ყაზბეგი ევროპის უმაღლესი მწვერვალია! - კვირის პალიტრა

ყაზბეგი ევროპის უმაღლესი მწვერვალია!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი ოქროსა და ბრინჯაოს 2-2 მედლით და გუნდური მეორე ადგილით ჩაამთავრა. კონტინენტის ჩემპიონები გიორგი ედიშერაშვილი (55კგ) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და გენო პეტრიაშვილი (120) ავიდნენ. დებიუტანტი ედიშერაშვილის გაჩემპიონება ყველასათვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, აი, მარსაგიშვილი კი იმთავითვე ფავორიტად მიიჩნეოდა. დათომ ეს სტატუსიცა და ოქროს მედალიც ღირსეულად შეირგო და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა! ყაზბეგელმა ფალავანმა ტურნირი სარეკორდო მოგებით (პირველ წრეში, ავსტრიელ მეტოქეს ორივე პერიოდი წმინდად მოუგო - პირველი 43 წამში, მეორე - 50-ში. - ავტ.) დაიწყო და ყველა ორთაბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა. რაც მთავარია, ნახევარფინალში რუსი ანზორ ურიშევი დაჩაგრა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის სახელით მოჭიდავე მუსა მურთაზალიევიც მის გზას გაუყენა.

არადა აქამდე ქართველ ფალავანს ურიშევთან სამივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა და თბილისში გამარჯვებით ყაბარდოელს სრულფასოვანი რევანში აუღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: ჩრდილოელებმა არბიტრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და რუსთა ნაკრების მწვრთნელმა მსაჯისკენაც კი გაიწია. წაგებამ ჩრდილოკავკასიელი ისე გაანაწყენა, მეტოქეს გამარჯვება არც კი მიულოცა. თუმცა, ეს ურიშევმა იკითხოს, ჩვენ კი დავით მარსაგიშვილისა ვთქვათ, რომელმაც თბილისური ტურნირი მართლაც ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ყაზბეგიდან ევროპას მეორედ გადმოხედა!

- მგონია, ასე ძალიან ოლიმპიადის მოგებაც კი არ გამახარებდა! ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ასეთი მხარდაჭერისთვის - მსგავსი ქომაგობა არსად მინახავს, ზურგს უკან მთელ ქვეყანას ვგრძნობდი... ასეთი დონის ტურნირის მასპინძლობის უფლებას ისევ თუ მოგვცემენ, გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გავახარებთ...

- ყველაზე მნიშვნელოვანი ურიშევთან შეხვედრა იყო?

- აქამდე გამარჯვება სამჯერვე მას დარჩა. მათ შორის - ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც და რევანში მქონდა ასაღები. ურიშევის დასამარცხებლად ყველანაირად მზად ვიყავი, მით უმეტეს, მშობლიური დარბაზიდან ვერ გავუშვებდი გამარჯვებულს...

- რუსების პროტესტს ჰქონდა რეალური საფუძველი?

- საკამათო ეპიზოდი იყო, მაგრამ  თუნდაც მიეცათ ის ქულა მისთვის, საბოლოო შედეგს ვერ შეცვლიდა. 7 წამი იყო დარჩენილი და მოგებას ხელიდან არ გავუშვებდი. გამარჯვება არც კი მომილოცა...

- ფინალურ ორთაბრძოლაზე რას იტყვი?

- მურთაზალიევი ახალი გადმოსულია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ურიგო მოჭიდავე არ არის, მაგრამ მასთან წაგების უფლება არ მქონდა. მით უმეტეს, ურიშევთან გამარჯვების შემდეგ...