"დეშამის ადგილას, მე გადავდგებოდი!" - კვირის პალიტრა

"დეშამის ადგილას, მე გადავდგებოდი!"

"თურმე, როგორ გავბედეთ და წავაგეთ საფრანგეთში..."

"ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო"

"ვიღაცებს იმიტომ არ მოვწონვართ, რომ საქმეს ვაკეთებთ"

პარიზული "სტად დე ფრანსის" საკონფერენციო დარბაზში გაკეთებული მოკლე კომენტარის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს საფრანგეთთან მატჩზე პრესაში აღარ ულაპარაკია. პარიზიდან თემურ ქეცბაია ავსტრიაში გაემგზავრა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებსაც დაესწრო. ეროვნული ნაკრების თავკაცთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგებთან შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ და მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს მომხდარზეც (ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე - გადადგება თუ არა, ქეცბაიამ უპასუხა - თქვენნაირი ჟურნალისტების ბრალია, ასეთ დღეში რომ ვართო. - ავტ.). მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან სტუმრად დამარცხების შემდეგ ასეთი კითხვა მართლაც ალოგიკურად ჟღერდა, თუმცა, ადეკვატურს ვერც ქეცბაიას შეფასებას დავარქმევთ... დანარჩენს, ინტერვიუში წაიკითხავთ:

- წაგებული მატჩით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ბიჭების მონდომება დასაფასებელია - სტუმრად ღირსეულად ითამაშეს ისეთ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია. იყო შეცდომებიც, ზოგიერთი მოთამაშის  თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა, ჩვენს თამაშში კარგის დანახვაც შეიძლება...

- გოლი ამჯერადაც ტაიმის მიწურულს გავუშვით...

- ფეხბურთელებს სულ ვეჩიჩინები, რომ  ტაიმის ბოლოს ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. ასეთ დროს გუნდი რომელიმე მოთამაშემ უნდა აიყოლიოს. თუმცა, პირველი გოლისას  შეცდომა მეტოქის მეურვეობისას დავუშვით. ფეხბურთელებს ვავალებ, ხაზზე დგომის ნაცვლად  მეტოქე პერსონალურად "აიყვანონ". სამწუხაროდ, იმ ეპიზოდში ჟირუს არავინ მეურვეობდა და მანაც თავისუფლად დაარტყა. ჩვენს მცველებს დავალება რომ შეესრულებინათ, ალბათ, პირველ ტაიმში გოლს არ გავუშვებდით...  ერთი რამაც უნდა ითქვას: შესაძლოა, ტექნიკური და  სწრაფი იყო, მაგრამ როცა მეტოქეს გაცილებით მეტი ტანმაღალი მოთამაშე ჰყავს,  ჯარიმის და კუთხურის გათამაშებისას ყოველთვის გემუქრება საფრთხე. არადა, ის შეცდომა რომ არა, იქნებ არც გაგვეშვა ბურთი, რომელმაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა ბიჭებზე...

- თუმცა, როცა თამაშის დალაგებაზე, შეტევის წამოწყებაზე, ზუსტ პასზე მიდგება საქმე, ვერც აქ ვბრწყინავთ.

- თავის გამოსაჩენად ანანიძესაც და  ყენიასაც საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა სასურველ დონეზე ვერც ერთმა ვერ ითამაშა... ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება. ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო. რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, პროგრესის ნაცვლად, უკან-უკან მიდის. თუ კლუბი არ შეიცვალა, სულ ასე იქნება. მოსკოვიც და "სპარტაკიც" მაშინ არის კარგი, როცა თამაშის შესაძლებლობა გაქვს, ჯანო კი როდემდე უნდა იჯდეს სათადარიგოთა სკამზე, ხომ უნდა მიხვდეს, რომ გუნდის შეცვლის დროა? მითხრა - სეზონის დასრულებას ველი და ალბათ, სხვაგან გადავალო. იმედია, ასეც მოხდება. ყენიასაც დიდი დრო გაუცდა...

- საფრანგეთში ხიზანიშვილმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, კაშიამ - საყრდენ ნახევარმცველად... ეს იძულებითი არჩევანი იყო თუ ამ ფეხბურთელებისთვის  საუკეთესოდ სწორედ ეს ადგილები მიგაჩნიათ?

- ხიზანა საყრდენ ნახევარმცველადაც ხშირად გვითამაშებია, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ორი მოთამაშის ამპლუას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მესამე გოლის დროს ფეხბურთელის "აყვანისას" ხიზანაც შეცდა და უკეთ თამაში მეკარესაც შეეძლო. რამდენჯერაც შევეცადეთ, წინ წავსულიყავით და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა, ზურგს უკან წასული ლამის ყველა ბურთი მეტოქის თავდამსხმელის ლორიასთან ერთი-ერთზე დარჩენად დაგვიჯდა. ჯერ არ ვართ მზად, მით უმეტეს - ასეთი დონის გუნდებთან, მეტოქეს თავის ნახევარზე ვეთამაშოთ.

- ხიზანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ალოგიკური არ არის, რომ 31 წლის ფეხბურთელს იწვევთ და თან ამბობთ, ნაკრების გაახალგაზრდავებაა საჭიროო?!

- გაახალგაზრდავებაში იგულისხმება ის, რომ ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა უკვე მომდევნო წელს დაასრულონ. ხიზანიშვილი კი ამას ჯერ არ აპირებს, კლუბშიც სტაბილურად თამაშობს, იქნებ ერთი კი არა, ხუთი სეზონიც ჩაატაროს... ისეთი ფეხბურთელები გვინდა, ამ შესარჩევ ციკლსაც რომ ჩაატარებენ და მომავალსაც.

-  მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვამ გაგაღიზიანათ...

- რა უნდა პრესკონფერენციაზე ისეთ ხალხს, ფეხბურთთან არანაირი კავშირი რომ არ აქვთ?! მინდა, ვკითხო - საკუთარ მოედანზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ გადადგა დეშამი?  თუნდაც ფრეს შემთხვევაში, საფრანგეთი, ფაქტობრივად, ინაღდებდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს და ასეთი მატჩი წააგო... ალალად გეუბნებით - დეშამის ადგილას, მე გადავდგებოდი! მაგრამ იმ ჟურნალისტის კითხვა ალოგიკური იყო. ალბათ, შემთხვევით მოხვდა იქ და უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ჩვენზე პატრიოტია. თურმე, როგორ გავბედეთ და წავაგეთ საფრანგეთში... არადა, რაც შეეძლოთ, გააკეთეს ბიჭებმა, თავს ზევით კი ძალა არ არის...

- უკმაყოფილო იყავით - მინსკის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ერთი ქართველი ჟურნალისტიც არ იყოო... პარიზული პრესკონფერენციის შემდეგ ამ სიტყვებს ხომ არ ნანობთ?

- ისეთი უაზრო კითხვების დასმას მართლაც სჯობს, დარბაზში არც ერთი შენი თანამემამულე არ იყოს...

- მაგრამ,  ნაკრების მწვრთნელსაც მეტი თავშეკავება მართებდა...

- მხოლოდ ის  ვუთხარი - თქვენნაირი ჟურნალისტები რომ გვყავს, იმიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში-მეთქი... ქართული ფეხბურთის ჩავარდნის მიზეზები იქ უნდა ეძებონ, ამ საქმეში ფულს რომ არავინ დებს. ავსტრიაში ჩვენი 17 და 21-წლამდელების თამაშებს დავესწარი და ძალიან კარგი ფეხბურთელები ვნახე. ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ყველა მათგანი თავისუფლად ითამაშებს. ჩვენთან ყველა კლუბი უფულობაზე წუწუნებს. არადა, ჩამოჰყავთ 30-35 წლის უცხოელები, რომლებიც ჩვენებს არაფრით სჯობიან. სჯობს, ეს ახალგაზრდები ათამაშოთ - გაიზრდებიან, კარგ გუნდში წავლენ, მათთვისაც კარგია და კლუბიც იხეირებს. კლუბებს ორი 21 წლამდე ფეხბურთელი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ-მეთქი. ვინმემ დამიჭირეთ მხარი? მე ვიქნები თუ არა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ ალბათ, ვიღაცებს იმიტომ არ მოვწონვართ, რომ საქმეს ვაკეთებთ. ჩანს, საქმის გამკეთებელი ხალხი აღარ უნდათ საქართველოში...

- ხომ არ ნანობთ, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას რომ დათანხმდით?

- გგონიათ, არ ვიცოდი, სად მოვდიოდი?! როცა ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ. ხალხს ჩემი სჯერა, ეიმედება და ახლა უკვე როგორც მწვრთნელი, ქვეყანას ისე გამოვადგები-მეთქი. არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი... ბევრი რომ მეფიქრა, შესაძლოა, არც დავთანხმებულიყავი... არადა,  ჩავიბარე გუნდი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში, 27 მატჩიდან, 10 მოვიგეთ, 8 ფრედ დავამთავრეთ და 9 წავაგეთ. მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში, 41 მატჩიდან ნაკრებმა მხოლოდ 8 მოიგო, ამდენივე ფრე ითამაშა და 25 წააგო... განსხვავებას ვერ ხედავთ?!

- საფრანგეთთან მოგებას არც არავინ ითხოვდა, მაგრამ არც ბელორუსებს და ფინელებს უნდა შევუტიოთ?

- რატომღაც გვგონია, რომ ყველაზე უკეთესები ვართ და ყველას უნდა მოვუგოთ. ფინეთი არ იყო, ესპანეთიდან ქულა რომ წაიღო? ნახეთ, როგორ კლუბებში თამაშობენ ფინეთის, ან თუნდაც ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელები. ბოლო ხუთი წელიწადია, ბელორუსული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, ჩვენ კი, ოცი წელია, ამაზე მხოლოდ ვოცნებობთ.

- ყენიასთან კონფლიქტი აღარ გაქვთ. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას?

- ყენიას ასეთი თამაში ნამდვილად არ გვაძლევს ხელს. ყველანაირად დავეხმარეთ, ისეთ დროსაც კი გამოვიძახეთ, როცა არ ეკუთვნოდა, მაგრამ ლევანმაც უნდა გვიჩვენოს, რომ სარგებლობის მოტანა შეუძლია. ასეთი თამაშით სანაკრებო დონეს არც ყენია აკმაყოფილებს და არც ანანიძე. მთავარი ხომ გვარები არ არის? - ვინც დაიმსახურებს და ითამაშებს, მას გამოვიძახებთ. რაც შეეხება ჭანტურიას, ავსტრიაში ვნახე და მომეწონა, მაგრამ კლუბში სათამაშო პრაქტიკა ხომ უნდა ჰქონდეს?! შესაძლოა, ჩვენც დავუშვათ შეცდომები, მაგრამ არავინ აგვითვალწუნებია და დაგვიბლოკავს. ფეხბურთელი  ჯერ ნაკრების ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს და მერე თავის თავზე. ასეთი ბევრი გვყოლია და თუ საქმისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, ნაკრებში ვეღარ მოხვდებიან! ცუდია, რომ ტოპლიგაში ერთი ქართველიც აღარ თამაშობს. მეტიც - ნაკრების ბევრი მოთამაშის კლუბი  უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის... თუმცა, საქართველოს ნაკრები ამ დონეზე მაინც რომ არის, ამ ბიჭების დამსახურებაა და მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...

- დაბოლოს, ბევრს აინტერესებს - რატომ არის გასაიდუმლოებული თემურ ქეცბაიას კონტრაქტი?

- შემიძლია დაგარწმუნოთ,  რომ წინამორბედებთან  შედარებით, ორ-სამჯერ ნაკლებ ხელფასს ვიღებ...