პა-”სპორტი”: გიორგი ლორია
- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- კარიერის დასრულების შემდეგ, ალბათ, მწვრთნელი. სხვათა შორის, თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და შესაძლოა, მსახიობი ვყოფილიყავი.
- რის ან ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?
- ოჯახის, შვილის, ფეხბურთის გარეშე!
- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- მობილური ტელეფონი, ავტომანქანის გასაღები და საფულე. :)
- ჰოროსკოპთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ჰოროსკოპით ვეფხვის წელიწადში დაბადებული მერწყული ვარ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ რაღაცები ემთხვევა კიდეც, ჰოროსკოპის ნამდვილად არ მჯერა.
- რაიმე უცნაური თვისება თუ გაქვს?
- უცნაური? მეგობრები მეუბნებიან - თავიდან ბოლომდე უცნაური ხარო :) ისე, ცოტა არ იყოს, მძიმე ხასიათი ნამდვილად მაქვს... :)
- ადამიანი, რომელიც სამაგალითოა შენთვის......
- მამაჩემი - ნუგზარ ლორია!
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ბრაზილიაში: სულ თბილი ამინდია და ულამაზესი სანაპიროები აქვთ. აი, საფეხბურთო თვალსაზრისით კი, ბრაზილიას ინგლისში ცხოვრებას ვამჯობინებდი.
- როგორც ჩანს, ინგლისური ფეხბურთის მოყვარული ხარ...
- ასეა. ჩემი საყვარელი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია".
- წიგნი, რომლის წაკითხვაც არ გბეზრდება...
- კითხვის მოყვარული არ ვარ. მით უმეტეს, ერთი და იგივე წიგნი რამდენჯერმე ნამდვილად არ წამიკითხავს. :)
- აზარტული ხარ?
- ძალიან. ოღონდ, კაზინოში თამაშს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, ყველაფერში გამარჯვება მიყვარს.
- ფეხბურთის გარდა რა უყვარს გიორგი ლორიას?
- ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და ყველაზე ხშირად ჩემი ნახვა სწორედ კინოთეატრში შეიძლება. თუმცა, ყველაზე კარგად მაინც შვილთან ერთად ვერთობი...
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტად ორ მატჩს გამოვყოფ: "დინამო"-"აეკი" და საქართველო-ესპანეთი...
- მეტსახელი თუ გაქვს?
- წლების წინ, როცა "დინამოს" უფროსი დუშან უჰრინი წვრთნიდა, ლორსონს მეძახდნენ, ახლა - ლორის.
- დაახასიათე შენი თავი ერთი სიტყვით...
- ალალი. ძალიან მიმნდობი ვარ, რაც ზოგჯერ ცუდ სამსახურს მიწევს...
- მხიარული შემთხვევა ან ანეკდოტი გაიხსენე...
- სიკვდილის წინ მილიარდერმა თავის სამ ვაჟიშვილს დაუძახა. რჩევა-დარიგებას რომ მორჩა, ანდერძის დასაწერად ფურცელი და კალამი მოითხოვა. შვილებმა მაშინვე მიურბენინეს ოქროს საწერ-კალამი. კარგა ხანს წერდა, მერე კი ერთ-ერთი შვილი მიიხმო და ჩუმად ჰკითხა: "ჩემი ... ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე?" :) :)
- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებ თავს...
- ხიზანა მეუბნება, მულტფილმ "მადაგასკარში" რომ ზებრაა, იმას ჰგავხარო... :) :)
- დაასრულე ფრაზა: მჯერა, რომ...
- ... თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს!