ქართული საოცრება კიუსიუზე - კვირის პალიტრა

ქართული საოცრება კიუსიუზე

რაც უნდა საკვირველი იყოს, კუნძულ კიუსიუზე გამართული ნოემბრის ბაშო სამივე ქართველმა ფალავანმა დადებითი ბალანსით დაასრულა

და მომავალ წელსაც სუმოს ელიტურ დივიზიონში შეხვდება. სასიხარულოსთან ერთად, ეს ყველაფერი საოცარი კი იმიტომ არის, რომ წლის უკანასკნელი სუპერტურნირის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, კოკაიც (ლევან ცაგურია) და გაგამარუც (თეიმურაზ ჯუღელი) შავ დღეში იყვნენ და დადებითი ბალანსის დასაბევებლად, მათ ყველა ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროებოდათ. საბედნიეროდ, მობილიზება ორივე ქართველმა გოლიათმა შეძლო და ტურნირი ერთნაირი - 8:7 ბალანსით დაასრულა. კოკაისგან ეს ნაკლებად გვიკვირს, - სუმოს პირველი ევროპელი ფალავანი გამოცდილი მებრძოლია და ნოემბრის მსგავსად, სექტემბრის ბაშოზეც ბოლო ტურამდე გვანერვიულა. აი, ელიტური დივიზიონის დებიუტანტ გაგამარუსგან კი უმძიმესი სიტუაციიდან "გამოძრომა" ორმაგად დასაფასებელია.

რაც შეეხება მესამე ქართველს, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კიუსიუში მართლაც საოცრება ჩაიდინა. ელიტური დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტმა (ლევანი 22 წლისაა) ნოემბრის ბაშოზე ფანტასტიკურად იჭიდავა, ტურნირი 12:3(!) ბალანსით დაასრულა და თვით ჩემპიონთა ჩემპიონს, ლეგენდარულ იოკოძუნა ასაშორიუსაც კი გაასწრო. ტოჩინოშინზე წინ მხოლოდ ჰაკუჰო აღმოჩნდა, რომელმაც ბაშოზე ყველა ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასს დაეუფლა. ტოჩინოშინმა ტურნირის ბოლო ბრძოლა ჰოკუტორიკისთან კი წააგო, მაგრამ საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა და რეიტინგშიც აუცილებლად დაწინაურდება. აღსანიშნავია, რომ ერთ ბაშოზე 12 მოგებით გორგაძემ 2008 წლის მარტში კოკაის მიერ ნაჩვენები "ქართული რეკორდი" გაიმეორა.