"ძველი ტაქტიკით იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც" - კვირის პალიტრა

"ძველი ტაქტიკით იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც"

"20 წელიწადი ერთი ტაქტიკით რომ თამაშობ, სხვა სტილზე სწრაფად გადასვლა ძნელია. სამწუხაროდ, ქომაგთა ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი, თანაც "ადგილობრივი" კაპიტანი ჰყავს: საფრანგეთში გატარებული წლების შემდეგ, 31 წლის ირაკლი მაჩხანელი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის "არმაზის" ღირსებას იცავს. რას ნიშნავს მისთვის ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავური, სწორი გზით მიდის თუ არა საქართველოს ნაკრები, რა მოხდებოდა, რუს მოთამაშეებს საჯარიმო დარტყმები უფრო ზუსტად რომ შეესრულებინათ და რას უნდა ველოდოთ ესპანელებთან მატჩში - ამ ყველაფერზე ბორჯღალოსანთა ახალი წინამძღოლი ლაპარაკობს.

- არ მეგონა, საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ამხელა პასუხისმგებლობა თუ იქნებოდა... სათამაშოდ გასვლისას, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ნაკრები როგორ ითამაშებს. გუნდის შეკვრა, მობილიზება მევალება,  საჯარიმო კარში დავარტყათ თუ აუტში გადავიტანოთ, ესეც კაპიტნის გადასაწყვეტია. ძალიან მეხმარებიან ნაკრების ლიდერები - დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემი წინამორბედის, ნაკრების ყოფილი კაპიტნის ირაკლი აბუსერიძის წვლილიც - გუნდში დალაგებული სისტემა რომ დამხვდა, სწორედ "აბუს" დამსახურებაა.

- მწვრთნელის თქმით, კაპიტნად იმიტომ შეგარჩია, რომ საქართველოში თამაშობ და შენთან ხშირი კონტაქტის შესაძლებლობა აქვს...

- ნაკრების საქართველოში მოთამაშე წევრები ჰეიგის ხელმძღვანელობით კვირაში 2-3-ჯერ ვვარჯიშობთ. სანაკრებო მატჩის შემდეგ, ლეგიონერები იმავე ღამეს კლუბებში მიემგზავრებიან. მე კი აქ ვრჩები და მწვრთნელს შეუძლია, კაპიტანთან ერთად განვლილი მატჩი გააანალიზოს....

- ჩვენი მორაგბეები რამდენად სწრაფად ითვისებენ ახალ ტაქტიკას?

- ჰეიგის მიზანია, ნაკრებმა ისე ითამაშოს, როგორც პორტუგალიასთან მატჩის საწყის წუთებზე: 12 წელიწადია, ეროვნულ გუნდში ვთამაშობ და პირველად ვნახე, საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება 15-ფაზიანი შეტევის შემდეგ რომ შეძლო! შერკინება თავის საქმეს რომ გააკეთებს, ხაზი მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა გაიშალოს, არც ისაა აუცილებელი, ბურთის ერთი ფრთიდან მეორეზე გადატანისას ყველა მორკინალი იქით გარბოდეს. თამაშს თავად შერკინების მოთამაშეებიც უნდა შლიდნენ, მოედნის ყოველ მეოთხედზე 3-4 თანაგუნდელი იყოს. როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, ისე ვართ ჩვენც

- 20 წელიწადი ერთი ტაქტიკით რომ თამაშობ, სხვა სტილზე სწრაფად გადასვლა ძნელია.

სამწუხაროდ, ქომაგთა ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. ასეთი ტაქტიკით თამაში მხოლოდ ჩვენ კი არა, ასაკობრივმა ნაკრებებმა უნდა ისწავლონ და წარსულს უნდა ჩაჰბარდეს ტაქტიკა, როცა საქმის 90%-ს მორკინალები აკეთებდნენ. ეს მორკინალებისთვისაც ცუდია და უკანა ხაზის მოთამაშეებისთვისაც, რადგან ვერ ვვითარდებით. მერწმუნეთ, ძველი ტაქტიკით რომ გვეთამაშა, იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც, მაგრამ თუ სტილი არ შევიცვალეთ, წინ ვერ წავალთ, ვერ დავამარცხებთ ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორიც იტალია, ირლანდია და შოტლანდია არიან...

- ფაქტია, რომ ბოლო დროს, მილტონ ჰეიგს კრიტიკოსები მოუმრავლდა...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ მხოლოდ ცუდს ვხედავთ... კომპეტენტურია თუ არა ამ საქმეში, რაგბიზე ლაპარაკი ყველამ დაიწყო. ჰეიგს უნდა, გაშლილი რაგბი გვათამაშოს, მაგრამ თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ: ვარსკვლავები არც მოთამაშეები ვართ, მოედანზე შემსრულებელია საჭირო. თორემ ზელანდიის ნაკრების მწვრთნელიც რომ ჩამოიყვანო, თუ იმას მოგვთხოვს, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ბუნებრივია, ვერ შევასრულებთ.

- სოჭში გამართულ პრინციპულ მატჩზეც ვთქვათ: რუსები ჩვეულად "თბილად" დაგხვდნენ?

- ძალიან კარგ პირობებში ვიყავით. მატჩისწინა ვარჯიშის გაცდენას თუ არ ჩავთვლით, სოჭში არანაირი დაბრკოლება არ შეგვქმნია. ვარჯიშიც ოლიმპიური ნაგებობების მშენებლობის გამო ჩაგვეშალა: ქალაქის ყველა საავტომობილო გზაზე საცობებია და მწვრთნელმა გადაწყვიტა, ავტობუსში კიდევ საათ-ნახევრის გატარების ნაცვლად, მგზავრობით დაღლილი მორაგბეებისთვის სჯობდა იქვე, პარკში "წაგვევარჯიშა".

- რატომღაც სოჭში თამაში ყოველთვის გიჭირთ...

- ბოლოს რომ ვეთამაშეთ სოჭში, მაშინ ყველაზე ახლოს იყვნენ მოგებასთან, ფაქტობრივად, ბოლო წუთებზე გამოვგლიჯეთ გამარჯვება და მასპინძლებს იმედი ჰქონდათ, ნავსს ამჯერად მაინც გატეხდნენ. ცუდად დავიწყეთ, განსაკუთრებით ბევრი შეცდომა უკანახაზელებს ჰქონდათ, ხშირადაც ვჯარიმდებოდით. თუმცა, იმის თქმა, რუსებს საჯარიმო დარტყმები რომ არ გაეცუდებინათ, წავაგებდითო, არასწორი მგონია. ამ ლოგიკით ბრიტანელებთან მატჩში მერაბ კვირიკაშვილს 5 ჯარიმა რომ არ აეცილებინა, მოვიგებდით? არა მგონია. ასე იყო სოჭშიც: გაიტანდნენ რუსები? - უფრო ადრე გამოვფხიზლდებოდით! მეორე ტაიმში ბევრად მობილიზებული გავედით მოედანზე და თამაში საჩვენოდ შემოვატრიალეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს შეუძლია წნეხის გაძლება.

- შეხვედრას ბევრი ქართველი ესწრებოდა და მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან ემოციური შეხვედრაც გქონდათ...

- ბევრ მათგანს წლებია, სამშობლო არ უნახავს და გვეუბნებოდნენ, საქართველოში თქვენ "დაგვაბრუნეთო"... მოსკოვიდან ჩამოსული ქართველებიც კი იყვნენ, გზაში 24 საათზე მეტი რომ გაატარეს. ქართველი ყველგან ქართველია და სამშობლო ყველაფერს ურჩევნია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრია, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთს ან თუნდაც ესპანეთსა და ბელგიას ყოველთვის, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა მოუგო! მოწინააღმდეგეებად აღარ მიაჩნიათ. თუ ჩვენც ასე ვიფიქრებთ და ამ გუნდებთან სათამაშოდ ცხვირაწეულები გავალთ, წაგება არ აგვცდება. არადა, რუს მორაგბეებსაც აქვთ თავმოყვარეობა და სხვათა შორის, ძალიან კარგი გუნდიც ჰყავთ. უბრალოდ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ამას სულ ვამტკიცებთ.

- რუსეთის ნაკრების წევრებმა - ძმებმა ცნობილაძეებმა ქართველი მორაგბეების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს... მატჩის შემდეგ გრიგორი და ვალერი ხომ არ გინახავთ?

- არ გვინახავს. მაგრამ რომც ეთამაშათ, ნამდვილად არ დავძრახავდი. როცა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობ, იმ ქვეყნისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ ისურვეს, მაგრამ ვიმეორებ, ასეც რომ ყოფილიყო, ისეთივე პატივისცემით ვიქნებოდი მათ მიმართ განმსჭვალული, როგორც მანამდე...

- გადაწყვეტილია, რომ 9 მარტს ესპანეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დავხვდებით...

- კარგია და იმედია, ამ საჩუქარს (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების მატჩის თარიღი გადასწია და სტადიონი მორაგბეებს დაუთმო. - ავტ.) მაყურებელიც დააფასებს. ესპანელთა პლუსი ის არის, რომ პორტუგალიელთა მსგავსად, შვიდკაცა რაგბის პროფესიული ლიგა მათაც აქვთ და სწრაფი თამაში და ხელდახელ ბურთაობა კარგად ეხერხებათ. თუმცა, ჩვენ ყველა მეტოქესთან ბოლომდე ვიხარჯებით და ამჯერადაც ასე იქნება. მით უმეტეს, მადრიდში შარშანდელი წაგებისთვის, ესპანელებთან რევანში გვაქვს ასაღები...

- ბევრს გაუკვირდა, როცა საფრანგეთში დარჩენას თბილისის "არმაზში" თამაში ამჯობინე...

- ჩემი შენარჩუნება "სენტ ეტიენსაც" ძალიან სურდა, სხვა ფრანგული კლუბებიც აქტიურობდნენ... თუმცა, გადაწყვეტილება სწრაფად, ერთ კვირაში მივიღე, ბარგი ჩავალაგე და წამოვედი. დასასრული ყველაფერს აქვს, საფრანგეთიდან წამოსვლა იოლი არაა. გადაწყვეტილება სწრაფად თუ არ მიიღე, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და... წლობით გაიჭიმება. ძალიან მინდოდა, სამშობლოში დაბრუნება და ჩამოვედი...