კაპიტანი ლომების დერეფანში - კვირის პალიტრა

კაპიტანი ლომების დერეფანში

საქართველო 61:18 ესპანეთი

საქართველოს ნაკრები არც აბუს წასვლის შემდეგ გაუდაბურდება!

"ემოციები მახრჩობს, ისე მინდა რევანშის აღება..." - ეს სიტყვები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანელებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა. ესპანელმა "ლეონესმა" ("ლომები") შარშან მადრიდში მოგვიგო 25:18, ახალზელანდიელი მწვრთნელისთვის ის პირველი მატჩი იყო საქართველოს ნაკრების მესაჭის რანგში და რა გასაკვირია, წაგება ძაღლის ნაკბენივით რომ ახსოვს. უფრო სწორად, 9 მარტის შუადღემდე ახსოვდა, თორემ მერე...

რევანშის წყურვილი მორაგბეებსაც არანაკლებ კლავდათ და ეს მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. არადა, რუსეთთან შეხვედრის მსგავსად, პირველი ქულები ამჯერადაც მეტოქემ მიითვალა - მე-12 წუთისთვის, სიმპსონის ორი საჯარიმოს წყალობით, "ლომები" 6:3 იგებდნენ. ეგ იყო და ეგ - მომდევნო 50 წუთის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები ჩანდა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სტუმრებს ერთიმეორეზე ლამაზი ლელოები მიართვეს და კაპიტანი - ირაკლი აბუსერიძე ნაკრებიდან ლამაზი გამარჯვებით გააცილეს...

ტრადიციულად, უხერხული მეტოქის  დიდი ანგარიშIით დამარცხებისა და პრემიალური ქულის მოპოვების გარდა, მატჩის მთავარი ლაიტმოტივიც ეს იყო: ბოლო მატჩებია, ბორჯღალოსანთა გატანილი ლელოების უმეტესობა შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შედეგია. ამჯერად კი თითქმის ყველა ლელო სოლო რეიდს ან სწრაფ გარღვევას მოჰყვა! რაც მთავარია, რაგბის ქართველმა ქომაგმა წელს პირველად ნახა დამაჯერებელი გამარჯვება და ლელოების წვიმა! იდეალურ თამაშამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ როგორც იქნა, ბიჭებმა თამაშითაც გვიჩვენეს, რას ითხოვს მათგან მილტონ ჰეიგი...

და აბუ? ნაკრებში ირაკლი აბუსერიძის ბოლო მატჩი სწორედ ისეთი გამოდგა, მისი 13-წლიანი სანაკრებო კარიერა რომ იმსახურებდა! აბუმ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი - 85 მატჩი ჩაატარა და გუნდს 39-ჯერ უკაპიტნა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. უთამაშია სამ მსოფლიო თასზე და ევროპის "ერთა თასის" 12 გათამაშებაში...

2013 წლის 9 მარტს ირაკლი აბუსერიძემ მატჩისშემდგომ დერეფანში ნაკრების მაისურით უკანასკნელად გაიარა. ეჭვგარეშეა, ეს ყველაზე ემოციური დერეფანი იყო მის კარიერაში. ისიც ნიშანდობლივია, რომ კაპიტანმა ბოლოს სწორედ ლომების დერეფანში გაიარა!

გმადლობთ, კაპიტანო! გმადლობთ, აბუ! ცხოვრება გრძელდება, მთავარი კი ისაა, რომ ჩინებული თაობა მოდის და საქართველოს ნაკრები არც აბუს წასვლის შემდეგ გაუდაბურდება!

P.S. 16 მარტს წლევანდელი "ერთა თასის" ბოლო მატჩია: რუმინეთი-საქართველო.