"მამლებმა" სამჯერ ჩაგვინისკარტეს
25-03-2013
"მამლებმა" სამჯერ ჩაგვინისკარტეს
სა(მ)ფრანგეთი 3:1 საქ(ე)რთველო

"ერთი მიზეზი მაინც თუ გვაქვს, ქართველებს ფრანგი ვარსკვლავების დამარცხებას რომ ვთხოვთ?!"


იმედი ბოლოს კვდება, ჩვენთვის კი, საფრანგეთთან მატჩში 47-ე წუთზე "გარდაიცვალა"... საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, იწვალა, პირველი ტაიმის მიწურულს თითქოს იმედიც ჩაგვისახა, თუმცა... სტუმართათვის საბედისწერო ორწუთიანი მონაკვეთი გამოდგა - თითო წუთი შესვენებამდე და შესვენებიდან... სათამაშო დროის ამ მცირე მონაკვეთში მასპინძლებმა  ორი გოლი გაიტანეს და თამაშიც იქვე "დაამთავრეს". მთლიანობაში, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ისე ითამაშეს, როგორც მოსალოდნელი იყო. უფრო სწორად
- როგორც შეუძლიათ. რაც უნდა გულსატკენი იყოს, ძალა აღმართს ხნავს, თავს ზევით ძალა არაა და ამ ფორმაციის მქონე ნაკრების მაქსიმუმიც ეს არის...

ძნელი სათქმელია, რის იმედად, მაგრამ ქართველ ქომაგთა ნაწილი მატჩს ოპტიმიზმით ელოდა. სამწუხაროდ, მოლოდინი, რომ სენსაციას თუ ვერა, ქეცბაიას სამწყსო "მამლებთან" ტოლ-სწორად თამაშს მაინც
შეძლებდა, არ გამართლდა. რამდენიმეწუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, მასპინძელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არც დამდგარა, ორბურთიანი სხვაობით დაწინაურების შემდეგ კი "სამფეროვნებმა" ისე თავისუფლად დაიწყეს ბურთის გორება, ცხადად ჩანდა - ესპანეთთან მომავალ მატჩზე მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე "სტად დე ფრანსზე" მიმდინარე ამბებზე.    ქართველებს შეტევა "აუცილებლად მოსაგები" მატჩების დროს, თავისი "წონის" მეტოქეებთანაც ძალიან უჭირთ და რა გასაკვირია, ფავორიტთან მატჩში, ძირითადად, დაცვაზე რომ ფიქრობდნენ. ოღონდ, ამ საქმიდან რაც გამოვიდა, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს: მასპინძლებს სჭირდებოდათ და მოიგეს კიდეც - ისევე უპრობლემოდ, როგორც რიბერი "დასეირნობდა" ქართველ მცველებს შორის... მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ვალბუენასთან და ჟირუსთან ერთად, მოედანზე ყველასგან გამოირჩეოდა. ნიშანდობლივიც არის, ლორიას კარის ბადე სწორედ ამ სამმა რომ შეარხია...

საწყისი წუთების დაბნეულობის გადალახვის შემდეგ, ქართველები შედარებით დამშვიდდნენ და
ლორისის კარისკენაც გაიხედეს. ტაიმის ბოლო წუთები ჩვენებმა შეტევებში გაატარეს და გოლის გატანის შანსი ორჯერ მიეცათ: ლორისმა ჯერ კობახიძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, მერე კი მათე ვაწაძეს უმტყუნა სიზუსტემ. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში ვინმეს გამოყოფა თუ შეიძლება, მცველების გარდა, სწორედ ეს ორი ფეხბურთელია: სტუმართაგან ერთადერთი გოლის ავტორმა კობახიძემ სხვა ეპიზოდებშიც ბევრი იბრძოლა და არც კარში დარტყმებს ერიდებოდა. დიდი სამუშაო შეასრულა ვაწაძემაც. "სტად დე ფრანსზე" კანკავაც ძალიან გვაკლდა და ოქრიაშვილიც. ფერმკრთალი ჯანო ანანიძე კი ისე ჩაიკარგა ტანმაღალ და "შავტუხა" მეტოქეებში, ქეცბაიამ ის ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა. სამწუხაროდ, თავი ვერც მისმა შემცვლელმა ლევან ყენიამ დაგვამახსოვრა. ჩვენს ნაკრებს ისევ აკლია ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის დალაგება, ბურთის "დაჭერა" და ზუსტი გადაცემების გაკეთება შეუძლიათ... 

გიორგი ლორიამ დამაჯერებლად ითამაშა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. საწყის ორ გოლში მისი დადანაშაულება ძნელია, აი, 61-ე წუთზე კი, თბილისის "დინამოს" მეკარეს უკეთ გარჯა მართებდა. მანამდე შეცდომა დაუშვა ზურაბ ხიზანიშვილმაც: რიბერიმ ვეტერან მცველს გვერდი იოლად აუარა და ქართველ გოლკიპერთან პირისპირ დარჩა... ამ ეპიზოდის გარდა, ნაკრებში ხიზანიშვილის ყოფნის მოწინააღმდეგეები რამდენიმე სხვა შეცდომასაც გაიხსენებენ და ეროვნული გუნდიდან მის წასვლას, ალბათ, კიდევ უფრო აქტიურად მოითხოვენ. არადა, ხიზანამ რამდენჯერმე  კარგად ითამაშა დასწრებაზე და სახიფათო შეტევებიც წამოიწყო. ვერცხლისწყალივით მოძრავი, უაღრესად ტექნიკური რიბერის შეჩერება კი გაცილებით ძლიერ მცველებსაც უჭირთ. თანაც, თუ იწვევს, უკეთესია, თემურ ქეცბაიამ დაცვის ცენტრში კი არა, ნახევარდაცვაში ათამაშოს, სადაც გაცილებით უკეთ გამოიყურება...

შემადგენლობისა და სტრატეგიის არჩევა  მწვრთნელის საქმეა. "მამლაყინწებთან" მატჩმა კი კიდევ ერთხელ გვიჩვენა: საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ თავდაუზოგავად იბრძვის და დიდი ანგარიშით აღარ აგებს... ბევრი, ალბათ, შემოგვედავება - მეტს რაღას ითხოვთო. ანდა, ერთი მიზეზი მაინც თუ გვაქვს, ქართველებს ფრანგი ვარსკვლავების დამარცხებას რომ ვთხოვთ?! თუმცა, როცა ხედავ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ საბერძნეთს მოუგო, ალბანეთმა სტუმრად დაამარცხა ნორვეგია, ლიტვამ სლოვაკეთიდან წამოიღო ქულა, ფინეთმა კი სულაც - ესპანეთიდან, მოდი და, ნუ დაგახრჩობს ბოღმა... 

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?