელოვანი სპარინგ-პარტნიორები არიან და ამ მხრივ დასაწუნი ნამდვილად არაფერი გვაქვს. 8-24 ივლისს ნაკრები ფიზმომზადებას თბილისში გაივლის, 25 ივლისს გუნდი პოდჩეტრტეკში შეიკრიბება, აგვისტოში კი რამდენიმე ამხანაგურ მატჩსა და ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები თავისთვის უპრეცედენტოდ ბევრ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და ისეთ ძლიერ მეტოქეებს გაეჯიბრება, როგორიც იტალია, პოლონეთი, ისრაელი, საფრანგეთი, სერბეთი, ბოსნია, ლატვია და ლიტვა არიან.