ირლანდია ისევ გადაგვირჩა - კვირის პალიტრა

ირლანდია ისევ გადაგვირჩა

ტყუილად არ უთქვამს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს - რაც კი მინახავს, ქართულ გუნდებს შორის ტაქტიკურად ყველაზე განსწავლული 18-წლამდელთა ნაკრებიაო. ილია მაისურაძის შეგირდები ახლა საფრანგეთში არიან და ევროპის ჩემპიონატზე ბურთაობენ. ოღონდ, თამაშიც არის და თამაშიც - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალურ მატჩში ჩვენებურებმა ირლანდიასთან ისე ითამაშეს, მარცხის მიუხედავად, სტადიონზე შეკრებილმა ათასამდე ქომაგმა ხმაურიანი ოვაციით გააცილა! "ამ ბიჭებს თანამედროვე რაგბი უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი!" - ესეც ბორჯღალოსანთა ზელანდიელი თავკაცის სიტყვებია. ქართველმა ჭაბუკებმა არაფერი დაუთმეს ირლანდიელებს, რომლებიც ევროპის უძლიერეს მოთამაშეებად ითვლებიან და ცოტათი იღბალიც რომ წახმარებოდათ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სწორედ ჩვენს გუნდს ვნახავდით.

მატჩის პირველი პერიოდი ირლანდიამ 14:13 მოიგო. მეორე ტაიმის ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში გაილია. სამწუხაროდ, ათწუთიან პერიოდში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო გაუშვეს და ანგარიშში 31:20 ჩამორჩნენ. დარჩენილი დრო კი მხოლოდ ერთი ლელოსთვის ეყოთ და საბოლოოდ,  ევროპის ჩემპიონატის შარშანდელ ფინალისტთან 31:27 წავაგეთ. შეგახსენებთ, 2007 წლის მსოფლიო თასზე,  "სამყურებს" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც ფიცხელი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 14:10 დამარცხდა. მეტიც, იმ შეხვედრაში ქართველებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი 20 წუთით საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და სენსაციის მომტან გამარჯვებამდე მხოლოდ სანტიმეტრები დააკლდათ.

P.S. მეხუთე ადგილისთვის მატჩში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები   იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.