პა-სპორტი: გიორგი ჭანტურია - კვირის პალიტრა

პა-სპორტი: გიორგი ჭანტურია

- ბავშვობაში რა გინდოდა ყველაზე მეტად?

- ძალიან მინდოდა, დიდი ფეხბურთი მეთამაშა.

- ოჯახის წევრები გაგვაცანი...

- დედა, მამა და ძმა - ნიკუშა ჭანტურია, რომელიც 14 წლის არის და კალათბურთში ვარჯიშობს.

- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- ძნელი სათქმელია... ალბათ, არაფერიც არ ვიქნებოდი. :)

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ფეხბურთის, ოჯახის და ძმაკაცების გარეშე.

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

- გულსაკიდი ჯვარი და ნაკურთხი ბეჭედი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- ამოჩემებული სიტყვა არ მაქვს. :) გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას.

- ასტროლოგიის თუ გჯერა?

- არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰოროსკოპით "ვერძი" ვარ.

- რამე უცნაური თვისება თუ გაქვს?

- ფილმს ან სერიალს თუ არ ვუყურე, ისე ვერ ვიძინებ. :):)

- ადამიანი, რომელიც სამაგალითოა შენთვის...

- დედა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყოველთვის სამაგალითო იქნება!

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- საცხოვრებელი პირობებით საქართველოს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა სჯობს, მაგრამ თბილისის გარდა, ცხოვრებას ვერსად შევძლებ!

- წიგნი, რომლის კითხვაც არ გბეზრდება.

- "დათა თუთაშხია".

- ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?

- თევზაობა მიყვარს, ავტომანქანების მოყვარულიც ვარ.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ტყუილი, ღალატი და წაგება.

- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...

- დერბი "ნაიმეგენსა" და "ვიტესს" შორის: 1:0 მოვიგეთ, ერთადერთი გოლი კი მე გავიტანე. არადა, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში "ვიტესს" ამ გუნდთან სტუმრად მოგება არ ჰქონია...

- ჰო, მაგრამ იმ მატჩში წითელი ბარათითაც ხომ "გამოიჩინე თავი"?!

- როცა გამაძევეს, ისე გავბრაზდი, რომ ქართულის ნაცვლად, ინგლისურად შევიგინე და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. :):)

- შენი საოცნებო კლუბი.

- "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ვოცნებობ...

- მეტსახელი თუ გაქვს?

- "ჭანტურა".

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- Jay-Z & Kanye West-ის "Niggas in Paris"...

- დაახასიათე შენი თავი ერთი სიტყვით...

- უნაკლო. :):):)

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებ თავს...

- "საშა ბელი". :)

- შენი საყვარელი ფეხბურთელი...

- მესი და ბალოტელი.

- დაასრულე ფრაზა: მჯერა, რომ...

- ...ძალიან მალე, ყველაფერი კარგად იქნება!