ნარკოტიკებში ჩაგირავებულნი - კვირის პალიტრა

ნარკოტიკებში ჩაგირავებულნი

ამაზე იტყვიან, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო(?!)

მსოფლიო ფეხბურთი აქამდე არნახული მასშტაბის სკანდალში ეხვევა. მიშელ პლატინიმ უეფას თავკაცის პოსტზე ასვლისთანავე გასცა დაპირება, რომ ფეხბურთს მიტმასნილი მაქინატორებისგან გაწმენდდა. სიტყვას საქმეც მოჰყვა და მთელი ევროპა შოკირებულია სენსაციური ცნობებით - 9 ქვეყანაში გარიგებული მატჩების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პლატინის ინიციატივას, მართალია, ჯერ გაუბედავად, მაგრამ საქართველომაც აუწყო ფეხი. ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეულმა აღმასკომის ცნობილმა სახემ, თბილისის საპატრულო პოლიციის შეფმა გიორგი გეგეჭკორმა სკანდალური განცხადება გააკეთა ქართულ საფეხბურთო სამყაროში არსებული სიბინძურის შესახებ. მისი თქმით, დიდი ხანია არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი და ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის არიან დაჯარიმებული.  გარდა ამისა, ჩვენი "საამაყო" ეროვნული გუნდის" ზოგიერთი "ვარსკვლავი" თურმე ტოტალიზატორებში ნაკრების წაგებაზე მსხვილი ფსონების დადებასაც არ თაკილობდა. გეგეჭკორის განცხადებით, მან ეს ფაქტები ფეხბურთის ფედერაციის წინა თავკაცებს აცნობა, მაგრამ ჩვენში მიღებული წესის თანახმად, ამ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან "ვიღაცების" განაწყენებას მოერიდნენ"(?!).  იმაზე კი არავის უფიქრია, რომ უკვე რამდენი წელია, რაც ამ ბედოვლათების შემყურე ქართველი გულშემატკივარი განაწყენებული და გულმოკლულია ეროვნულ ნაკრებად წოდებულ უთავმოყვარეოთა კრებულის სამარცხვინო შედეგებით.

გასულ პარასკევს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე გარდა ნარკომანი ფეხბურთელისა, საუბარი იყო აუდიტორთა რევიზიის დასკვნაზეც, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ჩვენი ფეხბურთი ავგიას თავლაა და მას დიდი წმენდა სჭირდება. ახალმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ენერგიულად დაიწყო საქმიანობა, მაგრამ რამდენად პრინციპული იქნება შემდგომში და როგორი სიმკაცრით გაწმენდს ამ "თავლას"", ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ფეხბურთის ბედ-იღბალი. რაც უნდა დასანანი იყოს, როცა მინდორზე მომავალი თაობისთვის მისაბაძი ფეხბურთელი "კაიფში" გამოვა და მთელ საქართველოს ასე ცინიკურად "ეკაიფება", ის ფეხბურთს აღარ უნდა გააკარო. უნდა მოკვეთო ის მწვრთნელებიც,  რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ბავშვთა ფეხბურთში ტალანტების აღზრდა ითავონ და რეალურად კი სწორედ თავი აქვთ დაკარგული ნარკოტიკებისგან. თუ ეს ფაქტები იცოდნენ ფედერაციის წინა თავკაცებმა, რატომ დუმდნენ? ვის განაწყენებას მოერიდნენ? განა მათ ნაკლები ტალახი ხვდებოდათ ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობის გამო? მაშ, ვის ეფარებოდნენ ამბრაზურასავით?

რაც შეეხება ტოტალიზატორებში ნაკრების წაგებაზე ფსონების დადებას, ამაზე დიდი სულმდაბლობა ძნელად წარმოსადგენია. რა დასამალია და, ყველას დაგვიდვია ფსონი ამა თუ იმ თამაშზე, ცდუნებაც დიდი ყოფილა საქართველოს წაგებაზე გვარიანი თანხის მოგებისა (მე შენ გეტყვი და არ გაგვიმართლებდა?), მაგრამ ალალად ვიტყვი, მიუხედავად გულგატეხილობისა და წყენისა, ვერასოდეს ვიმეტებდით ჩვენს ეროვნულ გუნდს საამისოდ, არასოდეს გაგვქცევია ხელი მის მარცხზე ფსონის დასადებად.  შესაძლოა, ვიღაცამ სისულელედაც მიიჩნიოს ასეთი გულუბრყვილობა, მაგრამ გამგები გამიგებს.  რამდენი "თავგადაკლული" ფანი ვიცი, ვენებს რომ იჭრის საქართველოს ნაკრების "სიყვარულით", მაგრამ მაყუთს ღუნავენ "მის წაგებაზე დადებული ფსონებით. ეს მათი პირადი საქმეა და ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ სწორედ ამ მაყუთმა" დაასამარა ქართული ფეხბურთი.  მოთამაშე, რომელიც საკუთარი ქვეყნის წაგებაზე ფსონს ჩავა და მერე მინდორზე ფეხბურთის ნაცვლად "ბალეტს" იცეკვებს", გაირჯება გულიანად? ჩვენ კი გავიძახით - სამშობლოო... ერის ღირსებაო... ქვეყნის სიყვარული და თავდადებაო... ამათ სამშობლოც და ერიც ბუცის წვერზე ჰკიდიათ და ფულის გარდა აღარაფერი აინტერესებთ(!)...

ახლა მთავარი: თუ ეს მართალია და მხოლოდ პიარკამპანიის ჩვეული ელფერი არ დაჰკრავს, მაშინ ყველაფერი ბოლომდე უნდა იყოს ნათქვამიც და გამომჟღავნებულიც. ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი თუ დამლაგებელი, ვინც ქართულ ფეხბურთსა და გულშემატკივრების გრძნობებზე "კაიფობ" ან "უკაიფია", უნდა დასახელდეს, რათა ხალხმა იცოდეს, ვის უხდიდა ფულს და ვის უკრავდა ტაშს ამ "კაიფში"; ვინ იგდებდა მასხრად გულშემატკივრებს და ვინ რა თანხებს "ჭრიდა" ტოტალიზატორებში თუ მინდორზე ქართული ფეხბურთის დაქცევის ხარჯზე; ვინ "გულაობდა" "ჩვენი ბავშვების გაწვრთნაში აღებული ფულით საფეხბურთო სკოლებში და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი სიბინძურე და უბედურება ტრიალებს ამ სფეროში...

p.s. ზვიად სიჭინავამ ფედერაციის სხდომაზე აუდიტის დასკვნა რომ წარადგინა, ასეთი პარადოქსიც გაირკვა: ფეხბურთის ფედერაციის შენობაც და ეროვნული სტადიონის 5%-იანი წილიც ბანკების ვალებში ყოფილა ჩაგირავებული(?!). ამ ფულის მსუყე ნაწილი კი - 3 მილიონი ლარი - შებერტყილი გერმანელის, ტოპმიოლერის ჯიბეში წასულა, რადგან მასთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში მითითებული ყოფილა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში ჰერ კლაუსს შეეძლო გერმანულ სასამართლოში ეჩივლა(?!). და როგორ დამთავრდა ყველაფერი? - ამათ გაწყვიტეს კონტრაქტი, ტოპმაც იჩივლა და ექვსნიშნა კომპენსაციაც მიიღო(!)...

ამაზე იტყვიან, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო(?!)...

ახალსოფლელებისა არ იყოს, ჩვენი არც ფეხბურთი ვარგა და არც სასამართლო,  "ამი დედა ვატირე"...