"ტრიუმფისთვის" ფრეც კმარა - კვირის პალიტრა

"ტრიუმფისთვის" ფრეც კმარა

რუმინეთი 9:9 საქართველო

ევროპის "ერთა თასის" წლევანდელი გათამაშების ბოლო ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პრინციპულ მეტოქე რუმინეთის ნაკრებს ესტუმრა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ბადალი არა ჰყავს. ბუქარესტის მთავარ სარაგბო სტადიონ "ტრიუმფალური თაღიდან" ბორჯღალოსნები ტრიუმფით ვერა, მაგრამ ორი თასით კი დაბრუნდნენ.

ტურის ცენტრალურ მატჩს გუნდები თანაბარი ქულებით შეხვდნენ, ოღონდ მიღებულ-გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენებს უკეთესი ჰქონდათ. ამიტომაც ფრე ქართულ წისქვილზე ასხამდა წყალს, მასპინძლებს კი ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. მით უმეტეს, ბოლო სამი წელიწადია, ვლახებს ქართველთა ძლევა ვერ მოუხერხებიათ და ნავსის გატეხასა და თასების წყვილად "ჩაჯიბვას" მშობლიურ "Aრცულ დე თრიუმფ"-ზე გეგმავდნენ. ორ თასს მალიმალ იმიტომ ვახსენებთ, რომ ბუქარესტული მატჩი წლევანდელი "ერთა თასის" ფინალიც იყო და მოგებული "ანთიმოზ ივერიელის თასსაც" ისაკუთრებდა, რომელიც ამ ორი ქვეყნის მორაგბეებს შორის 2002 წლიდან თამაშდება. სამი წელიწადია, რუმინეთში მოღვაწე ქართველი წმინდანის სახელობის თასს ბინა თბილისში უდევს და მინიმუმ 2014 წლამდე იქ დარჩება. მასთან ერთად კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის "ერთა თასიც" შეინარჩუნა. რუმინეთის დედაქალაქში ბორჯღალოსნებმა საუკეთესო თამაში ვერ აჩვენეს, მაგრამ უაღრესად დაძაბულ მატჩში ჩვეული თავდადებით იბრძოლეს და ქართულ-რუმინული ჯახის ისტორიაში პირველი ფრე (9:9) დააფიქსირეს. ფრე, რომელიც მოგების და ორი თასის ტოლფასია!

P.S. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა "ტრიუმფისთვის" ფრეც კმარა!