პა-”სპორტი” - კვირის პალიტრა

პა-”სპორტი”

- ბავშვობის აუხდენელი ოცნება...

- ძალიან მინდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი... სამწუხაროდ, ამისთვის საჭირო ნიჭი არ აღმომაჩნდა. :)

- და მუსიკის ნაცვლად, ფეხბურთი აირჩიე?

- სხვათა შორის, ფეხბურთში ვარჯიში მშობლების ინიციატივით დავიწყე. დედა და მამა დღემდე დავობენ, რომლის იდეა იყო საფეხბურთო სექციაში ჩემი მიყვანა. :)

- შენი ოჯახი გაგვაცანი:

- მყავს მეუღლე - თამარ წულეისკირი და ორი შვილი: ნიკა და სალომე.

- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- უნიჭო მუსიკოსი. :):)

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე?

- ჩემი ოჯახის.

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- მობილური ტელეფონი.

- ლევან კობიაშვილი და ჰოროსკოპი...

- სიმართლე გითხრათ, ჰოროსკოპით არასდროს დავინტერესებულვარ. თუმცა, იმდენი კი ვიცი, რომ ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ. :)

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ.

- ყველაზე ხშირად? ალბათ, ცოლის სახელს. :):)

- რაიმე უცნაური თვისება თუ გაქვს?

- უცნაური არაფერი მაგონდება... ისე, ალბათ, მაგ კითხვაზე ჩემი მეუღლე უკეთესად გიპასუხებთ. :)

- სპორტსმენი, რომელიც სამაგალითოა შენთვის...

- რაიან გიგზი... მართლაც სამაგალითო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის არის, ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომლის რიგებშიც უკვე მეათასე მატჩი ჩაატარა...

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის სამშობლო დგას. მეამაყება, რომ ქართველი ვარ!

- წიგნი, რომლის კითხვაც არ გბეზრდება...

- არ მახსენდება, რომელიმე წიგნი რამდენჯერმე წამეკითხოს... ამჟამად ჰომეროსის "ოდისეას" ვკითხულობ, მაგრამ არა მგონია, მეორედ კიდევ მივუბრუნდე. :)

- ფეხბურთის გარდა, რა გიყვარს?

- კალათბურთი, ჩოგბურთი, მოგზაურობა, კინო...

- რა გაღიზიანებს?

- მლიქვნელობა, ტყუილი, არაპროფესიონალიზმი...

- რომელია შენი საყვარელი გუნდი?

- ესპანეთის ნაკრები.

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- საქართველო-ხორვატია 1:0 (ერთადერთი გოლი სწორედ ლევან კობიაშვილმა გაიტანა. - ავტ.).

- შენი მეტსახელი:

- კობი.

- დაახასიათე შენი თავი ერთი სიტყვით.

- გაწონასწორებული.

- დასასრულ, როგორ ჟღერს გერმანული ანეკდოტი?

- რას აკეთებს ინგლისელი პენსიონერი? - დგება დილის 9 საათზე, სვამს ჭიქა სკოჩს და მიდის გოლფის სათამაშოდ; რას აკეთებს ფრანგი პენსიონერი? - დგება დილის 10 საათზე, სვამს ჭიქა ბორდოს და მიდის საყვარელთან; გერმანელი პენსიონერი რაღას აკეთებს? - დგება დილის 7 საათზე, სვამს გულის წვეთებს და მიდის... სამუშაოდ! :)