"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ" - კვირის პალიტრა

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ"

ზაზა ფაჩულია გაზეთის გასულ ნომერში, რუბრიკა "პა-სპორტში" გვყავდა სტუმრად და მისგან ხალისიანი პასუხებიც მივიღეთ. თუმცა, ამჯერად საქმე გაცილებით სერიოზულადაა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანთან კიდევ ერთ ინტერვიუს ამიტომაც გთავაზობთ. გასულ კვირას 29 წლის კალათბურთელმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და კალათბურთის თამაშს უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკრებს კაპიტანი მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც დააკლდება! ქირურგიულ ჩარევას დაგეგმილზე ნაკლები დრო დასჭირდა და გაჩნდა იმედი, რომ ნაკრების კაპიტანი ევრობასკეტამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, თუმცა, თავად ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ ფიქრობს:

- ოპერაცია შარლოტში, ექიმ ანდერსონთან გავიკეთე. ის ამერიკული ფეხბურთის გუნდის "კაროლინა პანტერსის" ექიმიც არის და მსგავს  ამბებშიI ძალიან გამოცდილია. ჩემთვის პირველი ოპერაცია იყო და ცოტა ვინერვიულე, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექიმებს იმაზე უკეთესი მდგომარეობა დახვდათ, ვიდრე ტომოგრაფიიდან ჩანდა, საათ-ნახევრის ნაცვლად, 45 წუთში დაამთავრეს...

- ეს რეაბილიტაციის ვადაზეც იმოქმედებს?

- მეც გამიხარდა, უფრო სწრაფად გამოვჯანმრთელდები-მეთქი, მაგრამ... ექიმმა მითხრა, რომ სრულად გამოჯანმრთელებას მაინც ექვსი თვე დასჭირდება... ძვლისა და მყესის შეხორცებისთვის დიდი დროა საჭირო. კარგი ის არის, რომ ეს ტრავმა აღარასდროს შემაწუხებს.

- იყო შანსი, ოპერაციის გარეშე გადარჩენილიყავი? დროებით მაინც...

- შანსის რა გითხრათ, მაგრამ მცდელობა ნამდვილად გვქონდა. პროგრესის მოლოდინში, ამიტომაც დავიცადეთ თითქმის ერთი თვე, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა. საბედნიეროდ, აქილევსის მყესი სრულად კი არა, სანახევრად იყო გაწყვეტილი, თორემ ერთი წელიწადი მაინც გამიცდებოდა.

- ევრობასკეტზე შენი თამაში გამორიცხულია?

- ვიცი, რომ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ეს აინტერესებს. ევროპის ჩემპიონატს მეც სულმოუთქმელად ველოდი, მინდოდა, კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ მეთამაშა. მსოფლიოს საუკეთესო ცენტრების - ძმები გასოლების, გორტატის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნებოდა. თუმცა, სანამ ნაკრებამდე მივალთ, ჯერ სხვა პრიორიტეტებია: გამოსაჯანმრთელებლად ყოველი დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო, ახალ კონტრაქტზე უნდა ვიფიქრო და ა.შ. ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი ვხდები და ფრთხილად უნდა ვიყო - სპორტსმენი, შესაძლოა, უწყინარ სიტუაციაშიც კი დაშავდეს, ტრავმირებულს კი კონტრაქტს ვინ გაგიფორმებს?! თუ ასი პროცენტით არ ვიქნები მზად, ნაკრებში თამაშს კი არა, ვარჯიშის დაწყებასაც ვერ გავრისკავთ... არადა, შესაძლოა, ნაკრებში ერთი-ორი კვირა დამეგვიანა ხოლმე, მაგრამ ახლა საერთოდ ჩაუსვლელობას და უკალათბურთოდ ყოფნაზეა ლაპარაკი და ვიცი, ძალიან გამიჭირდება.